"ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო" - კვირის პალიტრა

"ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო"

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტება გააკეთა.

ცინცაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღო.

მისივე თქმით, პირად შეურაცხყოფაზე პასუხი ყოველთვის პირადად იქნება გაცემული.

"ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში ყველანაირ ჩარჩოს გასცდა, მე და ყველა ჩემი კოლეგა გალანძღა. არაკაცები და ფარჩაკები გვიწოდა. ეს სიტყვები ჩვენ ნამდვილად არ გვეკუთვნის იმ ადამიანისგან, რომელიც რუსთაველზე დადიოდა და ქართველ ხალხზე იძახდა, ეს ნაგავი გაიტანეთო", - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

იხილეთ ასევე: "მე ეს თვალი დამილურჯდება, მაგრამ ესენი არჩევნებში გალურჯდებიან"

"ინტერპრესნიუსი"