ასეთ რამეს გამყინვარებას გადარჩენილი დინოზავრი თუ გადაიტანს - კვირის პალიტრა

ასეთ რამეს გამყინვარებას გადარჩენილი დინოზავრი თუ გადაიტანს

- გამარჯობა, დინოზავრო.

- გამარჯობა, პრეზიდენტო.

- აბა, როგორი იყო?

- ბრწყინვალე, როგორც ყოველთვის, ფორმაში ხართ. მარტო ის რად ღირს, ჩემს მღვიმეში რომ მოიფიქრეთ სხდომის გამართვა. ეს თქვენს უშრეტ ფანტაზიაზე მეტყველებს.

- ეჰ, შენ არ იცი, რამდენს ვფიქრობ. დღე და ღამეს ვასწორებ, რომ რაიმე ორიგინალური მოვიფიქრო. რა გინდა, მღვიმე მაგრად გაგიპიარე. მოგაწყდებიან აწი ტურისტები.

- ე.ი. დამთავრდა მშვიდი ცხოვრება. რამ გათქმევინათ, დავიშალეთ, ვიდრე დინოზავრს გავუყრივართ თავისი სამფლობელოდანო. ხომ იცით, უკვე რამდენიმე მილიონი წელია ვიმალები. ამ ხნის განმავლობაში მარტო თქვენ გაგენდეთ და გეჩვენეთ, თქვენ კი პირდაპირ ეთერში გამოაცხადეთ.

- ნუ ღელავ, ეს ყველას ხუმრობა ეგონა. ამას ვინ დაიჯერებს?

- ეჰ, თქვენ ხალხს ისეთ რამეებს აჯერებთ, არ გამიკვირდება, ესეც დაგიჯერონ.

- რა?

- არაფერი, სხვა მიზეზიც მაქვს. ერთ-ერთი მღვიმისთვის პრომეთეს სახელი რამ დაგარქმევინათ?

- ესეც ტურისტების მოსაზიდად გავაკეთე.

- ტურისტები კარგია, მაგრამ რა შუაშია პრომეთე სათაფლიასთან? მე როგორც მახსოვს, ეგ კაცი კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვეს.

- შენ ამდენი საიდან იცი?

- კაცო, მე დინოზავრი ვარ, სულელი კი არა? ტურისტმა გიდს რომ ჰკითხოს იგივე, რა უნდა უპასუხოს: ვიდრე ღმერთები დაიჭერდნენ, აქ, ამ მღვიმეში იმალებოდა, კონსპირაციული ბინა ჰქონდაო?

- რა მექნა? პრომეთეს სახელი რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენო?

- ისე, პრომეთეს ძალიან უცნაურად გადაეკიდეთ. ჯერ ძეგლი დაუდგით თბილისში,  შემდეგ ააღებინეთ. თუ მაინცდამაინც ვერ ეშვებით, იქნებ მესტიაში, ახალგახსნილ სათხილამურო კურორტზე, რომელიმე ტრასისთვის მიგენიჭებინათ პრომეთეს სახელი? კავკასიონის ქედია მაინც. განა ცუდად იქნება: "პრომეთეს ტრასა"?! დაეშვება ტურისტი ტრასაზე და წარმოიდგენს, რომ აწყვეტილი პრომეთეა, რომელიც თავისუფლებისკენ თავქვე მიექანება.

- ვიფიქრებ მაგაზე.

- ისე, თქვენს მთავრობას რომ ვუყურებ, მგონი, მარტო მე არა ვარ ერთადერთი გადარჩენილი დინოზავრი. მთავრობაშიც უნდა გერიოთ...

- ვინ, მერაბიშვილი?

- არა, რა მერაბიშვილი!

- აბა, ადეიშვილი?

- არც ეგ.

- არ მითხრა ბენდუქიძეო, ეგ ხომ მთავრობის წევრი აღარაა. გოგა ხაჩიძე?

- რა გიკვირს? რაც მინისტრი გახდა, მის უწყებაში ყოველდღე ერთ მექრთამეს მაინც იჭერენ. თავად არ თქვით, მარტო სატყეო დეპარტამენტში ასი კაცი დავიჭირეთო? გასულ პარასკევს დეპარტამენტის უფროსსაც დაადეს ბორკილები (რომელიც რატომღაც მინისტრის მოგვარე აღმოჩნდა). დღესაც ამ თემაზე საუბარი ისე დაიწყეთ, ვიფიქრე, დამთავრდა ხაჩიძის საქმე-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჰოდა, მარტო ერთ დეპარტამენტში ას კაცს რომ დაგიჭერენ თავის უფროსიანად და შენ ისევ მინისტრად რჩები, დინოზავრი ხარ, აბა რა! ასეთ რამეს მხოლოდ გამყინვარებას გადარჩენილი დინოზავრი თუ გადაიტანს.

- ნუ იკრიჭები. ხაჩიძის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება.

- არა, ეჭვი არც მე მეპარება, მაგრამ ხომ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება?

- შენ ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გისწავლია.

- ასეთი რა სიმღერა დაწერა მაგ საზიზღარმა, ა?

- რა თქვი?

- არაფერი, გავიფიქრე, თქვენგანაც კარგი დინოზავრი გამოვიდოდა.

- ვითომ?

- დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ დინოზავრი ყოფილიყავით, დინოზავრები არასოდეს გადაშენდებოდნენ.

კიდევ ორი დიალოგი

კრემლი. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პუტინი საქველმოქმედო საღამოზე დასავლელი სუპერვარსკვლავების წინაშე იმღერებს:

- დიმა, მაგარი იდეა მაქვს.…

- რა იდეა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ?

- როგორ გავამწაროთ სააკაშვილი! ყველაფერში ხომ მბაძავს და მეჯიბრება? თვითმფრინავით ვიფრინე - იფრინა, გავიხადე - გაიხადა...

- ეგ რაა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, უფრო სერიოზულ რაღაცებშიც გბაძავთ. ტელევიზიები ხელში ჩაიგდეთ, - იმანაც ჩაიგდო, ბიზნესი დაიმორჩილეთ, - იმანაც დაიმორჩილა...

- ეგ ძველი ამბავია. ახლა ისეთი რამ უნდა გავაკეთო, რასაც ვერაფრით გაიმეორებს.

- მაინც რა?

- უნდა ვიმღერო!

- რა?

- როგორც საქართველოს მთავრობაში ჩანერგილი ჩვენი აგენტები მატყობინებენ, მას სმენა არა აქვს.

- ეგ რომელი აგენტები, პანტაპუნტით რომ იჭერენ?

- რამდენიც უნდათ, იმდენი დაიჭირონ. საქართველოში ჩვენს აგენტებს რა დალევს! კონა ორ შაურადაა.

- მაინც ტეხავს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ასე ხშირად რომ იჭერენ.

- შენ რა საქართველოს განათლების მინისტრივით მელაპარაკები, სად ისწავლე ეს სიტყვა "ტეხავს"... არ შეგშვენის, პრეზიდენტი ხარ მაინც. გირჩევნია, ის მითხრა, როგორი იდეაა?

- გადასარევი, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! ამას რომ ნახავს, ერთი ადგილით კაკალს დაამტვრევს?

- რას იზამს?

- ქართული გამოთქმაა ასეთი, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ.

- შენ საიდან იცი ქართული გამოთქმები, საკუთარი აგენტებიც ხომ არა გყავს კავკასიაში? იქნებ საკუთარი თამაში წამოიწყე, ჰა?

- როგორ გეკადრებათ, უბრალოდ, ლუჟკოვი რომ მოვხსენით, ზურაბ წერეთელმა მითხრა, ისეთ დღეშია, ერთი ადგილით კაკალს ამტვრევსო.

...თბილისი, პრეზიდენტის სასახლე. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პუტინმა საქველმოქმედო საღამოზე სუპერვარსკვლავების წინაშე იმღერა:

- ნიკა, ხომ ხარ კულტურის მინისტრი?

- მერე?

- ჰოდა, თუ არ გინდა, გითხრა, იყავი-მეთქი, რამე მოიფიქრე. ვერ ხედავ, პუტინმა რა პენალტი დაგვირტყა?

- ჰო, თანაც ვარსკვლავების წინაშე იმღერა. დეპარდიეც კი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს.

- მერე, ჩვენ რა ვქნათ?

- მოემზადეთ საახალწლოდ, იმღერეთ და ტაშს თვით ანდრეა ბოჩელის დავაკვრევინებთ.

- არ გამოვა, ეგ კაცი უსინათლოა, ყრუ კი არა.

- ტაშის დაკვრაში ცალკე გადავუხდით. კონტრაქტში ჩავუდებთ: "ტაშს დაუკრავთ, როდესაც გეტყვით, დამატებით ასი ათას დოლარს მიიღებთ". რა გვენაღვლება?

- მაინც არ გამოვა, ოპოზიცია ატეხს ერთ ამბავს, სიმღერა თუ არ იცოდა, რას მღეროდაო.

- მასე თქვენ არქიტექტურაც არ იცით, მაგრამ...

- რა თქვი?

- არაფერი, ოპოზიციას ნეტავ ვინ უსმენს-მეთქი. ისე აქვთ სახელი გატეხილი, ხალხს მაგათ ჯინაზე მოეწონებით. თან აგერ არ არის ჩვენი პროპაგანდის მანქანა? "იმედის" ეთერში "ზუმბა" და "33-ა" გამოვლენ და თქვენს ვოკალურ მონაცემებს ხოტბას შეასხამენ, "რუსთავი 2"-ზე მარინა ბერიძე და ნინა წკრიალაშვილი ისე შეგაქებენ, რომ ეჭვი არავის გაუჩნდება.

- "პირველი არხი?"

- რამ გაგახსენათ, ბატონო პრეზიდენტო? ნეტავ მაგ არხის შენახვაში ფულს არ ვყრიდეთ...

- რა თქვი?

- არაფერი, პუტინს შევაგინე ჩუმად.

- რატომ, ჩუმად?

- მომერიდა, კულტურის მინისტრი ვარ მაინც.

- გირჩევნია, გამოსავალზე იფიქრო! სიმღერის ვარიანტი არ მომწონს. დასავლური პრესა დამცინებს.

- გეტყვით, რაც უნდა ვქნათ. ცეკვა უნდა ისწავლოთ, შედარებით მარტივია. "დონ კიხოტს" დავდგამთ და თქვენ ნინო ანანიაშვილს გაუწევთ პარტნიორობას. ქალების ხელში ატაცება მაინც გიყვართ, ერთს აიტაცებთ, ერთს დააბზრიალებთ და სულ ეს არის. დანარჩენი თვითონ იცის...

- არ გამოვა. რომ დამივარდეს? ვაშაძეს რა ვუთხრა მერე?

- ერთ კვირას გაძლევ. თუ ვერ მოიფიქრებ, მთელი ცხოვრება სანჩო პანსას ვირის როლზე იოცნებებ. ჰო, მანამდე, აი, როგორ გაამწარებ რუსებს: ნანი ბრეგვაძის კონცერტია დაგეგმილი რუსეთში, ჰოდა, ნანის ეტყვი, რომ რუსეთში ფეხი არ გაადგას. მაგათ პუტინის სიმღერაც ეყოფათ!

- ჰა, ჰა, ჰა! რა მაგარია, ბატონო პრეზიდენტო!

კვირის ფრაზა

"სხვა დროსაც სათაფლიის ან პრომეთეს რომელიმე ფერად დარბაზში ჩავატარებთ მთავრობის სხდომას. ახლა კი დროზე წავიდეთ აქედან, სანამ დინოზავრს გაუღვიძია და გავუყრივართ თავისი სამფლობელოდან".

მიხეილ სააკაშვილი. 17 დეკემბერი, მთავრობის სხდომაზე სათაფლიის მღვიმეში