ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს? - რა ხდება აფხაზეთში და ვინ არის კრემლის კარზე გაზრდილი ინალ არძინბა
ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს? - რა ხდება აფხაზეთში და ვინ არის კრემლის კარზე გაზრდილი ინალ არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბჟანიას წარმომადგენლის, რენატ კარჩაას თქმით, ის კომიდან გამოვიდა, ადეკვატურად პასუხობს ყველა კითხვას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თავის დაქნევით.

"არის აშკარა დადებითი დინამიკა. კომა ხელოვნური, მედიკამენტური იყო. ის მისი ჯანმრთელობის დასაცავად გაკეთდა, ახლა ეს დაცვა მოიხსნა. ასლან ბჟანია გამოვიდა კომიდან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მან.

მომხდარის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აფხაზური
მედიის ინფორმაციით, ბჟანიას მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნები, რომელშიც მას მონაწილეობა უნდა მიეღო 22 მარტსაა დანიშნული.
ასლან ბჟანია
ამ ცოტა ხნის წინ, ასლან­ ბჟანიასთან ინტერვიუ ჩაწერა სააგენტო "ინტერპრესნიუსმა", რომელშიც გამოთქმულ აზრს, "სოხუმსა
და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს! როგორ ფორმატში და რა ფორმით, მნიშვნელობა არა აქვს", აფხაზეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სერგეი შამბასა და ასლან ბჟანიას ქართულ მედიასთან გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თბილისთან პირდაპირი დიალოგი საჭიროა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მწვავე რეაქცია მოჰყვა. "აფხაზური მხარე გაკვირვებულია პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ინალ არძინბა აფხაზეთში­ რუსული პოლიტიკის პირდაპირ გამტარებლად ითვლება


ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ პოსტებს­ მისი "ხელისუფლების" მაღალჩინოსნებიც ტოვებენ - გადადგა უშიშროების მდივანი­ მუჰამედ კილბა, მას მიჰყვა­ პირველი ვიცე­-პრემიერი დაურ არშბა,­ თუმცა ისინი მაინც აქტიურობენ - თავიანთ გარემოცვასა და აფხაზურ ე.წ. ელიტასთან ერთად, რომლებიც ხაჯიმბას პოლიტიკით უკმაყოფილო იყვნენ, კრემლის კარზე გაზრდილ 30 წლის ინალ არძინბას აპიარებენ. ინალი აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.

ახალგაზრდა არძინბამ უკვე დააანონსა ახალი ოპოზიციური პარტიის "აფხაზეთის მომავალის შექმნა". პარტია, დიდი ალბათობით, 22 მარტს დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს. თავად არძინბას ასაკი არ უწყობს ხელს, თუმცა, ფაქტია, პარტიის სახელით გასული ფიგურის უკან ის და მისი გუნდი იქნებიან.
ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილის ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს­ თავმჯდომარეა. წლების წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრ­აციის (აფხაზეთისა და"ე.წ. სამხრეთ ოსეთის"რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში) დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის ფავორიტია. მისი აფხაზური წარმოშობისა და პირველ "პრეზიდენტთან" ნათესაობის მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობაში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება. კერძოდ, ინალ არძინბა აფხაზეთში­ რუსული პოლიტიკის პირდაპირ გამტარ­ებლად ითვლება.

აფხაზეთში­ პოლიტიკურთან ერთად საეკლესიო განხეთქილებაა - აფხაზი­ სასულიერო პირი დოროთეი დბარი ეკლესიის წინამძღვარს, ბესარიონ აპლიას უპირისპირდება. აპლია აფხაზური ეკლესიის რუსეთთან მიერთების მომხრეა. ის ათონის­ მონასტერში გადავიდა, სადაც­ დიდი მრევლი შემოიკრიბა. დბარი კი უკვე წლებია კონსტანტინოპოლის ეკლეს­იისგან "აფხაზეთის ეკლესიისთვის" ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვს. აფხაზი საზოგადოების ამ ნაწილისთვის ინალ არძინბა მიუღებელია.

ინალ არძინბას მამა, ბათუ არძინბა 1992-1993 წლებში აფხაზეთის საომარი მოქმედებების მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია. სოხუმში სკოლის დამთავრების შემდგომ მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხა, რადგან აფხაზებისთვის გამოყოფილი კვოტებით ისარგებლა.

სწავლის პარალელურად წიგნი "აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა" გამოსცა, სადაც 2020 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისადმი ახალი მიდგომებია განხილული. წიგნის ერთ-ერთი­ რეცენზენტი აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბია.

ამბობენ, რომ ინალ არძინბა საკმაოდ მკაცრია, ან უბრალოდ, საქმიან იმიჯს იქმნის, რის გამოც "დობე­რმანი" შეარქვეს."ის სრულყოფილად საუბრობს­ რუსულ და ინგლისურ ენებზე, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ფორუმში, რის გამოც მოსახლეობა მას ირონიით პუტინისა და სურკოვის სავიზიტო ბარათსაც უწოდებს.

როგორია აფხაზეთის მოსახლეობის განწყობა


რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ აფხაზეთში დროებით ჩამქრალმა პოლიტიკურმა ხანძარმა ოპოზიციის ლიდერების მიერ ქართულ მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისევ იფეთქა. არადა, ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების სტატუსით მოიხსენიებდნენ. ის აფხაზები, ვინც მართლაც ფიქრობენ, რომ ქართულ მხარესთან პირისპირ მოლაპარაკება აუცილებელია, ხაჯიმბას მომხრეებმა დუელშიც კი გამოიწვიეს. სხვების თქმით, ახლა აფხაზეთში არსებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რეალობა ახალი და უჩვეულოა, რადგან გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკების ინიციატივაზე საჯაროდ ლაპარაკობენ. ჯერჯერობით იმაზე საუბარი, რომ აფხაზები ქართველებთან შერიგებასა და მით უფრო, თანაცხოვრებაზე ფიქრობენ, ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ ხაჯიმბისტების გააფთრებულ შემოტევებს აფხაზი საზოგადოების ნაწილი არგუმენტირებული პასუხებით უმკლავდება. მათი თქმით, აფხაზეთი თითქმის 30 წელია დამოუკიდებელია, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა უწყებებმა,­ მათ შორის, სასამართლო სისტემამ, ჯარმა, შსს-მ­ და ვერც ერთმა სხვა ორგანომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნები ვერ შეიძინეს. რეგიონში კლანური მმართველობა ერთმანეთს ენაცვლება და ამასობაში ქვეყანა, მოსახლეობა, ეთნოსი ნადგურდება...

"საქართველოს შემადგენლობაში დაბ­რუნება არც ერთ ლიდერს არ უხსენებია,­ მათ ილაპარაკეს საქართველოსთან მეზობლ­ურ ურთიერთობებზე, რადგან ჩაკეტილობამ არაფერი მოგვიტანა და უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოზე მეტად­ ჩვენ ვზარალდებით, რადგან გვინდა თუ არა ამის აღიარება, მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული", - წერს აფხაზი პუბლიცისტი ფატიმა ბჟანია.

"არ მესმის, დიალოგის გარეშე როგორ­ უნდა მოაწეროს ხელი ქართულმა მხარემ­ მშვიდობიან შეთანხმებას? დიალოგი­ გვჭირდება და მერე როგორ?! მზად უნდა ვიყოთ დიალოგისთვის, რადგან დავუშვათ, პუტინი მოკვდა, მერე რას შვრებიან აფხაზეთში­ "პუტინის პატრიოტები"? მით უფრო, თუ რუსეთის ხელისუფლებაში ის ხალხი მოვა, ვისაც არაფერში ვჭირდებით და შესაძლოა ­ ყირიმის­ ოკუპაციის გამო რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოსახსნელად რაღაც გარიგებაზეც კი წავიდნენ...­ აი, მაშინ დაიწყებს ჩვენი ხელისუფლება ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას, მაგრამ გვიანი იქნება, რადგან ენგურს იქით მყოფები ბევრად მომგებიან პოზიციაში იქნე­ბიან", - წერს აფხაზი პუბლიცისტი დავით გობეჩია.

"ჩვენ შორის კონფლიქტი უნდა დასრულდეს. დრო არ ითმენს. მე ომის შემდეგ დავიბადე და როდესაც ჩემს სოხუმელ თანატოლებს ვუყურებ, ვაცნობიერებ, რომ დრო აღარ გვაქვს", - წერს აფხაზი ანრი აგირბა.

ცნობისთვის: აქამდე განსხვავებული პოზიციების გამოხატვას აფხაზები ფსევდონიმებით ცდილობდნენ, რადგან მათ მოღალატეებს უწოდებდნენ და დევნიდნენ.. აფხაზების თქმით, რეგიონი ბოლო წლებში წალეკა კორუფციამ, ბანდიტიზმმა, ადამიანების გატაცებამ, შეკვეთილმა მკვლელობებმა, ნარკომანიამ.

ბჟანია და ხაჯიმბა ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მეგობრობენ?


ჩვენს მკითხველს, ალბათ, ახსოვს გასული­ წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში სამმაგ მკვლელობასთან დაკავშირებული პროცესები. ფაქტობრივად, ეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადასაყენებლად ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მაშინ ხაჯიმბას ოპოზიცია პირდაპირ ამბობდა, რომ მათი "პრეზიდენტი" რეგიონში ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს მფარველობდა, რადგან მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით მისი პირადი დაცვის წევრი და ძმები დათო და დემურ ახალაიები დააკავეს. ერთ-ერთმა ყველაზე აგრესიულმა ლიდერმა, ახრა ავიძბამ, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა "პატრიოტად" და "გმირადაც" კი შერაცხა, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ხაჯიმბა ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მეგობრობს. თუმცა ამჯერად ხაჯიმბას ტროლები გააქტიურდნენ და სოცქსელში ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბის ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მოსკოვში გადაღებული ფოტო განათავსეს.

"ფოტოზე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად არიან ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლიდერები ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია... არადა, ხაჯიმბას ადანაშაულებდნენ მათთან ახლობლობაში. ამბობენ, რომ ბჟანიას ბერლინში მკურნალობაც სწორედ მათი დაფინანსებულია", - წერს ახრა ბაღაფში, რომელმაც ფოტო ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში განათავსა.

გიგა
05 მარტი 2020 03:30
როგორ უსამართლოდ მსჯელობს აფხაზი სახოგადოება. ქართველების გამოყრა უნდა შერჩეთ ? დააბრუნდება იქ ქართველობა და რეფერენდუმი გადაწყვეტს აფხაზეთის ბედს. ერთი სტადიონი 300 000 ვერ აჯობებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?