"დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე" - კვირის პალიტრა

"დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე"

"ქართული ოცნება" უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა ისტორიაში შევიდეს - როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნით ატარებს არჩევნებს და საკუთარი საზოგადოების ნებას მიიჩნევს უზენაესად, თუ ძალა, რომელიც მზად არის, ძალაუფლების წყურვილს ქვეყნის განვითარება ანაცვალოს"

ბოლო დროს უცხოეთიდან არ წყდება საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული შეფასებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო წესის შეცვლასა და პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. გასულ კვირას არაერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილობით მიმართა; მათგან ოთხის - ადამ კინზინგერის, ელიოტ ენჯელის, გერი კონოლისა და მაიკლ მაკკოლის ხელმოწერილ წერილში ლაპარაკია 2020 წლის არჩევნებზე და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე."

"აშშ-ის მხარდაჭერილ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკულ კომპანიებს პროექტში ჩართვაში ხელი შეუშალა. ამ მოვლენებმა, შესაძლოა, არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნესგარემოზე და შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხსა და მათ იმედებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში," - ვკითხულობთ წერილში. კონგრესმენების კრიტიკას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ორი წევრი შეუერთდა. რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ბრაიან ბაბინიმ და პიტ ოლსონმა ამის შესახებ "ტვიტერის" მეშვეობით განაცხადეს. ბრაიან ბაბინიმ წერილში ახსენა სანქციები, რაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს, პიტ ოლსონი კი წერს: "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, მან სისასტიკე გამოიჩინა სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ და ანტაგონისტურია აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყანას წაადგებოდა... ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!"

ადეკვატურად აფასებს თუ არა "ქართული ოცნება" შექმნილ ვითარებას და რა გახდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი კრიტიკული პოზიციის მიზეზი?

გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე

- მიზეზები კომპლექსურია, ბოლო წვეთი კი აღმოჩნდა პროპორციული არჩევნების ჩაგდება, მაგრამ პროცესი აქეთ მანამდეც მიდიოდა. ერთია რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლებისგან ვისმენდით და მეორეა ქმედებები, რასაც ამერიკელები ბოლო წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ. რას საყვედურობს ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას? პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას; სამართლიანი არჩევანის უფლებისთვის, შესაბამისად - თანასწორუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ხელის შეშლას, რის მაგალითადაც მოჰყავთ ოპოზიციონერი ლიდერების თაროზე შემოდებული საქმეების გახსენება და ძიების დაწყება; დასავლური ინვესტიციებისთვის გარანტიების არმიცემას, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის საკითხი;

ხელისუფლების მიერ საინფორმაციო სივრცის - სოციალური ქსელების არაკანონიერ გამოყენებას საკუთარი საზოგადოების ზომბირებისა და ანტიდასავლური განწყობის გაღვივების მიზნით. ეს საკითხი ეყრდნობა "ფეისბუკის" მიერ 300-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვას, რაც, "ფეისბუკისავე" განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისგან იმართებოდა.

ეს არის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზები. უარესი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი... კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, ანაკლიის პორტის აშენება, საქართველოსთან ერთად, იყო ამერიკის ინტერესი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერაო.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის მოკლე წერილი, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მწვავე იყო. მან "ტვიტერზე" დაწერა, საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებსო.

ამერიკელი კონგრესმენების განწყობებთან უნისონშია ევროპარლამენტარების განცხადებები. ამ კრიტიკულ შეფასებებს წითელ ხაზად გასდევს ერთი ფრაზა - თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ეჭვქვეშ დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ანუ დასავლეთისგან მისი შედეგების აღიარებაო, რაც "ქართული ოცნების" ჩატარებულ 2020-ის არჩევნებს კანონგარეშედ გამოაცხადებს.

ამავდროულად, იმატა სანქციებზე მინიშნებებმა. პირდაპირ ამბობენ, რომ კონგრესმა შეიძლება განიხილოს აქტი საქართველოში ბიზნესის სამართლიანი წესებით წარმოების მოთხოვნით, რომელიც სანქციების აქტი იქნება.

27 წელია, აქტიურად ვაანალიზებ პოლიტიკურ პროცესებს და შემიძლია ვთქვა, რომ მამა-ბუშის განცხადების შემდეგ, როდესაც მან გამსახურდიაზე თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, ასეთი მძაფრი შეფასებები ამერიკელებისგან არ მომისმენია.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ვშიშობ, რომ იქ უკიდურესად მწვავე და მზარდმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ დღის წესრიგში არ დააყენოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი, ან სხვა ტიპის არანაკლებ მძიმე სანქციები.

დღეს ქვეყანას სჭირდება, რომ ამ შეფასებებს საქართველოს ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს, რათა თავიდან ავირიდოთ დამანგრეველი შედეგები, რაც ამ შეფასებებს შეიძლება მოჰყვეს.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება ადეკვატურად აღიქვამს ამ განცხადებების სიმწვავეს? - დღეს რასაც ვაკვირდები, საქართველოს ხელისუფლება რაციონალურობისგან შორს დგას. პირიქით, მათსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ჩამოვარდნილ გაუცხოებას უფრო ამწვავებენ. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ ხელისუფლებამ არ იგრძნოს თავი კედელთან მიყენებულად, არ მიიჩნიოს, რომ მას მტრები ელაპარაკებიან და არ დაიწყოს "მოკავშირის" ძებნა ამ ვითომ მტრული განწყობის გასანეიტრალებლად. ეს მას უფრო გამოუსწორებელ შეცდომებს დააშვებინებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ მძაფრი კრიტიკის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების გარანტიებიც შესთავაზონ.

რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ის ვერ მოიყვანს საქართველოში აშკარად პრორუსულ უმრავლესობას, მაგრამ აუცილებლად ეცდება შეინარჩუნოს გავლენა, რომელიც წარმოუდგენლად გააფართოვა 2012 წლის შემდეგ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საინფორმაციო სივრცეში, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სრული კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღეს რუსეთი ახორციელებს სრულ და მასშტაბურ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დივერსიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რისი საბოლოო მიზანიც არის ქართველი საზოგადოების მენტალური კაპიტულაცია, უბრძოლველად ჩაბარება.

საინფორმაციო სივრცის ფლობა არის მისი მთავარი მიღწევა. აღარაფერს ვამბობ ანაკლიის პორტზე, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლებოდა ყოფილიყო და იქნება კიდეც ჩვენი ქვეყნის ადგილისა და როლის განმსაზღვრელი გლობალურ პოლიტიკაში. ეს ორი უმთავრესი რამ საქართველოს ხელისუფლებამ დათმო, შესაბამისად, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, საქართველოს ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის ჩათვლით, რომ ეს მოპოვებული გავლენები შეინარჩუნოს და თუ მიეცემა საშუალება, გაზარდოს კიდეც. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ამერიკა, როცა საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებზე ლაპარაკობს და უმწვავეს განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად უნდა ფიქრობდეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შეთავაზებაზეც.

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ორივეს - დასავლეთსა და რუსეთს - კოჭს ვეღარ გაუგორებს; ან ერთი უნდა აირჩიოს, ან - მეორე, ამიტომაც მას, გარდა კრიტიკისა, სჭირდება დაცვის მექანიზმების შეთავაზებაც.

- პროცესების განვითარება და დღეს შექმნილი ვითარება კვლავაც აქტუალობას სძენს კითხვას: ნუთუ "ოცნებამ" ვერ გათვალა, რომ მისი ბოლოდროინდელი ქმედებები ასეთ პროცესებს ჩაუყრიდა საფუძველს? - რაც ხდებოდა და ხდება დღესაც და რის შედეგებსაც ვიმკით, იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ზეწოლის ხარისხი და წინააღმდეგობის შესაბამისი პოლიტიკა ვერ თუ არ აამოქმედა. ბელორუს-რუსეთის ურთიერთობა იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ რუსეთი მანამდე არ მოისვენებს, სანამ საბოლოოდ არ გაგსრესს და სახელმწიფოებრიობას არ დაგათმობინებს. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ხელისუფლება ორმაგი წნეხის ქვეშაა, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ რუსეთი საქართველოს რუსულ სივრცეში კიდევ უფრო შესრუტვას ცდილობს, დასავლეთი კი "ქართულ ოცნებას" მისი ლიდერიანად დემოკრატიული თამაშის მინდორზე დაბრუნებას სთავაზობს. შეიძლება ასეც ითქვას: რუსეთი "ოცნებას" სახელმწიფოს ინტერესების დათმობის სანაცვლოდ ხელისუფლებაში დარჩენას სთავაზობს, ამერიკა კი - სახელმწიფოებრიობის დაცვას დემოკრატიული თამაშის წესების დაცვით! მაგრამ დღეს რუსეთის ზეწოლის პირისპირ საქართველოს მარტო დატოვება შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ამიტომაც ვლაპარაკობ დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის მიმართ უსაფრთხოების გარანტიების ამოქმედებაზე.

მაგრამ ერთია რუსეთის ზეწოლა და მეორეა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. თუ ხელისუფლება ამ სურვილმა ისე გადაძალა, რომ ნებისმიერი უკანონობის ჩადენა გაბედა, დასავლეთი მას პარტნიორად და დამცველად არ გამოადგება.

"ქართული ოცნება" უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა ისტორიაში შევიდეს - როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნით ატარებს არჩევნებს და საკუთარი საზოგადოების ნებას მიიჩნევს უზენაესად, თუ ძალა, რომელიც მზად არის, ძალაუფლების წყურვილს ქვეყნის განვითარება ანაცვალოს; ქვეყნის უახლესი ისტორია მას ხელისუფლების ცვლილების სამ მაგალითს სთავაზობს - გამსახურდიასი, შევარდნაძის და სააკაშვილის.

- ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იმედს მაინცდამაინც არ იძლევა. კახა კალაძისა და გიორგი ვოლსკისგან მოვისმინეთ, რომ თურმე 2020 წელს კი არა, 2024 წელსაც არ უნდა შემოიღონ არჩევნების პროპორციული წესი... ჩვეულებისამებრ ხისტი იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ოპოზიციას მიმართა: ან ჩვენს შემოთავაზებულ მოდელს დაეთანხმეთ, ან კიდევ საბოლოოდ გამოემშვიდობეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემასო... - ხელისუფლებას არც თავის გასამართლებელი არგუმენტები დარჩა დასავლეთთან და არც ადამიანები, ვისაც დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათი ნდობით სარგებლობენ. ხელისუფლების დასავლური ფლანგი სრულად მოშიშვლდა მას მერე, რაც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ "ქართული ოცნება" დატოვა პარლამენტის პროდასავლურმა ფრთამ. დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს დარჩა, მაგრამ ამ უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში ერთი ადამიანის იმედად დარჩენილი "ქართული ოცნება", რომელსაც ზურგს არგუმენტები და ფაქტებიც არ უმყარებს, რადიკალური ცვლილებების გარეშე დასავლეთის განწყობის სასიკეთოდ შემოტრიალებას ვერ შეძლებს, რადიკალური ცვლილებების სურვილისა კი "ოცნებას" არაფერი ეტყობა.

მეორე მხრივ, "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ დასავლეთის კეთილგანწყობაზე ხომ არ არის დამოკიდებული?! ეს, უპირველესად, დამოკიდებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. დღეს "ოცნება" ისეთ მდგომარეობაშია, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო... "ოცნებას" ძალიან ეშინია, რომ მისი ნებისმიერი დათმობა პროპორციული არჩევნების თემაზე და ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორებისკენ გადადგმული ნაბიჯი ამომრჩევლის თვალში სისუსტედ არ შეფასდეს.

ხელისუფლება ფიქრობს, თუ მისმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ იგი სუსტდება, შეიძლება მხარდამჭერები, მათ შორის - ადმინისტრაციული რესურსიც შემოეცალოს, რადგან ახსოვთ, როგორ შემოეცალა შევარდნაძეს 2003 წელს, არჩევნებამდე, მინისტრებით დაწყებული მთელი ვერტიკალი. ხისტი განცხადებებით საკუთარ მხარდამჭერებს უმაგრებენ გულს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, მგონია, რომ დღეს ყველას ამოცანაა, "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დავანახოთ გადარჩენისა და დასავლეთთან მისასვლელი გზები. გადარჩენაში ძალაუფლების გადარჩენა-შენარჩუნებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც მათ დემოკრატიულ სახეს შეუნარჩუნებს, მისცემს უსაფრთხოების და, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკაში იმ სტატუსით დარჩენის გარანტიებს, რა სტატუსსაც მათ 2020-ის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა განუსაზღვრავს.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს არც არჩევნებამდე და მით უფრო - არც მას მერე. ამისთვის მოსაძებნია ფორმულა, რომელიც "ოცნებას" მისცემს, ერთი მხრივ, საკუთარ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნების საშუალებას და დასავლეთისგანაც აღიქმება, როგორც რაციონალური ნაბიჯი და მეორე მხრივ - შექმნის სამართლიან საარჩევნო გარემოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.

პროპორციული არჩევნების ჩაგდების ნაცვლად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თავის დროზე "ოცნებას" დაეწყო მზადება კოალიციური მთავრობისთვის. ეს იქნებოდა მისი ყველაზე რაციონალური ნაბიჯი! ეს იქნებოდა კარგი გამოსავალი ივანიშვილისთვისაც, იმიტომ, რომ იგი პასუხისმგებლობას გაანაწილებდა სხვა პოლიტიკურ ძალებზეც.

- გია ხუხაშვილის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ პირადი უსაფრთხოების მიზნით სჭირდება... - ვფიქრობ, დღეს ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მისი გარემოცვა ცდილობს, რაც შეიძლება მრუდე სარკეში ჩაახედონ.

- ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, თურმე დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ოპოზიციის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის ბრალია... - კი მაგრამ, ხელისუფლებას რომ არ მიეცა მიზეზი, რას შეძლებდა ოპოზიცია? დავუშვათ, ეს ევროპარლამენტარები თუ კონგრესმენები ქართული ოპოზიციის ლობისტები არიან, მაგრამ თუ "ოცნება" არ მისცემდა საბაბს ანაკლიის პორტის პროექტისა თუ პროპორციული არჩევნების ჩაგდებით, ოპოზიციის ლიდერების მიმართ თაროებზე შემოდებული საქმეების გახსენებით, სასამართლო სისტემის "ჯიბეში ჩადებით", რის "ლობირებას" შეძლებდნენ ქართული ოპოზიციის "დაქირავებული" კონგრესმენ-ევროპარლამენტარები?!

თქვენი აზრით, ამდენი წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" გაშავების სურვილი არ ჰქონდა? მერე რას მიაღწია?! ვერაფერს, ვიდრე "ქართულმა ოცნებამ" არ მისცა ხელშესახები მიზეზი კრიტიკისთვის. ისიც საკითხავია, უზარმაზარი ფინანსური რესურსის მქონე "ოცნებამ" რით ვერ მოახერხა ამერიკელი კონგრესმენებისა თუ ევროპელი პარლამენტარების "დაქირავება" საკუთარი "სიმართლის" დასამტკიცებლად?!

- შეიძლება ითქვას, გაუგონარი თავდასხმა მოხდა სახალხო დამცველზე ხელისულების მხრიდან. თეა წულუკიანმა ომბუდსმენის წარმომადგენელთა დრესკოდის განხილვით პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ლამის ცირკად აქცია, რასაც მოჰყვა ინფორმაციის გასაჯაროება, თუ ვინ მოინახულა ნინო ლომჯარიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში... - აქამდე "ქართული ოცნების" შეცდომების ჩამონათვალში სახალხო დამცველის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების ხელყოფა არ იყო და ესეც მოახერხეს. რა მოიგეს ამით? რა წარმატება მოუტანა ხელისუფლებას მდინარაძის სატირალმა განცხადებამ, სახალხო დამცველი "ნაციონალ" პატიმრებთან იყო შესულიო?!… "ოცნება" იმასაც ვერ ხვდება, რომ პატიმარს პარტიულობა არა აქვს და ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმა მისი პარტიული კუთვნილების გამო დანაშაულია, რისკენაც მოუწოდა მდინარაძემ სახალხო დამცველს! ეს არის "ოცნების" გამრუდებული აზროვნების კიდევ ერთი ნიმუში. ეს არის სეგრეგაციის "ოცნებისეული" მეთოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ ვიდრე სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვას გადაწყვეტს, თურმე მისი პარტიულობა უნდა გამოიკითხოს.

რაც შეეხება წულუკიანის შეტევას სახალხო დამცველზე, აქაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობასთან გვაქვს საქმე.

ნათია დოლიძე