"ჩვენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასეთი კრიტიკული წერილები არ გვინახავს " - კვირის პალიტრა

"ჩვენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასეთი კრიტიკული წერილები არ გვინახავს "

დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- პოლიტიკური ვითარება უაღრესად რთულია, ეკონომიკა კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინფორმაციით, სომხეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გაუსწრო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს. უმძიმესი ვითარებაა დემოკრატიის თვალსაზრისითაც - გაუარესდა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე ძალიან რთული ვითარებაა კორუფციის კუთხითაც. ცხადია, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს განვითარებას ეღობებიან. ამაზე მეტყველებს ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები.

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ ასეთ წერილებს სააკაშვილიც იღებდა ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენებისგან, მაგრამ საზოგადოებას უმალავდა. - ასეთი წერილები ვერ დაიმალება. ჩვენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასეთი კრიტიკული წერილები არ გვინახავს. თუნდაც ყოფილიყო, ამით რისი თქმა უნდათ? 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების მარცხის მთავარი განმაპირობებელი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიცია იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "ოცნებაც" უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასაბარგებლად. სწორედ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი. საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლებისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან ფარულ კავშირში არასდროს ყოფილა დადანაშაულებული. მე არ ვეთანხმები პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განცხადებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე დაემუქრა. ევროპული გზა ქართველმა ხალხმა აირჩია, ივანიშვილის მთავრობა კი დაეპატრონა ამ თემას. ეს ხალხი ევროინტეგრაციაზე ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთის ვექტორზე გადაიყვანოს. ამის საშუალება რომ არ მივცეთ, ოპოზიცია უნდა გაძლიერდეს. კინკლაობასა და წვრილმანებზე გამოკიდება ხელს არ მოგვცემს.

- გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ პროპორციული არჩევნების "დადება" "ნაცმოძრაობის" დამსახურებაა და ამის გამო ზურაბ ჯაფარიძის პროტესტი წვრილმანი კინკლაობაა? - ამ ამბავში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ვესაუბრე ზურასაც და გრიგოლსაც. დარწმუნებული ვარ, ასეთ მარტივ საკითხებს არ გადავაყოლებთ ჩვენს ერთიანობას.

- ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ შეიძლება საჭირო დროს "ნაცმოძრაობა" ოპოზიციური მოძრაობის სათავეში აღმოჩნდეს და დღის წესრიგის მოკარნახე გახდეს. - ეს ვერსიები "ოცნების" გავრცელებულია, ისევე, როგორც ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინება.

რა ქნას "ოცნებამ"? ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, კორუფციით დაწყებული, უმუშევრობითა და სიღატაკით დამთავრებული და ასეთ წამგებიან თემებზე ხომ არ ილაპარაკებს? დგანან და სააკაშვილზე ლაპარაკობენ, არადა, მშვენივრად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერც პრემიერ-მინისტრი გახდება და ვერც პარლამენტის წევრი.

- თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ან მიიღებს ხელისუფლების წინადადებას, რაც 100/50-ზე ბალანსს, ანუ პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს, ან გამოიგლოვონ პროპორციული, უბარიერო სისტემა და არსებული მოდელით დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება. მიიღებთ ხელისუფლების წინადადებას? - წულუკიანს დიდი გლოვა ექნება 2020 წლის ოქტომბერში... როგორ მოექცა ის კანონს? გამოაქვეყნა ჩანაწერები, რომელთა გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა. ამასთან, ინახავს ჩანაწერებს, რომლებიც, მისი ჭკუით, კომპრომატებია სახალხო დამცველის წინააღმდეგ. არჩევნების დამთავრების დღესვე წულუკიანი პირველი იქნება, ვინც პოლიტიკური სივრციდან გაქრება.

- ისევ საარჩევნო სისტემაზე გკითხავთ. პოზიციების დასაცავად რა რესურსი გაქვთ? - ჩვენი რესურსი არის ენ-დი-აის კვლევის შედეგები - ხვალ რომ არჩევნები იყოს, მთელი ოპოზიცია ერთად მიიღებს 60%-ს, "ქართული ოცნება" - 32%-ს, 8%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. ფაქტობრივად, დამთავრებულია "ოცნება". რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, რაც მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ ხალხის მოთხოვნას, მით მეტ კრიტიკას მიიღებენ დასავლეთიდან. შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმურობასაც შეექმნას პრობლემა - დასავლეთი არ აღიარებს "ქართული ოცნების" ჩატარებულ არჩევნებს.

- ახლა მხოლოდ დასავლეთის იმედად ხართ, თუ ისევ აპირებთ გააქტიურებას? - ჯერ პარლამენტის სხდომა არ ჩატარებულა და აქცია ვის გავუმართოთ?

- ფიქრობთ, რომ ხალხი გამოგყვებათ? - ჩვენი მიზანია ხანგრძლივი, მშვიდობიანი პროტესტი.

ასეთი ტიპის პროტესტი ქართული რეალობისთვის ახალია, რადგან ჩვენ ისევ თავებს ვითვლით. ასი ათასი კაცი რომ გამოვიყვანოთ ქუჩაში, რა გავაკეთოთ მერე, სად წავიყვანოთ? პარლამენტში შევარდნას ჩვენ არ ვაპირებთ. საქართველოში არეულობის დრომ ჩაიარა.

საქართველოში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, თვე-ნახევარი გაგრძელებულიყოს მშვიდობიანი პროტესტი. დღეს ქართველმა ხალხმაც და მსოფლიომაც დაინახეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მიზეზი ოპოზიცია კი არა, "ოცნება" და ივანიშვილია.

ხათუნა ბახტურიძე