"კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, 4 ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს 4 უკვე 6 გახდა..." - კვირის პალიტრა

"კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, 4 ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს 4 უკვე 6 გახდა..."

"წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო"

"საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულია", - განაცხადეს სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობა მერიამ მწვანე მესრით შემოღობა. აქტივისტებმა მესერს მავთულხლართი შემოავლეს და თქვეს, რომ მავთულხლართები არის "სიმბოლო იმ ოკუპაციის, რასაც კალაძე და ივანიშვილი ახდენენ". საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში აქციები იმართებოდა, შემდეგ კი მერიამ კარვები აიღო და ატრაქციონები ჩადგა, უკვე ერთი კვირაა შემოღობილია. კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება. ოპოზიციამ კი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად პიკეტირების განახლება დააანონსა. პროტესტის გაგრძელებას აპირებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც და ირწმუნება, რომ კარვები ისევ გაიშლება. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასაცილო უწოდა იმ რეაქციას, რაც პარლამენტის წინ მწვანე მესრის დადგმაზე ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა. მისი თქმით, ოპოზიციამ "ისტერიკა მოაწყო" და ასეთ პოლიტიკურ ჯგუფს არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს. ოპოზიციის ლიდერები კი ფიქრობენ, რომ შანსი სწორედ იმ გუნდს არა აქვს, რომელსაც მინისტრად კანონდამრღვევი წულუკიანი ჰყავს და ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება. თეა წულუკიანს კანონდამრღვევი და უწიგნური "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მას შემდეგ უწოდა, რაც იუსტიციის მინისტრმა "მატროსოვის ციხეში" სახალხო დამცველის ვიზიტი გაასაჯაროვა. რა რეალობას ქმნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თებერვალში, ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- "ოცნება" პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის განპირობებული. ფიქრს თავი დაანებეს და აქტიურ თავდაცვაზე გადავიდნენ, ეს კი მუდმივ თავდასხმას ნიშნავს. დარღვეულია ყოველგვარი ცივილიზებული ნორმები. ეს ამბავი საშიში არ იქნებოდა, "ოცნება" ხელისუფლებაში რომ არ იყოს. გასაგებია, რაც სჭირთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი პრობლემებია გადასაწყვეტი, რომელთა მოგვარება უვადოდაა გადადებული.

- ასე არ ფიქრობს ხელისუფლება. მისი აზრით, ოპოზიცია, ასევე ექსპერტთა და მედიის ერთი ნაწილი ილუზორულ გარემოს ქმნიან. - რა არის ილუზორული, ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს რომ შეგვპირდა და მერე გადაგვაგდო? პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, ჩატარდება თუ არა არჩევნები პროპორციული წესით, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ დანაპირებით განსაზღვრულ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწია, ქვეყანა დაწყნარდა და მერე უცებ ისევ ხელოვნურად ააფეთქა სიტუაცია. "ოცნებამ" მხოლოდ ოპოზიცია კი არ გადააგდო, უტიფრად გადააგდო მთელი საზოგადოება. ახლა გვეუბნება, რომ კუნთების თამაშით, ხელების გადაგრეხით შეუძლია მოერიოს ოპოზიციას. თუ კუნთების თამაშზე მიდგება საქმე, ხელისუფლება ყოველთვის მოერევა ოპოზიციას, იმიტომ, რომ ძალადობაზე მონოპოლია მის ხელშია. თუმცა ავიწყდებათ ან არ იციან, რომ კუნთების თამაშით შესაძლოა ერთი-ორი თვით გადაწყვიტო პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ასეთი თამაში ცუდად მთავრდება. ილუზიაა, რომ ამერიკელი კონგრესმენები "ოცნებას" დღითი დღე უფრო მწვავე და კრიტიკულ წერილს წერილზე სწერენ? კალაძე და კობახიძე ამბობდნენ, ოთხი ამერიკელი კონგრესმენის აზრი რა სათვალავში ჩასაგდებიაო. ეს ოთხი უკვე ექვსი გახდა... ჯერ ერთი, მხოლოდ 4 თუ 6 კონგრესმენში ხომ არ არის საქმე - აღარ დარჩა პოლიტიკური თუ მედიაინსტიტუტი ევროპასა და ამერიკაში, ვინც მწვავედ არ შეაფასა "ოცნების" საქმიანობა. სწორედ ეს რამდენიმე კაცი მუშაობს საქართველოს საკითხზე და მათი მოსაზრებებით აყალიბებს კონგრესი და თუნდაც აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებულ თავის პოლიტიკას.

- "ოცნება" ამბობს, რომ კონგრესმენების წერილები უზუსტობებს შეიცავს და იმედოვნებენ, რომ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების შემდგომ შეფასებები შეიცვლება. - საარჩევნო ცვლილებები რომ ჩააგდეს და მთელი სამყაროს მოტყუებას ცდილობდნენ, უზუსტობაა? ხუნდაძის ამბოხის რომ არავის სჯერა და ივანიშვილის ხელი ურევია ამ ამბავში, არასწორი პრეტენზიაა? ვის რა უნდა აუხსნან, ინგლისურის მცოდნე აღარ დატოვეს თავიანთ წიაღში. პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებად სრულიად უცოდინარი პირები არიან.

ღმერთმა არ ქნას, ეს ადამიანები ვაშინგტონში ჩავიდნენ, მთლად გადარევენ ამერიკელებს. ცოტა ხნის წინ ხომ იყვნენ კობახიძე და ბერაია, პასუხად რა მოჰყვათ? 6 კონგრესმენის კრიტიკული წერილი ხომ არა? ამათ რა ჰგონიათ, ნებისმიერ ტყუილს იტყვიან და მთელი მსოფლიო დაიჯერებს?

მმართველი გუნდი ნაცვლად იმისა, კრიტიკაზე კვალიფიციური პასუხი გასცენ, მუდმივად კონტრბრალდებებზე გადადის. ნახეთ, რა გააკეთა წულუკიანმა? სახალხო დამცველის კრიტიკაზე პასუხის ნაცვლად კონტრშეტევაზე გადავიდა და მისი წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ვიდეოფირი გამოაქვეყნა, მერე თავად სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტი გაასაჯაროვა. პატიმრის სახალხო დამცველთან შეხვედრის ამოცანა ხომ ის არის, თავისი საჩივარი მიაწოდოს ადმინისტრაციის ან ციხის მაყურებლების ზეწოლის შესახებ. შესაბამისად, ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს. წულუკიანმა ამ ვიდეოს გამოქვეყნებით პატიმრებს უთხრა, ენა ჩაიგდეთ, თორემ გისმენთ, გიყურებთ და ყველაფერს ვიწერთო - Aანუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს.

- წულუკიანმა ისიც თქვა, სასაცილოა ოპოზიციის რეაქცია, რაც პარლამენტის შემოღობვას მოჰყვაო. - შესაძლოა ეს ტერიტორია მართლა საჭიროებდა რეკონსტრუქციას, მაგრამ კონტექსტი ისეთია, ვერავის დააჯერებ, რომ პარლამენტი აქციებისთვის ხელის შეშლის მიზნით არ შემოღობეს. ხელისუფლება სულ იმაზე ქირქილებდა, ოპოზიცია ხალხს ვერ აგროვებს, გზა რომ გადაკეტოსო. ახლა ასი კაციც რომ მივიდეს პარლამენტთან, გზა თავისთავად გადაიკეტება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ქირქილის საფუძველი ნამდვილად აქვს? - სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება. შეცდომებს ოპოზიციაც უშვებს. პოლიტიკური პროცესი იმდენად მღვრიე, ბუნდოვანი და აფექტურია, პოლიტიკური პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.

ხათუნა ბახტურიძე