"როდესაც პრობლემებზე ერთდროულად ლაპარაკობენ აშშ-ის კონგრესში, ევროპარლამენტში ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მიდის" - კვირის პალიტრა

"როდესაც პრობლემებზე ერთდროულად ლაპარაკობენ აშშ-ის კონგრესში, ევროპარლამენტში ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მიდის"

"სწორი კომუნიკაციის პრობლემა "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აქვს, მაშინაც კი ვერ ახერხებენ თავისი პოზიციის ჯეროვნად გამოხატვას, როდესაც მართლები არიან"

ბოლო დროს პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მედიის განსჯის საგანი საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკული მოსაზრებებია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის კონგრესმენების გაგზავნილი წერილები. "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და აშშ-ის ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს", - დაწერა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა. მან გააზიარა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრის, ადამ კინზინგერის 16 დეკემბრით დათAარიღებული წერილიც, რომელსაც ხელს კიდევ სამი კონგრესმენი - გერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკოლი აწერენ. წერილში კონგრესმენები პრემიერ გახარიას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის, ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკური დევნის, დემოკრატიის ხარვეზებისა და კორუფციის გამო აკრიტიკებენ. თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

სულ ახლახან გახარიას კიდევ ერთმა კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ბრაიან ბაბინიმ მისწერა წერილი: "ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გწერთ, რათა მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე... საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევია მზარდი ნეგატიური ტრენდი, რომელიც აშშ-ის კონგრესის წევრების შეშფოთების საგანია. ამ ტენდენციის შედეგია ის, რომ საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მცირდება, რადგან აშშ-ისა და ევროპული ბიზნესინტერესები შევიწროების, კონტრაქტის გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ასევე შემაშფოთებელი იყო, რომ აშშ-ის სოციალურმა მედიაკომპანია "ფეისბუკმა" აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც "ქართული ოცნების" პარტიასთან იყო დაკავშირებული და აღმოაჩინა, რომ ისინი ეწეოდნენ კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტიდასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ".

როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკა და ადეკვატურია თუ არა მმართველი გუნდის დამოკიდებულება ამ გამოწვევასთან, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.

- ყველაფერი, რაც ამ წერილებშია ნათქვამი, უაღრესად საყურადღებოა. სამწუხაროდ, კრიტიკის ეს ტალღა არც პირველია და მგონი, არც ბოლო იქნება. როდესაც პრობლემებზე თითქმის ერთდროულად ლაპარაკობენ აშშ-ის კონგრესში, ევროპარლამენტში და ასევე თბილისში ჩამოსული სხვა პარტნიორები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად მიდის. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ის პოზიციები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობას აშფოთებს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ რამდენიმე კონგრესმენის წერილზე მნიშვნელოვანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები და საქართველოს მხარდაჭერაა.

- ამ კონგრესმენებიდან ორი საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ერთი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მეორე კი მოადგილე. მათ გარეშე საქართველოსთან დაკავშირებული არც ერთი დოკუმენტი არ მიიღება, არც დაფინანსებისა და არც მხარდაჭერის შესახებ. გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორების - ადამ კინზინგერის, გერი კონოლის, ელიოტ ენჯელისა და მაიკლ მაკკოლის დამსახურებაა "საქართველოს მხარდაჭერის აქტი", ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ ჩანაწერი, დაფინანსების გამოყოფა და არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ეხმარება და აძლიერებს ქართულ სახელმწიფოს.

- რამდენად სარწმუნოა ხელისუფლების მტკიცება, რომ ამ კონგრესმენებს შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მცდარი ინფორმაცია აქვთ? - არასწორი და სახიფათოა ასეთი შეფასებები. რა გამოდის, ვამბობთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები არაკომპეტენტურები არიან და მათ არ ჰყავთ სათანადო ინფორმაციის წყარო? გამოდის, ჩვენი ხელისუფლების არაეფექტურობასაც ვაღიარებთ? სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს სწორ ინფორმაციას ვერ ვაწვდით.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სწორი კომუნიკაციის პრობლემა "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აქვს, მაშინაც კი ვერ ახერხებენ თავისი პოზიციის ჯეროვნად გამოხატვას, როდესაც მართლები არიან.

- რას გულისხმობთ? - "ფრონტერას" თემას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიასთან სერიოზული კითხვის ნიშნებია, სახელმწიფო მაინც თავის მართლების რეჟიმშია, ძლივს ახერხებს თავის დაცვას.

- რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ეჭვი, რომ დასავლელი პარტნიორების ნაწილი ოპოზიციას მფარველობს? - ჩვენი პარტნიორები მხარდაჭერას ქვეყანას უცხადებენ და არა რომელიმე პარტიას. კKარგი იქნება თუ დავუკვირდებით, რომ წერილში გამოთქმული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას უკავშირდება... საერთაშორისო მხარდაჭერა, დაფინანსება, განვითარების პროგრამები დამოკიდებულია ჩვენს მიღწევებზე, რეფორმებსა და ღირებულებების ერთგულებაზე. ამ კუთხით მიღებული უარყოფითი შეფასებები ძვირი უჯდება ქვეყანას.

- კონგრესმენების ერთ-ერთ ბოლო წერილში უკვე სანქციებზეც არის ლაპარაკი. რა ტიპის შეიძლება იყოს ის? - ჯერ სანქციებზე ლაპარაკი ნაადრევია. ეს მხოლოდ გაფრთხილებაა. თუ ხელისუფლება გზავნილებს სწორად გააანალიზებს და გადადგამს სწორ ნაბიჯებს, მათგან კვლავ მაქსიმალურ მხარდაჭერას მივიღებთ.

- წერილებში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ანაკლიის თემის პოლიტიზებას ახდენს. როდესც კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი" გავიდა, გამოითქვა მოსაზრება, რომ ვაშინგტონი მართლაც დაინტერესებული რომ ყოფილიყო ამ პროექტით, კონსორციუმს ამერიკული კომპანიები არ დატოვებდნენ. - ანაკლია არ არის რომელიმე პარტიის ან პირის პროექტი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესის საგანი და როდესაც ასეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტზეა ლაპარაკი, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. იმედია, ჯერ კიდევ არ არის გვიან მისი განხორციელება. რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, თქვენი ვერსიები არამართებულად მიმაჩნია. ყველაზე კარგად ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე მაიკ პომპეომ ისაუბრა. მან თქვა, რომ ამერიკა ხელს შეუწყობს პროექტის განვითარებას, მაგრამ ეს უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს პროექტი. ეს ამერიკელებისთვის კი არა, ჩვენთვის კეთდებოდა. პარტნიორები დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებენ. ცდებიან, როდესაც ამბობენ, თუ ვინმეს ინტერესი მართლაც აქვს, მოვიდეს და გააკეთოსო. ასეთი მიდგომით შეიძლება მართლაც მოვიდეს ვიღაც და გააკეთოს, მაგრამ ის შენი აღარ იქნება.

ხათუნა ბახტურიძე