"კანონი რომ კანონობდეს, წულუკიანი დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში"
"კანონი რომ კანონობდეს, წულუკიანი დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში"
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ოპოზიციონერი ლიდერები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვენ. "სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ჩაიდინა დანაშაული და ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტი გაასაჯაროვა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა ქალბატონი წულუკიანის პირდაპირი მითითებით", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციარული სამსახურიდან გავრცელდა ინფორმაცია, ვის შეხვდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ციხეში, მანამდე კი წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე თავად წარადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც
ომბუდსმენის­ წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.

სულხან სალაძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი:
- წულუკიანმა კანონი დაარღვია, როდესაც კომიტეტის სხდომაზე ჩანაწერს აჩვენებდა დეპუტატებს. მისი შენახვის ვადა დიდი ხნის გასული იყო, ანუ წულუკიანს არათუ საჯაროდ ჩვენების, მისი შენახვის უფლებაც არ ჰქონდა. ამასთან, არ არსებობდა ლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც ჩანაწერის
შენახვა ან გავრცელება­ იყო საჭირო. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ვიდეო, სადაც მხოლოდ სახალხო დამცველი კი არა, სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც სახის დაფარვის გარეშე ჩანდნენ. ჩვენ უკვე მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორს და საქმე გამოძიებაშია. ასევე არ შეიძლებოდა ომბუდსმენის პენიტენციარულ სისტემაში ვიზიტის ამსახველი ინფორმაციის გავრცელება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ შეიძლებოდა იმ პატიმრების დასახელება, რომლებსაც სახალხო დამცველი შეხვდა. კანონი გვავალდებულებს, რომ ასეთი ინფორმაცია დაცული იყოს. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება - წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ლომჯარია მხოლოდ რამდენიმე ცნობილი პატიმრის უფლებებს იცავს. ამ კონფიდენციალური შეხვედრის გავრცელებით მან თავისი ნათქვამი გაამყარა.

- როგორ ფიქრობთ, წულუკიანმა ლომჯარიაზე კრიტიკული ანგარიშის გამო იძია შური, თუ საზოგადოდ, ომბუდსმენის ინსტიტუტის დაკნინება სცადა?
- დიდი ხანია, წულუკიანს აღიზიანებს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურაა და ხელისუფლებას არ ექვემდებარება. ის გააღიზიანა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ლომჯარიას ანგარიშმა, სადაც სახალხო დამცველი ციხეებში ქურდული სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებდა. როდესაც იუსტიციის მინისტრი ასაჯაროებს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამით პატიმრებს მიანიშნებს, თუ "ობშიაკზე", მაყურებლებსა და სხვა პრობლემურ საკითხებზე ილაპარაკებენ, ამას გაიგებს და სახალხო დამცველი ვეღარ დაიცავს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ წულუკიანი პირადად ლომჯარიას კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტს ებრძვის.

- სახალხო დამცვ­ელის მიმართ პატიმრების უნდობლობა ხომ არ შეუწყობს ხელს ქურდული სუბკულტურის გაძლიერებას?
- თუ სახალხო დამცველის მიმართ უნდობლობა გაჩნდება, ციხის ადმინისტრაციასა და "გავლენიან" პატიმრებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება და ეს ცუდად იმოქმედებს იმ პატიმრებზე, რომლებიც არ არიან ქურდული სუბკულტურის მიმდევრები. ეს არის მცდელობა, ყველა და ყველაფერი იმ თარგს მოარგონ, რომელიც ხელისუფლებას აწყობს. ეს მაგონებს "ნაცმოძრაობის" ბოლო პერიოდს, როდესაც მმართველი გუნდი ყველა დაუშვებელ ხერხს იყენებდა ხელისუფლებაში დასარჩენად. შემიძლია წინასწარ ვთქვა, რომ მომავალში ჩვენი პარტნიორების ანგარიშებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატება და ეს იქნება თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე.

- ეს პროცესი იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობით უნდა დასრულდეს?
- ამ ქვეყანაში კანონი რომ კანონობდეს და მმართველობა დემოკრატიის პრინციპებს შეესაბამებოდეს, წულუკიანი დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში. მას ბევრი ჩავარდნილი პროექტი და ვალდებულება აქვს, რაზეც პასუხი უნდა ეგო. შემიძლია გავიხსენო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთხელ ჩაშლილი კონკურსები, გენერალური პროკურორების, ასევე ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის ჩავარდნილი რეფორმები. წლებია, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში დევს და იმტვერება, ვერაფრით მიაღწია პარლამენტამდე. სამწუხაროდ, არა მაქვს იმის ილუზია, რომ წულუკიანს ეს ხელისუფლება პასუხს მოსთხოვს.

ხათუნა ბახტურიძე
თემური
09 თებერვალი 2020 10:37
დასასჯელი უნდა დაისაჯოს! არ აქვს მნიშვნელობა მათ სტატუსს!
ჯეკო
08 თებერვალი 2020 22:16
პირსისხლიანი ბოკერია კანონზე და სამარრთლიანობაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს იმ ქვეყანას რა უთხარი...
tngh
08 თებერვალი 2020 18:43
ყველა "მეგრანტე" დემაგობობს... მეტ-ნაკლებად. ქ-ნი თეა კი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს აკეთებს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?