თაკო ჩარკვიანი: "ბურჯანაძის გვერდით დგომა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს" - კვირის პალიტრა

თაკო ჩარკვიანი: "ბურჯანაძის გვერდით დგომა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს"

"კანონისა და სამართლის" წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. არის თუ არა ოპოზიციის ერთიანობა დაშლის ზღვარზე, თაკო ჩარკვიანი გვესაუბრება.

- პროპორციული საკითხის გარდა, იმ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, სადაც ოკუპანტის განცხადებების მომხრე ლიდერები იქნებიან. რუსულ ძალასთან არაფერი მესაქმება. "ძალა ერთობაშიას" ფორმატში ვრჩები, მაგრამ გაფართოებული საკონსულტაციო ფორმატი გასცდა საარჩევნო სისტემას, ამიტომ აღარ ვართ ერთ მაგიდასთან...

წლების განმავლობაში რუსეთიდან დიდძალი თანხები შემოედინება "რბილ ძალაში". რუსული ვექტორის ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ 3,4% მათი რეაბილიტაციისთვის საკმარისია.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ რუსეთი საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს. - არსებობს პრიმაკოვის ფონდი, რომლის ხელმძღვანელია დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის ბურჯანაძის პარტიის წევრი და ერთ დროს მისი მერობის კანდიდატიც იყო, ახლა კი მისი აქტიურობით რაღაც გაურკვეველი ფონდი იხსნება. გრიგოლ ვაშაძეს და "ძალა ერთობაშიას" იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ისინი წინააღმდეგი არიან რუსული "რბილი ძალის".

- გრიგოლ ვაშაძეს "გირჩი" დაუპირისპირდა. - გრიგოლ ვაშაძეს არავის შრომა არ დაუკარგავს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მალევე დაიწყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კამპანია, რაზეც მილიონიანი ხელმოწერები შეგროვდა. ამაში თავისი წვლილი შეიტანა "ნაცმოძრაობამ". თქვენ არ იცით, ეს რის ფასად დაგვიჯდა, სამსახურები დაატოვებინეს ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა. გრიგოლმა არ უგულებელყო იმ ადამიანების დამსახურება.

- ექსპერტთა ნაწილი კითხვებს სვამს გრიგოლ ვაშაძის პროდასავლურობაზეც.

- ძალიან არასწორად. მაშინ საზღვარგარეთ სწავლის დასრულებას ვერავინ ახერხებდა, ამიტომ მოსკოვში აგრძელებდნენ სწავლას. გრიგოლ ვაშაძეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უდიდესი წვლილი მიუძღვის, რომ კუბამ და ბელორუსმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარეს. ამის შემდეგ მის რუსეთუმეობაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.

- ოპოზიციაში დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს? - ღირებულებების გარეშე ერთიანობის არ მჯერა. ჩვენ ერთი მტერი გვყავს და გაერთიანება დასავლური ვექტორის უნდა იყოს. ზურა ჯაფარიძესა და გიგა ბოკერიას არ ვთვლი რუსული ვექტორის წარმომადგენლებად, ამიტომ ვურჩევ, ნუ გამოეკიდებიან ერთმანეთს სიტყვებზე, ბურჯანაძის მსგავსი ლიდერების გვერდით დგომა კი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.