ზურაბ ჯაფარიძე: "გრიგოლ ვაშაძესთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები!" - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძე: "გრიგოლ ვაშაძესთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები!"

"მე სრულიად მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი..."

პარტია "გირჩი" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. "კვირის პალიტრას" "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.

- გრიგოლ ვაშაძემ თავის დამსახურებად მიიწერა ის, რომ ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნები "დადო". ხელისუფლებისგან მიღებული ეს დაპირება ბევრის დამსახურებაა, მათ შორის იმ ადამიანების, გავრილოვის ღამის შემდეგ ციხეში რომ სხედან. გრიგოლ ვაშაძესთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, თორემ "ნაციონალების" სხვა ლიდერებს ვხვდები. თუ ოპოზიციის ერთობას საფრთხე დაემუქრება, ეს ტყუილებისა და გადაჭარბებული ამბიციების ბრალი იქნება. ჩემი განცხადებებით ამ ფორმატს საფრთხე არ დაემუქრება.

- არ ფიქრობთ, რომ ასეთი განცხადებები ხელისუფლებას აძლევს ხელს? - სიმართლის თქმა ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს. დღეს თუ ოპოზიციას რამე სჭირდება, ეს სიმართლე და მეტი გამჭვირვალობაა. ოპოზიცია არ დაიშალოს და ამის გამო რაღაცებზე თვალი დავხუჭო, არასწორია...

ჩვენ ვსაუბრობთ საკითხებზე - როგორ მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს და როგორ შევცვალოთ ქვეყანა მას შემდეგ, რაც "ოცნებას" ხელისუფლება გამოეცლება. ეს სისტემა უნდა დაინგრეს!

- თქვენ განაცხადეთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ძალოვანი სტრუქტურები "ნაციონალების" ხელში არ აღმოჩნდეს. - სისტემა ისე უნდა მოვაწყოთ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალოვანი სტრუქტურა გამოიყენოს.

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ოპოზიცია მაშინაც ითხოვდა, როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით... - მაშინ უფრო ეკონომიკურ საკითხებზე ვმუშაობდი, ვიდრე საარჩევნო სისტემაზე. თუმცა მე სრულიად მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი, მაგრამ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეუფერებელი მგონია, ამიტომ ვითხოვ პროპორციულს.

- 100/50 სისტემაზე რას ფიქრობთ? - 100/50 ნიშნავს, რომ პარტიას ერთი მესამედით შეეძლება მთავრობის დაკომპლექტება, რაც უსამართლობაა.