მინდა დავეხმარო ცეტეს მუშაკებს! - კვირის პალიტრა

მინდა დავეხმარო ცეტეს მუშაკებს!

არ მინდა, კოლეგებს ბოროტი და ღვარძლიანი კაცი ვეგონო. არ მინდა, იფიქრონ, რომ ვერ ვხედავ იმ უდიდეს წინსვლებს, რაც ცენტრალურ ტელევიზიებს (ცეტეებს) ერის გართობის საქმეში აქვთ, მაგრამ მინდა დავეხმარო ცეტეს მუშაკებს.

მათ ამ ბოლო დროს დიდი პრობლემები აქვთ ახალი ამბების "წარმოებაში". რთულია პარალელური საქართველოს არარსებული რეალობის ასახვა, ნიუსების გაკეთება სხვა, ბედნიერი, რუსეთისთვის ომის მომგები, ბიუჯეტში მილიარდგადანახული ქვეყნიდან. არა... სიუჟეტის ტექსტსაც დაწერს ჟურნალისტი და ბედნიერ კადრებსაც გადაიღებს, მაგრამ იწვება... ხან თვალები გაექცევა, ხან ხმა, ხანაც ტექსტს აურევს.

ეს კი  დადგმას სიყალბის იერს აძლევს. ამიტომ მაქვს რაციონალიზატორული წინადადება, რომელიც უდიდეს ადამიანურ რესურსს გამოათავისუფლებს. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, მიშას ბრძანებით, მთელი მთავრობა ელექტრომობილებზე უნდა გადაჯდეს.

დიდი ძვრებია მოსალოდნელი მესტიის სიღნაღიზაციის, ქუთაისის ბათუმიზაციისა და ანაკლიის მონტე-კარლოზაციის საქმეში. მოკლედ, ვშენდებით და ვვითარდებით. ასეთ ტემპს, ამდენი კარგი ახალი ამბის გადმოცემას  ბევრი ჟურნალისტი უნდა. ეს კი პრობლემას ქმნის ისევ და ისევ ჟურნალისტების სიმცირისა და არაპროფესიონალიზმის გამო. ამიტომ ეს მიმართულებაც (კარგი ახალი ამბების წარმოება) კონვეიერზე უნდა დადგეს.

მთავრობამ უნდა შეიძინოს რობოტი ჟურნალისტი, მაგალითად, "თამთა ჩინჩინავა 2010 ბე" (გაუმჯობესებული). ასეთი აგრეგატის აწყობა არ იქნება პრობლემატური. სადმე ჩინეთში ან ამერიკაში არსებულ საიდუმლო ლაბორატორიაში შექმნიდნენ ქართულ ცეტეში მომუშავე რობოტ–ჟურნალისტს. როგორი იქნება? რობოტ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ორად ორი რეჟიმი - ქებისა და გინების. თავის მხრივ, რეჟიმები  ქვერეჟიმებად დაიყოფა:

ქების რეჟიმი - შაშკინის, ვანოს, ვერასა და, რა თქმა უნდა, მიშას ქების ქვერეჟიმებად, ხოლო გინების რეჟიმი - რუსეთისა და ოპოზიციის გინების ქვერეჟიმებად. პულტი რობოტი ჟურნალისტის მართვისა პირადად სააკაშვილს ექნება. ჩვენს ქვეყანას არა აქვს ბირთვული იარაღი, ამიტომ მიშას არ დაჰყვება ჩემოდნიანი კაცი, რომელიც რაკეტის გაშვების კოდებს იცავს (კიდევ კარგი). სამაგიეროდ, გვეყოლება ოფიცერი, რომელსაც დაევალება რობოტი ჟურნალისტის მართვის პულტის ტარება. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:

მიშა ჩადის რომელიმე სამიტზე. მის გვერდით დგას ტანადი ჭაბუკი, რომელსაც ხელბორკილით აქვს მიმაგრებული კეისი. გაოცებული ობამა ეკითხება მიშას, "აგერ ამ ჩემს საზღვაო ოფიცერს ბირთვული რაკეტების კოდები აქვს ამ ჩემოდანში და ამ კაცს რა დააქვსო?" მიშა ჩაიღიმებს და უპასუხებს: - "ოოო, ეს ჩემთვის ნებისმიერ იარაღზე მნიშვნელოვანი რამეა, რობოტ–ჟურნალისტ თამთა ჩინჩინავას მართვის პულტი გახლავთო." წარმომიდგენია, "ფოქსნიუსით" გაწამებულ ობამას როგორ შეშურდება მიშასი.

რთულია ზემოაღწერილი ნოვაციის სარგებლიანობის შეფასება. ტელევიზია აღარ არის დამოკიდებული ადამიანზე, რომელსაც სინდისის ქენჯნამ შეიძლება არაადეკვატური საქციელისკენ უბიძგოს. რობოტ–ჟურნალისტს არა აქვს ემოციები. რაც უნდა ლანძღოს ოპომ რობოტი, ის მშვიდად გააგრძელებს თავის საქმეს. მას არ სჭირდება ხელფასი, არ იღლება, ერთდროულად ბევრ არხზე შეუძლია მუშაობა. ერთი ეგ არის, მის მეხსიერებაში სულ რამდენიმე ათეული სტანდარტული ფრაზა უნდა ჩატვირთო და მორჩა.

მაგრამ მიშამ ძალიან უნდა გაასაიდუმლოოს რობოტის აწყობის ადგილი, რადგან ვერაგმა ოპოზიციამ თამთა ჩინჩინავას საწინააღმდეგოდ არ შექმნას ჟურნალისტების მაგინებელი რობოტი–პოლიტიკოსი "გოგა ხაიფრავა 2011 ცე" (მოდიფიცირებული).

შალვა რამიშვილი