"პირად კონტაქტებს ვიყენებთ უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად" - კვირის პალიტრა

"პირად კონტაქტებს ვიყენებთ უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად"

"საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას"

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ათი დღით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი."რაზდახანის" ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიკროავტობუსით რამდენიმე ათეული პენსიონერი გადმოვიდა, ისინი, ვისაც ე.წ. საშვი აქვთ...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის განმავლობაში დაკეტილი ე.წ. საზღვრის დროებით გახსნაზე ამბობს, რომ ეს შედეგი არ არის და გზა უპირობოდ უნდა გაიხსნას:

- ეს საკმარისი არ არის, მაგრამ შეღავათია.

21 დეკემბერს ევროკავშირის ტრიბუნიდან მივმართე ევროპარლამენტარებს ახალგორის მოსახლეობის სახელით, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობენ, და ამ პრობლემით დაინტერესდნენ. ევროპარლამენტარები მორიგი ჟენევის რაუნდის წინ მოსკოვში ჩადიან, ცხინვალშიც მოუწევთ ჩასვლა, ასე რომ, ეს საკითხი, მისი სიმწვავიდან გამომდინარე, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

მეტიც, არაერთ პლატფორმაზე მოხვდება. მე ასევე ვესაუბრე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესა და ნატოს ქვეყნების მუდმივ წევრებს. მათი მხარდაჭერის შედეგია, რომ ეს საკითხი რუსეთთან მუდმივად განხილვის საგანი უნდა იყოს, მათ შორის ჩორჩანა-წნელისში ბოლოდროინდელი შემაშფოთებელი შემთხვევებიც. დღის წესრიგშია გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხიც.

- ის ახალგორელები, რომლებმაც ახლა გადმოსვლა ვერ შეძლეს, ისევ იზოლაციაში ცხოვრობენ. ასე ხანგრძლივად გზა არასოდეს ჩაკეტილა. - დიახ, მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ შორის ოსებიც, ცხინვალელებიც. არაერთხელ თქვა ბიბილოვმა, რას ემსახურება ეს ყველაფერი - ეს არის მოსახლეობის მძევლად აყვანა და იმ არალეგიტიმური მიზნების მიღწევა, რასაც ამდენი ხანია ცდილობენ. ახალგორის მოსახლეობის დასჯის გარდა, დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას ცდილობენ, რასაც სამართლებრივი, პოლიტიკური და ადამიანური გამართლება არა აქვს. საინტერესო იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ცხინვალის პოზიცია გადამეტებულია. ის უხერხულობას გრძნობს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლის გამო, რადგან ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია.

- საქართველოს სახელმწიფო რას აკეთებს, რათა ახალგორის მოსახლეობა თავს მიტოვებულად არ გრძნობდეს? იმ 5-თვიან სოციალურ კრიზისში მათ საარსებო მინიმუმიც არ ჰქონდათ; გარდა ამისა, იყო ზეწოლა - ბიბილოვის ხალხი აიძულებდა ხალხს დაეწერა განცხადება ჩვენი პრემიერის სახელზე ჩორჩანას საგუშაგოს აღების მოთხოვნით, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. - მადლობა მათ ამ გმირობისთვის, რომ ეს უკანონო მოთხოვნა არ შეასრულეს. ჩემი უფლებამოსილება არ მაძლევს ნებას ისეთი შეფასება მივცე მათ ქმედებებს, რასაც ცივილიზებულ სამყაროში მისცემდნენ, მე ვითვალისწინებ ასევე მოსახლეობის ინტერესებს, არ მინდა კიდევ უფრო დაზარალდნენ. ეს ზეწოლის მექანიზმია - საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან სტანდარტული პოსტის, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება, აღებას მოითხოვენ.

რაც შეეხება ზომებს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახალგორელებს, ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან შეიძლება ეს ისევ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ჩვენ "წითელ ჯვართან" მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ თუ ოსური მხარისგანაც არ იქნება თანხმობა, ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარების შეტანა არ შეუძლია. ბიბილოვი მაქსიმალურ ზეწოლას ცდილობს, რათა ქართულ მხარესთან როგორმე კომპრომისს მიაღწიოს. იმ ოჯახების წევრებს, რომლებიც აქეთ არიან დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით. ეს ახალგორში დარჩენილებისთვის არაპირდაპირი დახმარებაა, ამ ეტაპზე სხვა გზა არა გვაქვს.

გეგმები გვაქვს ახალგორში დარჩენილ პენსიონერებთან დაკავშირებითაც. მათთვის სპეციალური სამედიცინო პროგრამების შეთავაზებას ვაპირებთ.

- რამდენი კაცი ცხოვრობს სულ ახალგორში? - ეთნიკურად ქართველი დაახლოებით 1500 კაცია, არიან ოსებიც, რომლებიც, როგორც ვთქვი, მათივე ბედს იზიარებენ. ორი კატეგორიაა, რომელთაც ე.წ. ოსური დოკუმენტაცია არა აქვთ, მხოლოდ ქართულ პენსიას იღებენ. ასეთი დაახლოებით 150 კაცია.

- რაიონში არიან ასევე ონკო და დიაბეტით დაავადებული პაციენტები. ათამდე კაცი დაიღუპა იმიტომ, რომ ვერ მიიღო დროული სამედიცინო დახმარება. - სწორედ ამიტომ ვცდილობთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით გზის გახსნას მივაღწიოთ. გამოუვალ სიტუაციებში ცხელი ხაზის მეშვეობით ვუკავშირდებით კონკრეტულ პირებს, პირდაპირ ვეუბნებით, რომ "წითელ ჯვარს" მიმართონ, თუ მედიკამენტის ან სხვა გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროება შეექმნათ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით კომუნიკაცია გვაქვს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იქაურ ე.წ. უშიშროების სამსახურთან, საქართველოს უშიშროების სამსახურს. ეს ხდება სამედიცინო მიზნებისთვის, ან როცა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ხელოვნური ხაზის რომელიმე მხარეს გადასვლაა აუცილებელი. არიან ისეთი პაციენტებიც, რომელთაც სამედიცინო მეთვალყურეობა, მუდმივი დახმარება სჭირდებათ. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი გზის გახსნაა და სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა.

საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას. ამიტომაც ვაცნობე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სასიცოცხლო ხაზი გადაკეტა და ადამიანები გაწირა, ოჯახები გაყოფილი არიან, ცოლი იქით არის, ან პირიქით, ქმარია ახალგორში, ცოლი კი წეროვანში.

- ათი დღის შემდეგ გადმოსულები, ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც ახალგორში დაბრუნდება, კვებისა და ჯანმრთელობის გარდა, აქვთ შეშით მომარაგების პრობლემაც. რამდენად შესაძლებელია მათთვის ქართული პენსიის ლარსის მხრიდან ან სულაც მინდობილობით გადაგზავნა? - ჩემი ახლანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ყველაფერზე ვერ დაგელაპარაკებით, თუმცა სქემები გვაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ მინდობილობას ასეულობით ადამიანისთვის ვერ გააკეთებ. ისინი იქ პენსიის თანხას ვერ გაანაღდებენ, ვიღაც უნდა მიდიოდეს, რომ გაატანონ.

რაც შეეხება გათბობას, პრობლემა კომპლექსურია, მით უმეტეს, რომ იქ უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ და თავად ვერ იმარაგებენ შეშას.

2012 წლიდან მქონდა საუბრები ოსურ მხარესთან სოფლის გაზიფიცირების შესახებ ჩვენი ხარჯით, მაგრამ უარს გვეუბნებიან. არადა, წინა ხელისუფლების დროს ქართულ მხარეს თავად სთხოვდნენ ამას, მაგრამ რატომ არ გააკეთეს, არ ვიცი. ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე, როდესაც იგივე შევთავაზეთ, ძალიან ცინიკური პასუხი მივიღეთ.

- ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, რომლისგანაც ქართული მედია რეგიონის პრობლემებსა და იქ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას იღებს, თქვენს უწყებასა და პირადად თქვენთან არაერთი პრეტენზია აქვს, პრაქტიკულად, იგნორირებაში გადანაშაულებთ. ბოლო დროს მას არაერთხელ შეექმნა დაპატიმრების ან გამოძევების საფრთხე. - როგორც ყველა ახალგორელის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უფლების დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ე.წ. სასამართლო და პროკურატურის ზეწოლა მოიხსნას და თავისუფლად მიმოსვლა შეძლოს. გაუგებარია, რატომ გვადანაშაულებს უყურადღებობაში, რადგან იმ დღიდან, როგორც კი მისი დევნა დაიწყო, პირადად ვიყავი ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. როდესაც აგვისტოში შუაღამისას ცხინვალში რამდენიმე საათით დააკავეს, მთელი ევროპის მასშტაბით შვებულებიდან გამოვიწვიე ხალხი და მთელი ღამე ვმუშაობდით. ჩვენ რაც გვევალება და არ გვევალება, ვაკეთებთ.

- თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ბოლო წლებში როგორც აფხაზურ, ასევე ოსურ მხარესთან პირადი კავშირები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ამის დასტურია ორივე მხარეს გამწვავებული ვითარება. - ეს ტყუილია. ამ წლების განმავლობაში მართლაც უამრავი პირადი კავშირი დავამყარე და ამის გამოხატულება იყო უკანონოდ დატყვევებულ ვაჟა გაფრინდაშვილზე შეძლებისდაგვარად ზრუნვა, იქნებოდა საკვები თუ ტანსაცმელი. მე გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ რეგიონში გავლენიანი პირები ჩემთანაც და როგორც გაირკვა, ვაჟა გაფრინდაშვილთანაც, გამოხატავდნენ წუხილსა და უკმაყოფილებას მისი პატიმრობის გამო.

პერსონალურად ვერ შევხვდები იმათ, ვინც ამას ამბობს, უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი შეხვედრების შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ოსური მხარის ძალიან ბევრ წარმომადგენელს თბილისში ვხვდები, რაც არასდროს ყოფილა, აფხაზურ მხარესთან კი საერთაშორისო პროექტების გარეშე 31 შეხვედრა გვქონდა წელიწადნახევარში. ეს იყო შეხვედრები შუამავლების გარეშე, პირისპირ.

თუკი შედეგზე მკითხავენ, ვეტყვი, რომ 2014 წელსაც ვმუშაობდი, როდესაც აფხაზეთში "პრეზიდენტის" პოსტზე რაულ ხაჯიმბა მოვიდა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გალის მოსახლეობას სულს ხდიდა. ჩვენ ვცხოვრობთ საოკუპაციო რეჟიმში და პირად კონტაქტებს ვიყენებთ უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

შარშან, წლის დამდეგს, ორი თვით ჩაიკეტა გზა ვირუსული გრიპის გამო, რომელიც ცხინვალსა და აფხაზეთში მძვინვარებდა. აფხაზები არც მალავდნენ ამას და სამედიცინო დახმარებასაც იღებდნენ.

"ათასი რამე დაგვაბარეს მეზობლებმა..."

ხუთი თვის იზოლაციის შემდეგ ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიკროავტობუსით რამდენიმე ათეული პენსიონერი გადმოვიდა, ისინი, ვისაც ე.წ. საშვი აქვთ... მათ გარდა, ე.წ. ცხინვალის ხელისუფლებამ "საზღვრის გადაკვეთის" უფლება მისცა" იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

"კვირის პალიტრა" ერთ-ერთ ახალგორელს ესაუბრა.

"შვილიშვილები მენატრებოდა, 5 თვეა არ მინახავს. ისე გაზრდილან, თითქოს 5 წელი გავიდა. ოჯახს ამდენ ხანს რომ ვერ ნახავ, როგორ იქნები, მაგრამ მთავარია, რომ გადავრჩით. პურსა და წამალს ერთმანეთს ვუნაწილებდით. მე თუ მქონდა, სხვასაც ჰქონდა, ის თუ თბებოდა, მეც მასთან ერთად ვთბებოდი. მე და ჩემმა მოხუცმა კაცმა კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი მონაგარი. იქაურებს დავუტოვეთ სახლ-კარი, ჩვენს მისვლამდე მიხედავენ. საქონელი გვყავს, ფრინველი, ბოსტანი გვაქვს... წუთით არ მიფიქრია, რომ არ დავბრუნდებით. მიწას, სახლ-კარსა და მიცვალებულებს არაფერი დაუშავებიათ და როგორ მივატოვოთ?! ჩვენ, ცოცხლები ვაშავებთ და ისევ ჩვენ ვისჯებით. ათასი რამე დაგვაბარეს მეზობლებმა, ახლობლებმა... ბევრი რამე გვენატრებოდა, ყველაფერს შევპირდით. ძალიან მიხარია, რომ იქ ვალებს და ნისიებს გავისტუმრებთ. უკვე გვრცხვენოდა...