ლევან ხაბეიშვილი: "მაგათ კაცობას რა ეშველება, თორემ მე დალურჯებული თვალი 2-3 დღეში გამივლის" - კვირის პალიტრა

ლევან ხაბეიშვილი: "მაგათ კაცობას რა ეშველება, თორემ მე დალურჯებული თვალი 2-3 დღეში გამივლის"

"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური ანგარიშსწორება, ოღონდ ლაჩრულად და არაკაცურად - ერთი და ორი კაცი კი არ გამისწორდა, ათობით დამესია. მე ტვინს უფრო ვავარჯიშებ, ვიდრე კუნთებს,

მაგათ კი კუნთები ერჩით, იმიტომ, რომ ტვინი არა აქვთ"

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო... 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში "ნაცმოძრაობის" დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რას ელოდება გამოძიებისგან დაზარალებული, ლევან ხაბეიშვილი გვესაუბრება:

- დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ დამლაგებლები დავიცავი, რომლებიც ყოველდღიურად 8 ლარად მუშაობენ, თვითონ კი 5-5 ათასი აქვთ ხელფასი. კიდევ ის არ მოეწონათ, რომ ყოველდღე კალაძის კორუფციულ სქემას ვშიფრავ. თევზის ფხასავით გავეჩხირე ამ ხელისუფლებას და ამ ფორმით ანგარიშის გასწორება გადაწყვიტეს.

- ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ თქვენ მათ "ჩმორი" უწოდეთ... - ჩემს სიტყვათა ლექსიკონში "ჩმორი" არ არის, თუმცა მართლაც არიან. ისინი პირად შეურაცხყოფას ეძახიან იმას, რომ ერთ-ერთ ტოქშოუში ვთქვი, რომ არაკაცობა და არაადამიანობაა, როცა შენ 5 ათასი ლარი გაქვს ხელფასი, შენს ოთახს კი 8 ლარად ალაგებინებ. 20 დამლაგებელი რომ შენსავე სამსახურში შენს წინააღმდეგ გააკეთებს განცხადებას, ხომ უნდა მიხვდე, რომ მტყუანი ხარ. მაგათ კაცობას რა ეშველება, თორემ მე დალურჯებული თვალი 2-3 დღეში გამივლის. იმ ქვეყანაში, სადაც ანტისაოკუპაციო აქციაზე ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, ჩემი დალურჯება ნამდვილად არაფერია.

- წინასწარ ჰქონდათ ეს დაგეგმილი? - დიახ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფური ანგარიშსწორება, ოღონდ ლაჩრულად და არაკაცურად - ერთი და ორი კაცი კი არ გამისწორდა, ათობით დამესია. მე ტვინს უფრო ვავარჯიშებ, ვიდრე კუნთებს, მაგათ კი კუნთები ერჩით, იმიტომ, რომ ტვინი არა აქვთ.

- უმრავლესობა ამბობს, რომ არასდროს აკრიტიკებთ არგუმენტირებულად და მხოლოდ სააკაშვილის დავალებებს ასრულებთ. - რა უნდა ველაპარაკო ახლა ამათ?! მე დავიცავი დამლაგებლები, რომლებიც ამას ადასტურებენ. რა დავალება მივიღე სააკაშვილისგან, რომ არ მეცემა ისინი და პროვოკაციას არ ავყოლოდი?! თუ რამე მაქვს სათქმელი, ენით და არგუმენტებით, ფაქტებით და დოკუმენტებით ვამბობ. ეს იყო კალაძის პირადი შურისძიება. მე შეიძლება ახლა თვალები დამილურჯდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ხალხი "გაალურჯებს" "ოცნებას".

- ამ საქმის სამართლებრივ მსვლელობას თუ ელოდებით? - გამომძიებელი კი მიბარებს, მაგრამ რა ჩვენება უნდა მივცე, ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა. გამოძიების იმედი არა მაქვს და არც შედეგი მაინტერესებს. საქმე გვაქვს ბანდასთან, რომლის ხელმძღვანელები ივანიშვილი და კალაძე არიან, ის პატარა კაცუნები კი დავალების შემსრულებლები.