ირაკლი ზარქუა: "ეტყობა, ხაბეიშვილს ეს სჭირდებოდა და მიიღო კიდეც" - კვირის პალიტრა

ირაკლი ზარქუა: "ეტყობა, ხაბეიშვილს ეს სჭირდებოდა და მიიღო კიდეც"

"დაგეგმილი რომ ყოფილიყო, პირდაპირ ეთერში კი არა, სადმე კუთხეში ვცემდით"

რატომ ემუქრება საკრებულოს უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილს და გახდება თუ არა საზოგადოება მორიგი მუშტი-კრივის მხილველი, ამ საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საუბრობს:

- როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის დაუსაბუთებელ კრიტიკას ვისმენთ, ხმას არ ვიღებთ, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა ძნელი მოსათმენია. ხაბეიშვილი რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ პირადი შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა მაინც გააგრძელა. ეტყობა, ეს სჭირდებოდა და მიიღო კიდეც.

"არაკაცი, ფარჩაკები, იდიოტები, ჩმორები", - ამ სიტყვებს რომელი თავმოყვარე ადამიანი მოითმენს?! ვიმეორებ, ჩვენ კრიტიკას არ გავურბივართ, საკრებულოში არიან სხვა პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მწვავედ გვაკრიტიკებენ და ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლოდ, მაგრამ ეს მათი პოზიციაა და მშვიდად ვისმენთ, მაგრამ ხაბეიშვილი მასხარა, მატყუარაა, მოტივირებულია, რომ საკრებულოში დაძაბულობა იყოს. სადღაც ვიღაც უკმაყოფილებას თუ გამოთქვამს, იმწამსვე იქ დაერჭობა. ეს არის მისი ამოცანა, რომელსაც ერთი გიჟი რომ ჰყავთ უკრაინაში, იმისგან იღებს. ეტყობა, სააკაშვილი ურეკავს და აქეზებს, ამ ხეპრეს კი ჰგონია, მაგარ რამეს აკეთებს. არადა, საკრებულოში უნდა გველაპარაკა გაზრდილ ბიუჯეტსა და იმ პროგრამებზე, რომელთაც ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ, კერძოდ, ჯანდაცვის მიმართულებას.

- ხაბეიშვილის თქმით, მისი ცემა დაგეგმილი იყო. - როგორ? ხომ ნახეთ, რომ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დაგეგმილი რომ ყოფილიყო, სადმე კუთხეში ვცემდით. არც ერთი არ ვამაყობთ ამით, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს ემოციები, პირად შეურაცხყოფაზე მომავალშიც არ დავხუჭავთ თვალს...

- ანუ არ გამორიცხავთ, რომ საკრებულოში მორიგი მუშტი-კრივი ვიხილოთ? - ეს ადამიანი მოტივირებულია, რომ იყოს მუდმივი დაძაბულობა და ქაოსი.

- მაგრამ დეპუტატს ხომ მეტი თმენის ვალდებულება აქვს?

- თმენის ვალდებულება იმასაც აქვს, ის არ არის დეპუტატი? შეურაცხყოფა რომ არ მოგაყენოს, რთულია? რამდენჯერაც პირად შეურაცხყოფაზე გადავა, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

- ხაბეიშვილი თვალის სილურჯეს არ ჩივის, თუმცა დარწმუნებულია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" "გალურჯდება". - 2012 წლიდან მოყოლებული, სულ ასე ლაპარაკობენ, მაგრამ რა შედეგებითაც მთავრდება არჩევნები, ყველა ხედავს. 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში და დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს! მაგრამ "ნაცმოძრაობა" როგორც აქამდე "გაწითლდა", ისევე "გაწითლდება" ოქტომბერში.