"დღეს ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მისი გარემოცვა ცდილობს, რაც შეიძლება მრუდე სარკეში ჩაახედონ" - კვირის პალიტრა

"დღეს ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მისი გარემოცვა ცდილობს, რაც შეიძლება მრუდე სარკეში ჩაახედონ"

ბოლო დროს უცხოეთიდან არ წყდება საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული შეფასებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო წესის შეცვლასა და პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. გასულ კვირას არაერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილობით მიმართა.  ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მიხედვით, რთულია იმის თქმა შექმნილ ვითარებას "ქართული ოცნება" ადეკვატურად რომ აღიქვამს. კახა კალაძისა და გიორგი ვოლსკისგან მოვისმინეთ, რომ თურმე 2020 წელს კი არა, 2024 წელსაც არ უნდა შემოიღონ არჩევნების პროპორციული წესი... ჩვეულებისამებრ ხისტი იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ოპოზიციას მიმართა: ან ჩვენს შემოთავაზებულ მოდელს დაეთანხმეთ, ან კიდევ საბოლოოდ გამოემშვიდობეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემასო... გთავაზობთ ამონარიდებს ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:

- ხელისუფლებას არც თავის გასამართლებელი არგუმენტები დარჩა დასავლეთთან და არც ადამიანები, ვისაც დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათი ნდობით სარგებლობენ. ხელისუფლების დასავლური ფლანგი სრულად მოშიშვლდა მას მერე, რაც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ "ქართული ოცნება" დატოვა პარლამენტის პროდასავლურმა ფრთამ. დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს დარჩა, მაგრამ ამ უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში ერთი ადამიანის იმედად დარჩენილი "ქართული ოცნება", რომელსაც ზურგს არგუმენტები და ფაქტებიც არ უმყარებს, რადიკალური ცვლილებების გარეშე დასავლეთის განწყობის სასიკეთოდ შემოტრიალებას ვერ შეძლებს, რადიკალური ცვლილებების სურვილისა კი "ოცნებას" არაფერი ეტყობა.

მეორე მხრივ, "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ დასავლეთის კეთილგანწყობაზე ხომ არ არის დამოკიდებული?! ეს, უპირველესად, დამოკიდებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. დღეს "ოცნება" ისეთ მდგომარეობაშია, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო... "ოცნებას" ძალიან ეშინია, რომ მისი ნებისმიერი დათმობა პროპორციული არჩევნების თემაზე და ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორებისკენ გადადგმული ნაბიჯი ამომრჩევლის თვალში სისუსტედ არ შეფასდეს.

ხელისუფლება ფიქრობს, თუ მისმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ იგი სუსტდება, შეიძლება მხარდამჭერები, მათ შორის - ადმინისტრაციული რესურსიც შემოეცალოს, რადგან ახსოვთ, როგორ შემოეცალა შევარდნაძეს 2003 წელს, არჩევნებამდე, მინისტრებით დაწყებული მთელი ვერტიკალი. ხისტი განცხადებებით საკუთარ მხარდამჭერებს უმაგრებენ გულს.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, მგონია, რომ დღეს ყველას ამოცანაა, "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დავანახოთ გადარჩენისა და დასავლეთთან მისასვლელი გზები. გადარჩენაში ძალაუფლების გადარჩენა-შენარჩუნებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც მათ დემოკრატიულ სახეს შეუნარჩუნებს, მისცემს უსაფრთხოების და, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკაში იმ სტატუსით დარჩენის გარანტიებს, რა სტატუსსაც მათ 2020-ის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა განუსაზღვრავს.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს არც არჩევნებამდე და მით უფრო - არც მას მერე...

- გია ხუხაშვილის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ პირადი უსაფრთხოების მიზნით სჭირდება...

- ვფიქრობ, დღეს ივანიშვილის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ მისი გარემოცვა ცდილობს, რაც შეიძლება მრუდე სარკეში ჩაახედონ.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.