"უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? კარგი რა, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?!" - კვირის პალიტრა

"უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? კარგი რა, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?!"

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმისთვის, ვახო (კიტა) იზორიასთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა.

"შეიძლება", - ასე უპასუხა გომელაურმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის პატრულ-ინსპექტორის საქციელი, რომელიც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გულისხმობს, მიუღებელია.

"რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის", - აღნიშნა გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

"ეს იყო პატრულ-ინსპექტორი. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ეს", - აღნიშნა მინისტრმა და როგორც განმარტა, ის არ აგებს პასუხს იმაზე, რომ კიტა იზორია საბოლოოდ გაათავისუფლეს.

"უკაცრავად, მე უნდა დამესაჯა?! კარგი რა, უკაცრავად, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?! რატომ გაუშვა?!", - განაცხადა შს მინისტრმა და კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კიტა იზორიას ე.წ ნარუშილოვკა, დასძინა: "უკაცრავად, მე მივეცი?!".

"ინტერპრესნიუსი"