დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ? - კვირის პალიტრა

დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" იუწყება.

"გამოსვლისა და დეპუტატებთან ურთიერთობისთვის, ზურაბიშვილს, 60 წუთი ჰქონდა. როგორც წესი, უცხო ქვეყნის ლიდერები ამ დროის უმეტეს ნაწილს კითხვებზე პასუხისთვის იყენებენ. ამ ტრადიციის საპირისპიროდ, ზურაბიშვილმა 50 წუთი ისაუბრა, მინიმალური დრო კი კითხვებს დაუთმო. რუსეთის დასჯის საკითხზე დასმულ კითხვას, მან პასუხი მაინც არ გასცა“ ,- წერს გამოცემა.

მედიასაშუალების თანახმად, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსეი გონჩარენკომ ზურაბიშვილს სთხოვა, აეხსნა, დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

საქართველოს ლიდერმა თავი აარიდა არსებით კომენტარებს და აღნიშნა, რომ "რუსეთი მართლაც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით ნაკლებია მისდამი ყურადღება მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში".

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, ასევე, თავს არიდებდა რუსეთის დასჯის ხსენებას საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო.

"ინტერპრესნიუსი"