"აბსოლუტური "ფეიკ ნიუსია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"აბსოლუტური "ფეიკ ნიუსია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ფეიკ ნიუსს“ უწოდებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავთ და რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთის მიხედვით, მასთან დედამისის, მანანა არჩვაძის გარდა, არავის უშვებენ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ფეიკ ნიუსს" უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური „ფეიკ ნიუსია”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენელმა, ჯაბა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

ანა ჯაბაურის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნე გამსახურდიას "ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“.

"ინტერპრესნიუსი"