"6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - კვირის პალიტრა

"6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..."

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი

პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამ ცოტა ხნის წინ ოქრუაშვილის "ფეისბუკის" პირად გვერდზე გავრცელდა წერილი ციხიდან, რომელშიც პატიმრის ერთი დღეა აღწერილი:

"ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან

დილის 6 საათია. როგორც წესი, ამ დროს ვიღვიძებ.

პირველივე გაფიქრებისთანავე აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ჯამში 1 წელი: 6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით...

ჩემი "აპარტამენტების" მილაგებას და მოწესრიგებას დიდი დრო არ მიაქვს. ზოგადად, ოთხი კედელი აზარმაცებს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცეს აქტიურად ვებრძვი იმით, რომ ათას საქმეს ვიგონებ. ინტერვიუ მაქვს დასაწერი "ახალი თაობისათვის", ჟამთააღმწერელის ახალი პოსტი მაქვს დასამთავრებელი, თომას პიკეტის "კაპიტალი" შემომიგზავნეს და მაგის კითხვას სპეციალური მონდომება სჭირდება, ეკონომიკის სახარებაა და სულ აქ ხომ არ ვიჯდები, რომ გამოვალ იქნებ რაღაცაში გამომადგეს. ხომ ხედავთ, ციხიდან გამოსვლის შემდგომ რესოციალიზაციაზე ეხლავე ვიქრობ ))); უფროსი შვილისთვის რჩევა-დარიგების წერილი მაქვს მისაწერი, წელს სკოლას ამთვრებს და საზღვარგარეთ მოუწევს სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. ასე, რომ უსაქმოდ არ ვარ.

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი "არსენა მარაბდელს" იწყებს სიტყვებით: " შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა" მეც დაახლოებით, ასე ვიწყებ. შემდეგ ბიძინას "რამდენიმე ბრუნვაში" ვახსენებ და დღეც იწყება.

ციხეში ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მხოლოდ ორი რამეა ყველაზე სასიამოვნო: სწორი ანალიზის საფუძველზე ზუსტად რომ გამოთვლი რამდენხანს მოგიწევს ციხეში ჯდომა და მეორე - ახალგაღვიძებულზე სიგარეტს ღრმა ნაფაზებით, რომ მოწევ, მაგრამ მე ხომ იმ გამონაკლის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც სიამოვნებაზე უაზრო ახირების გამო ამბობენ უარს. 2 თვეა სიგარეტს თავი დავანებე და დავრწმუნდი-ციხეში მოწევას 2 კატეგორიის ხალხი ანებებს: არანორმალური ნებისყოფის ადამიანები და უბრალოდ, არანორმალურები. ჩემს შემთხვევაში ორივეა, ჩემს თავს ვეჩხუბები რა დროს სიგარეტზე თავის დანებების დრო იყო, მინდოდა ნებისყოფა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ნებისყოფა მაქვს.

ჯერ საკანში ბნელა და გარეთაც. საერთოდ, რომ იცოდეთ ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს. დილის 8 საათზე ჩაგვირთავენ და ღამე 23:30 ზე თიშავენ. ასე, რომ თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით შეიძლება. 6 -დან 12 საათამდე კანონის წაკითხვას ვასწრებ. ბიძინას კანონებს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდით. 8 საათი გახდა და დილის შემოვლა დაიწყო, რომელიც 15-20 წამი გრძელდება. ზედამხედველი საკანს ვიზუალურად ათვალიერებს მხოლოდ.

ღმერთი სამობითააო ნათქვამია და მესამე ახლწელს შევხვდი ციხეში. 2008 წელს ბერლინში მოაბიტის ციხეში, 2013 წელს - მატროსოვზე და ახლაც იგივე.

8:30 საათზე საუზმეს არიგებენ.

საერთოდ 25 წელია დილით საჭმელს არ ვჭამ, მაგრამ "მატროსოვის" საუზმეში არის ისეთი განსაკუთრებული გურმანული ( კონტინენტურ და ამერიკულ საუზმეს შორის), რის გამოც აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს და რაც პიონერთა ბანაკებში გატარებული ბავშვობის მოგონებებს შეგახსენებთ-მყრალ მანიფაფას ან ერთმანეთში აზელილ ვერმიშელს.

12 საათიც გახდა, კანონების კითხვას მოვრჩი და უდიდესი დილემის წინაშე დავდექი: ტვ პირველზე ხაზარაძე ინფოს ვუყურო თუ მარიამ ვაშაძის ხათრით "მოამბეს".

პირველ საათამდე შვილისთვის მისაწერი წერილი ნახევრამდე მივიყვანე. ცხოვრების ასეთი დეტალური ინსტრუქცია ვინმეს ჩემთვის, რომ დაეწერა ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა-არასაინტერესოდ. აქედანვე მინდა მთავარი რამ ისწავლოს- ცხოვრება ხშირად მიაყენებს ტკივილს, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდეს, ადამიანი უნდა ამაყბდეს ტკივილით, ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ.

გმადლობ ღმერთო, 46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი. (წყარო)