"იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ" - კვირის პალიტრა

"იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ"

იყო ასეთი შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის დელეგაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდით ავლით მიიღებს.

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი ამბობს, რომ ამ საკითხს პარტნიორებთან ერთად განიხილავენ, რადგან ერთი მხრივ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები და მეორე მხრივ საქართველოს კანონი. მისივე თქმით, 2013-2014 წლებში დაკისრებული სანქცია ფორმალური იყო, თუმცა, ლავროვის ფიგურის გათვალისწინებით, "გაცილებით სიღრმისეული მსჯელობაა საჭირო".

"გავრილოვის მოქმედება და საერთოდ, იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური, თორემ როცა შენ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ იმ დროს და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველასთან, იმიტომ, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, როცა ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს, იმიტომ რომ ფორუმი, რაც უნდა ჩატარდეს ჩვენთან ერთი მხრივ არის ძალიან დიდი დაფასება, ჩვენი სახელია საერთაშორისო დონეზე, მეორე მხრივ, საფრთხეები.

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ - საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ნებისმიერი კომიტეტის ჩატარება 2 წლის მანძილზე საქართველოში აიკრძალოს. მართალია, კომიტეტი არც იყო დაგეგმილი საქართველოში იმ პერიოდში, მაგრამ ფორმალურად არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო. ასე რომ, ადვილი თემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი საკითხი. ამაზე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვმართებს ჩვენს პარტნიორებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"