"არანაირ თარგმანში არ არის დაკარგული - ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც, რუსულადაც და ძველ ქართულადაც" - კვირის პალიტრა

"არანაირ თარგმანში არ არის დაკარგული - ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც, რუსულადაც და ძველ ქართულადაც"

სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოღალატე. მე კატეგორიულად არ ვიზიარებ აზრს, რომ ეს ქალი არის თარგმანში დაკარგული. არანაირ თარგმანში არ არის დაკარგული - ფრანგულადაც მოღალატეა, ინგლისურადაც, რუსულადაც და ძველ ქართულადაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

უგულავას განმარტებით, საქართველო დაზარალდება იმ შემთხვევაში, თუ ლავროვი ჩამოვა.

"თუ ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ვინმე უნდა შემოვიდეს, მას აქვს ამის კანონიერი შესაძებლობა, რომ გამონაკლისი დაუშვას, მაგრამ ეს მან უნდა დაასაბუთოს რატომ აკეთებს. რას იღებს საქართველო იმით, რომ შემოუშვას ლავროვი და საერთაშორისო ვალდებულება არ არის აქ საპირწონე. საერთაშორისო ვალდებულება არის ღრმად ცერემონიალური, ის სანქციაც იყო ფორმალური და საქართველო ამით არ დაზარალებულა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ლავროვის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში საპროტესტო აქციები დააანონსა.

„ჩვენ საზღვარზე ვერ დავდგებით და ლავროვის ჩამოსვლის პრევენციას ასე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ფეხქვეშ მიწა დაეწვება ყველას, ვინც ამას გააკეთებს და ასევე რუსეთის დელეგაციამაც უნდა იცოდეს, რომ აქ მას დახვდება ძალიან კატეგორიული, აგრესიული, მაგრამ კანონის ფარგლებში არსებული შეხვედრა რეალურად ქართულ საზოგადოებასთან და არა ივანიშვილის ჯამბაზებთან.

წარმოგიდგენიათ, ხვალ რომ უკრაინა გახდება ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ლავროვი ჩავიდეს და ფიანდაზად დაეფინოს უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა?! მართლა გულისამრევი უთავმოყვარეობაა“, - განაცხადა უგულავამ.