"მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაძე - კვირის პალიტრა

"მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - რას აცხადებს ნინო ბურჯანაძე

მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც,- ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან ოკუპაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას იძლევა.

"გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას კანონი ოკუპაციის შესახებ იძლევა, როგორც ჩანს ეს ქალბატონმა სალომემ უბრალოდ არ იცის. მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ერთიან პოზიციაზეც, რაზეც ოპოზიცია შეხვედრაზე შეთანხმდა.

"ჩვენ არაერთგზის დავრწმუნდით იმაში, რომ ხელისუფლების მიერ წინასწარ გაკეთებულ განცხადებას, საერთოდ ხელისუფლების სიტყვას ნულის ფასი აქვს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აბსოლუტური ერთიანობა ჩვენი პოზიციის, ყველა პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი და ყველას აქვს ერთიანი პოზიცია, რომ მაგიდის სიძლიერე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედებები გაგრძელდება და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ პროპორციული სისტემა, რომელიც იქნება არა ის, რასაც ახლა ხელისუფლება გვთავაზობს 100/50-ზე, როდესაც ხელისუფლება მესამედი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი გარანტიებს ითხოვს, რომ უმრავლესობით მოვა, არამედ ისეთი სისტემა, რომელიც არც ერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების, უზურპაციის საშუალებას და მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პარლამენტის შემადგენლობა ხალხის რეალურ განწყობასთან. თალაკვაძე მართალს ამბობს, ყველაზე საიმედო არის 100/50-ზე გადანაწილება ხელისუფლებისთვის, რომ მინიმალური მხარდაჭერის შემთხვევაშიც მიიღოს ხელისუფლების და ძალაუფლების მაქსიმუმი. ეს მიუღებელი პრინციპია არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპი რაღაცას ნიშნავს. ასე რომ წამოსცდებათ ხოლმე ეს ე.წ. სიმართლე განცხადებები ერთია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან აქტიურობა გაგრძელდება უცხოეთიდან ზეწოლა, გამძლავრდება, თუ კიდე ამას მომძლავრება სჭირდება იმიტომ, რომ უკვე მართლა სეტყვასავით მოდის წერილები და გაფრთხილებები, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობა, თუ მას ელემენტარული გონიერება გააჩნია",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"