"სენატორები იხსენებენ, როგორ დემოკრატიულად ჩავატარე არჩევნები და გადავაბარე ხელისუფლება, ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები?!" - კვირის პალიტრა

"სენატორები იხსენებენ, როგორ დემოკრატიულად ჩავატარე არჩევნები და გადავაბარე ხელისუფლება, ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები?!"

სენატორები იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე 2012 წლის არჩევნები, როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ეს ხელისუფლება და შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართლობაზე, რაც ახლა ხდება. ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტები არიან?! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი სენატორების ჯინა შაჰინისა და ჯეიმს რიშის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ წერილს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამერიკის კონგრესიდან ძალიან ბევრი წერილი მოვიდა, თუმცა სენატორ ჯინა შაჰინისა და სენატორ ჯეიმს რიშის წერილი "ივანიშვილის რეჟიმისთვის მძიმე საბრალდებო დასკვნაა".

"ეს არის ორი ძალიან ცნობილი, წესიერი და მთელ საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მათ ზუსტი დიაგნოზრი დაუსვეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ისინი სიამაყით იხსენებენ, რომ დამკვირვებლები იყვნენ 2012 წლის არჩევნებზე. იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები, როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ეს ხელისუფლება და შემდეგ, ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე და უსამართოობაზე, რაც ახლა ხდება. ამაზე რას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტები არიან?! პრაქტიკულად, საქართველო კარგავს აშშ-ს მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ქართველი ხალხის გასაკეთებელია. ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამარჯვების და გამოხსნის საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში აუცილებლად გათენდება", - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში, რომელსაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა "უარს ამბობს" დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

"ინტერპრესნიუსი"