"ბევრჯერ მქონდა შანსი, უმდიდრესი ადამიანი გავმხდარიყავი, მაგრამ..."
"ბევრჯერ მქონდა შანსი, უმდიდრესი ადამიანი გავმხდარიყავი, მაგრამ..."
"დეკლარაციის შევსების მომენტში პარ­ლ­ამენტარის ანგარიშზე "თიბისი ბანკში" ირიცხება 16.500 ლარი, 2.325 და კიდევ 84 დოლარი, ხოლო "ქართუში" - 1449,28 ევრო და 34.004 ლარი. როგორც ჩანს, ეკა ბესელიას ყოველთვის აქვს დანაზოგი "შავი დღისთვის"

საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების,­ ზოგადად,­ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ცხოვრება-ქონება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამიტომაც წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას - "დეკლარანტები".­ "კვირის პალიტრა" თავდაპირვე­ლად ეკა ბესელიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა და ობიექტურობა მოითხოვს აღვნი­შნოთ, რომ ქალბატონი ეკა ინტერვიუზე უყოყმანოდ დაგვთანხმდა.

მინიდოსიე: ეკა
ბესელია 1971 წლის 6 ნოემბერს დაიბადა სენაკში. მამა ეკონომისტი იყო, დედა - აგრონომი. ორივე შრომ­ობდა, რომ ოთხივე შვილისთვის კარგი განათლება მიეცათ. როგორც დეკლარანტი­ იხს­ენებს, მამა მკაცრი იყო, ტრადიციების მოყვარული და დამცველი, დედა კი - ლმობიერი და დამთმობი.

ეკა ბესელიამ შრომისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით წარმატებას
მალე მიაღწია. დაამთავრა თბილისის სახ­ელმ­წ­იფო­ უნივერსიტეტი, იყო საადვოკატო ფირმის "ეკა და კომპანია" დამფუძნებელი, არის სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი მიღწევებისა და რეგალიებისა. ბესელიას დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის არიან მისი შვილები - 28 წლის რატი მილორავა და 16 წლის ლიზი გუბელაძე.

ეკა ბესელია ვაჟთან ერთად
ეკა ბესელია:
"ადამიანის პიროვნულ თვისებებს დიდწილად განსაზღვრავს ოჯახი, ტრადიციები და სოციალური მდგო­მარეობაც. ვფიქრობ, ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში ამან დიდი როლი შეასრულა.­ ჩვენი ოჯახი ცნობილი იყო რაიონში, არ გვიჭირდა. მამას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით, თუმცა ფუფუნებაში ნამდვილად არ გავზრდილვართ. არასდროს ვყოფილვარ მატერიალისტი, კომფორტი და სიმდიდრე ნაკლებად მხიბლავდა. დღემდე ასეა... ამასთან, გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ. ეს რთულია, მით უფრო, როცა პოლიტიკაში ხარ, თან ქალი".

სტუდენტობიდანვე უნდოდა, რომ მშობლების კმაყოფაზე არ ყოფილიყო და დამო­უკიდებლად მიეღწია წარმატებისთვის. 19 წლისა თან სწავლობდა, თან შვილს ზრდიდა. 3 თვის ყოფილა რატი, როდესაც რაიონიდან წამოუყვანია. ფიქრობდა, რომ შვილი თვითონ უნდა გაეზარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სწავლაში... უყვარს თავისი პროფესია და ამბობს, რომ ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდება ადვოკატობას. პირველი ფული სწორედ ადვოკატობით იშოვა.

- კარგად მახსოვს ჩემი პირველი ჰონორარი - 50 დოლარი. ისე მერიდებოდა აღება, ვერ წარმოიდგენთ, და გამოცდილი ადვოკატები დამცინოდნენ. მერე და მერე მივეჩვიე ჰონორარის ცივილიზებული ფორმით მიღებას. ვამაყობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადვოკატი ვიყავი, უამრავი საქმე მქონდა და არც ერთ ჩემს კლიენტს არ დაუწერია საჩივარი. ვერავინ იტყვის, რომ ან მოვატყუე, ან გულგრილად მოვექეცი. საქმე წამიგია კიდეც, მაგრამ ყველა ხედავდა, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი. ამიტომაც წლის ადვოკატად არაერთხელ დამასახელეს. როდესაც იურიდიულზე ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი, ორ რამეს არ გავაკეთებდი­ - ვერც მოსამართლე ვიქნებოდი და ვერც პროკურორი.

- ცხოვრებაშიც ასე გიჭირთ ვინმეს დადანაშაულება და განსჯა?
- (იცინის) "სუსხიანი" გამონათქვამების გამოყენება, ცოტა არ იყოს, ხშირად მიწევს­ პოლიტიკური ოპონენტების მისამართით, მაგრამ ეს სხვაა - ბრალდება, სხვისი განსჯა და განაჩენის გამოტანა, იოლი არ არის. რომ არა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, პოლიტიკაში არ მოვიდოდი. ქუჩაში გამოვედი საყოველთაო უსამართლობის გამო, თორემ პიროვნულად ვინმეს საწინააღმდეგო არაფერი მქონია.

დეკლარანტის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე 170 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2007 წელს 80.000 დოლარი გადაუხდია, 2.500 დოლარად შეძენილი 25 კვმ ავტოფარეხი იმავე­ ქუჩაზე და გამრეკელის ქუჩაზე მდებარე 168 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც 46.500 დოლარად იყიდა. მოძრავი ქონების ამსახველი გრაფა ცარიელია, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდ­ებისა. სუფთაა ის ფურცელიც, რომელზეც უნდა ეწეროს დეკლარანტის ან მისი ოჯახის წევრთა მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრები, რომელთა ღირებულება 500 ლარს აღემატება. როგორც მითხრა, ყველაფერი საკუთარი დანაზოგით შეიძინა.

ეკა ბესელია:
- მთელი ჩემი ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე მქონდა. პირველი ბინა 2001 წელს თემქაზე ვიყიდე, შემდეგ ჩემს ძმას დავუტოვე საცხოვრებლად. მანამდე ხან ქირით ვცხოვრობდი, ხან გირაოთი, მაგრამ მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, ბინა მიყიდეთ-მეთქი.­ პირველი მანქანაც ჰონორარით ვიყიდე. მოგვიანებით ვიყიდე ბინა გაბა­შვილზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, მერე ოფისიც, სადაც ადვოკატურა მქონდა.
ვერავინ ვერაფერში მომედავება, გამორიცხულია, იმდენჯერ აქვთ შესწავლილი და გაფილტრული ჩემი ქონება.

- ჩანს, ფულის დაზოგვა შეგიძლიათ.
- ამის ნებისყოფა ნამდვილად მაქვს. ერთხანს მხოლოდ მე ვმუშაობდი,­ ოჯახის წევრები ჩემზე დამოკიდებული იყვნენ - 2 ბავშვი, დედმამიშვილები ჩემთან ცხოვრობდნენ და ყველას ვეხმარებოდი.­ ასე რომ, დანაზოგის გაკეთება ვისწავლე. როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ვალდებული ხარ, რაღაცებზე უარი თქვა. ისედაც არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ბინაც სადად მოვაწყვე, გადაპრანჭული არ არის.

- რაში არ გენანებათ ფულის დახარჯვა?
- წიგნებში, იმდენი წიგნი­ მაქვს, ვერსად ვატევ. ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები. როდესაც საჯარო პირი ხარ, უბრალოდ, გინდა თუ არ გინდა, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, მით უფრო, ქალისთვის. მაგალითად, ვარცხნილობა ერთი დღეც რომ არ მქონდეს წესრიგში, ჩემი სტილისტი მეუბნება, მსაყვედურობენ, რატომ კარგად არ დავარცხნე­ თმაო. გარეგნობას ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ამაში დიდ თანხას არ ვხარჯავ.

- მანქანა რატომ არ გყავთ?
- რაკი წინა წლებში მანქანა მემსახურებოდა, ჩემი გავყიდე, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს ჰყავთ და პრობლემა არ მექმნება.
დეკლარაციის შევსების მომენტში პარ­ლ­ამენტარის ანგარიშზე "თიბისი ბანკში"­ ირიცხება 16.500 ლარი, 2.325 და კიდევ­ 84 დოლარი, ხოლო "ქართუში" - 1449,28 ევრო და 34.004 ლარი. როგორც ჩანს, ყოველთვის აქვს დანაზოგი "შავი დღისთვის".

- ფულის სესხება არ მიყვარს, თუმცა­ რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გამისესხებია, თან ისე, არც დაუბრუნებიათ. მახსოვს,­ სტუდენტობის პერიოდში, რაც კი ოქროს ნივთები მქონდა, ყველაფერი­ ერთ ნაცნობს მივეცი. ვერ დამიბრუნა და ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ამის გამო ვერ დავკარგავ ადამიანს.

- შემოსავალში ბინის გაყიდვიდან მიღებუ­ლი თანხა - 20.000 დოლარი გაქვთ მითითებული.
- დიახ, ფული დაგვჭირდა და თემქის ბინა 34.000 დოლარად გავყიდე. ნაწილი ხარჯებში წავიდა, 20.000 კი დამრჩა.

- როგორც ჩანს, დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი არ გყოფნით - ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობიდან 49.480 ლარი მიგიღიათ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობიდან - 18.750 ლარი და რატიც დასაქმებული ყოფილა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში საგრანტო ოფიცრად.
- რატი ცოტა ხანს მუშაობდა, ამჟამად­ უმუშევარია. ოჯახში ახლა მე ვარ ერთადერთი შემომტანი. 3.600 ლარზე მეტია ჩემი ხელფასი. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ხარჯს სრულად ფარავს, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი გაჭირვებული ჰყავს და ამდენი პრობლემა აქვს, უნდა იმყოფინო. ამას ემატება დამატებითი შემოსავალიც, როგორც მეცნიერის... პარლამენტის წევრის ხელფასზე მაღალი სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებია, მაგალითად, სამინისტროებში დეპარტამენტის უფროსების და ა. შ. სხვათა შორის, ადვოკატობით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს...

თავს იმის უფლებას ვერ მისცემ, ხელფასი­ გაიზარდო. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ავკრძალეთ პრემიები დეპუტატებისთვის, მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იღებენ. 2012 წელს, პარლამენტის წევრობის შემდეგ ჩავთვალე, რომ არაეთიკური იქნებოდა ადვოკატურას ემუშავა და გავაუქმე. მენატრება ჩემი საქმე და დავბრუნდები, სასამართლო რეფორმას რომ დავასრულებ, მერე.

ასეთი სასამართლოს პირობებში ნამდვილად არ დავბრუნდები. ბრძოლას ვერ მივატოვებ. არ ვიღლები, არ არსებობს ძალა, რომელიც გამაჩერებს, ვიღაცებს კი მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე...

მისი ქონება-ცხოვრების შესახებ არაერთი ჭორი დადის - ამბობენ, ბიზნესი აქვსო, მცხეთაში სამსართულიანი სახლი შეიძინა, მაგრამ დედის სახელზე გადააფორმა და ქონება დამალაო...

ეკა ბესელია:

- არაფერი მაქვს დასამალი. სულ ცდილობენ, რაღაცები მოიგონონ­, მესმის ჭორ­ები, ვითომ ძალიან მდიდარი და ყოვლისშემძლე ვარ, მაგრამ ფაქტები არსად ჩანს. ამას წინათ სალონში მითხრეს, რომ ავტობუსების პარკის მფლობელი ვყოფილვარ და თურმე "2 ნაბიჯიც" ჩემი ყოფილა,­ არადა, ერთხელაც კი არ შევსულვარ. რაც მაქვს, ყველაფერი ჩავწერე დეკლარაციაში. თავიდან ვნერვიულობდი ამ ჭორების გამო, მაგრამ იმდენი ცილისწამება და ტყუილი მოვისმინე, დღეს რეაქცია აღარ მაქვს. თუ საჯარო მოხელემ უკანონობა ჩაიდინა, მას ბრძოლისა და პროტესტის ძალა აღარ ექნებოდა, მე კი არაფერი მეტყობა იმის, რამე მაშინებდეს. ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს, გავჩუმდები და წავალ პოლიტიკიდან ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. უფრო მეტ კომფორტშიც კი ვიქნები...

- რას გულისხმობთ?
- ბევრჯერ მქონდა შანსი, გავმხდარიყავი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყოველ ჯერზე უარი ვთქვი... ადვოკატობას არ ვგულისხმობ... არჩევანი სულ მქონდა, მაგრამ ეს მოითხოვდა მცირე კომპრომისს და ამას არ დავუშვებდი - პრინციპებს არასდროს გადავაბიჯებ, მირჩევნია, მშვიდად ვიცხოვრო.

ნინო ჯავახიშვილი

ნანა
15 თებერვალი 2020 00:56
ძმისა და შვილის დაჭერით როცა დაემუქრენ ვურჩიე პოლიტიკიდან წასულიყო. ჩემს თვალწინ მოხდა და ხდება, რაც ხდება-. ცილისწამება ადრესატისთვის მძიმეა, მაგრამ იმზე მძიმე მაინც ისაა, რომ მართალად ცხოვრებას ამით და ამდაგვარობით აზრი ეკარგება.
Nik
13 თებერვალი 2020 13:07
ეკა თქვენი პოლიტიკური მომხრე არ ვყოფილვარ, მაგრამ, მთავარი რაც ადამიანში ფასდება არის შვილები, როგორც ჩანს თქვენ წარმატებით გაართვით ამ მეტად საპასუხისმგებლო ტვირთს თავი, კარგი შვილები აღგიზრდიათ, ყოჩაღ!
13 თებერვალი 2020 03:54
კი ძალიან მეცოდები. ხელფასიდან ხელფასზზე ცხოვრობ

რუბრიკის სხვა სიახლეები