"ჩვენს უბედურებად პოლიტიკური უალტერნატივობა იქცა..."
"ჩვენს უბედურებად პოლიტიკური უალტერნატივობა იქცა..."
"ვითარება რთულია, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ალტერნატივას, ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე"

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას შეეცადა ევროპელი პოლიტიკოსები დაერწმუნებინა ჩვენი ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციის რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა. დოკუმენტში, რომელიც 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს, ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს,
2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს. მასში ასევე ვკითხულობთ: "საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეასრულოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, დროულად გაატაროს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში პოლარიზაციის გადასალახავად". შეიძლება ითქვას, ეს რეზოლუცია გაგრძელებაა იმ კრიტიკული შეფასებებისა, რაც ბოლო კვირებში არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსის წერილებში ამოვიკითხეთ და რომელთა ადრესატიც საქართველოს მთავრობა გახლდათ. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

სანდრო თვალჭრელიძე

- როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები ბოლო დროს განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან, რაც საქართველოს გარშემო ნამდვილად ქმნის დაძაბულობას. ჩემი აზრით, ამას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - არსებობს საფრთხე, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ორ ვადაზე დიდხანს დარჩენამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ქვეყნის განვითარებას, ამიტომაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორები სწორედ ამის გათვალისწინებით მოქმედებენ - მათი სურვილია საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
ზუსტად ასეთივე შეფასებები გაკეთდა შევარდნაძის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში. თუმცა დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია. შევარდნაძის დროს ქვეყანაში იყო ალტერნატივა მიხეილ სააკაშვილის სახით და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ფსონი სწორედ მასზე დადეს. სამწუხაროდ, დღეს ამგვარი ფიგურა არ ჩანს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზოგიერთი პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსის წარმოჩენას ცდილობენ, მაგალითად, "ევროპული საქართველოს" და დავით ბაქრაძის, მაგრამ ისინი ვერაფრით გახდებიან მმართველი ძალის საპირწონე, არა იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს მოსწონს, არა, მასაც დიდი უნდობლობით ეკიდებიან, მაგრამ სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობაც უფრო მცირეა. ჩვენს უბედურებად, უფსკრულად იქცა პოლიტიკური უალტერნატივობა.

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ერთმანეთის ალტერნატივა არიან. არ ვიცი, რას იზამს მამუკა ხაზარაძე, ის ძალიან ნელა მუშაობს, თანაც ზედმეტად გაცვეთილ ტექნოლოგიას მისდევს - მხოლოდ მთავრობას აგინებს, ნაცვლად იმისა, რაიმე რაციონალური შემოგვთავაზოს. მოკლედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის გინებით და დადებითს არაფერს არ ჰპირდებიან მოსახლეობას. ალბათ, უპირველესად იმიტომ, რომ იდეების ნაკლებობაა.

- ანუ ეთანხმებით რამაზ საყვარელიძის მოსაზრებას - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით ვერ წარმოშვაო.
- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენს პარტნიორებს კიდევ ბევრი რამ არ მოსწონთ, ყველაზე მეტად კი შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო. პირადად მე დიდი წარმოდგენის არა ვარ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ქართულ რეალობაში მაჟორიტარული სისტემა უფრო მიუღებელი გახდა. როცა ივანიშვილი პროპორციული საარჩევნო წესის ინიციატივით გამოვიდა, ჩვენმა პარტნიორებმა იფიქრეს, ეს კარგი საშუალებაა კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლადო, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა საბოლოოდ ვნახეთ, რომ მმართველმა ძალამ ამაზე უარი თქვა.

ვფიქრობ, დასავლეთიდან მთავრობის კრიტიკა კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ გამოსავალი სად არის? რას გვთავაზობენ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის პარალელურად, ან საქართველოს ხელისუფლება რას აპირებს? - სამწუხაროდ, რაიმე ხელშესახები არ ჩანს.

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამ წერილების ავტორთა ნაწილის გულწრფელობა ცოტა საეჭვოა. ვგულისხმობ იმ ტეხასელ კონგრესმენებს, რომლებიც "ფრონტერას" ლობისტებად მოგვევლინენ. არადა, ეს არის კომპანია, რომელზეც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძეს ვეუბნებოდი, რომ მისი მესვეურები აფერისტები იყვნენ და ვურჩევდი ამ კომპანიის ქვეყნიდან გაშვებას. მოკლედ, ერთბაშად ბევრი საკითხი გადაიკვეთა, მაგრამ ფაქტი ერთია - ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამან განაპირობა უარყოფითი შეფასებებიც. ამასთან, არანაირი უნარი არა აქვთ, სათანადო პასუხი გასცენ ამ კრიტიკას.

თავის დროზე ხომ მიიღეს საარჩევნო კანონმდებლობა? ითქვა, რომ 2024 წელს პროპორციულ წესზე გადავიდოდით, ვინ აიძულებდა ბიძინა ივანიშვილს ახალი პირობის დადებას და 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლის დაანონსებას? მხოლოდ იმიტომ, რომ დემონსტრაციები დროებით შეეწყვიტა, ასეთი დაპირება გასცა და საბოლოოდ უარესი მიიღო. არასდროს არ უნდა შეჰპირდე იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა ან არ შეგიძლია. რა სახელმწიფო მოღვაწე ხარ, თუ საჯარო დაპირებას ვერ ასრულებ? როცა ასე ხდება სიტყვის გატეხა პოლიტიკაში, მერე ნდობის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამიტომაც შეშფოთდნენ.

ვითარება რთულია, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ალტერნატივას, ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე. ისევ იმ ჯადოსნურ წრეში ვართ, როდესაც კარგს და უკეთესს კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ ნაკლებად უარესს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, კვლავაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ოღონდ დიდი იმედი მაქვს, რომ არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პოლიტიკური ძალები ითანამშრომლებენ.

- საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების შედეგებს თუ შევხედავთ, მხარდაჭერით დიდად ვერც მმართველი პარტია სარგებლობს. უპირატეს მდგომარეობაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ ოპოზიციურ ძალთა რეიტინგი უფრო უარესია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი კი ლამის 60%-ს შეადგენს. რატომ ვერა და ვერ მოხერხდა ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც "ქართულ ოცნებასაც" გაუწევდა კონკურენციას და "ნაციონალურ მოძრაობასაც"?
- პრაგმატულ რამეს ვიტყვი - არჩევნებში წარმატებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფულს, ის კი ქართულ პოლიტიკაში ორ პოლიტიკურ ცენტრზეა გადანაწილებული. სამართლიანი პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია და კარგი იქნება ამის წახალისება სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. აუცილებელია ახალი ევროპული ყაიდის პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობა, მაგრამ ამისთვის თანხებია საჭირო, ვფიქრობ, არსებობს საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ამ პროცესს უნდა აძლევდნენ ბიძგს.

თავის დროზე შევარდნაძის საპირწონედ სააკაშვილს სწორედ ასე დაუჭირეს მხარი. მარტო მოწოდებები და ლოზუნგები არაფერს გვიშველის. კარგია დემოკრატიის აშენება, მაგრამ როგორ ააშენებ ღარიბ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს რეალური სივრცე პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები გაღატაკებული არიან.
მეორე პრობლემაა არსებული პოლიტიკური სპექტრის არაპროფესიონალიზმი, იდეების უქონლობა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ქართულ ოცნებაშიც", "ნაციონალურ მოძრაობაშიც", "ევროპულ საქართველოშიც", "ლელოშიც" და ა.შ. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ ერთმანეთის ოპონირებას ანდომებენ დროს და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემოთავაზებას.

- საერთაშორისო ძალისხმევის გათვალისწინებით, რამდენად ელით, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კანონმდებლობის საკითხში რაიმე დათმოს?
- პარადოქსულ რამეს ვიტყვი - არჩევნებს იგებს არა საარჩევნო სისტემების შეცვლა, არამედ ხალხის ნდობა. ვისაც მოინდომებს ქართველი ერი, იმას მოიყვანს ხელისუფლებაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ჩვენი უახლესი ისტორიიდან: წმინდად მაჟორიტარული სისტემით სრულიად ურთულეს ვითარებაში მოიგეს არჩევნები ზვიად გამსახურდიამ და მისმა "მრგვალმა მაგიდამ", 2012 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა მოიგო სწორედ ამ შერეული სისტემით.

- მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" მზად არის ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს, რაც ცოტა უცნაურია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აცხადებდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენას არ გეგმავდა, რომ არ ხიბლავდა ძალაუფლება. ამ მოტივით ის პრემიერის პოსტიდანაც წავიდა...
- ჩემი აზრით, ამას წმინდა ფსი­ქოლოგიური ფაქტორები უძევს საფუძვ­ლად. ძალაუფლება დიდი ცდუნებაა. ამ გამოცდას მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი აბარებს.
სხვა პრობლემებიცაა იმ პირებში, ვინც დღეს "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. გვარ-სახელების თქმა არ მინდა, მაგრამ გაიხსენეთ, ვინ არიან პარლამენტის ლიდერები, რა ბიოგრაფიის ხალხი, რა იციან? არჩევნები თუ წააგეს და სახლში წასვლამ მოუწიათ, რა უნდა აკეთონ?! რატი ამაღლობელის ლექსისა არ იყოს, გვყავს პარლამენტარები, რომლებიც "დეპუტატებად დაიბადნენ" და ოცნებობენ, რომ "დეპუტატებად დაიხოცონ". მათ არც იდეები აქვთ, არც საქმის კეთების სურვილი, მხოლოდ ერთი მოტივაცია ამოძრავებთ, როგორმე შეინარჩუნონ დღევანდელი მდგომარეობა.

- ბოლო დროს პოლიტიკოსთა ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა იყო თბილისის საკრებულოში, სადაც მმართველი ძალის დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი გალახეს. ხელჩართული ჩხუბები რეგიონებშიც ვნახეთ. ხომ არ არის საშიშროება, რომ წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ცემა-ტყეპის განუწყვეტელ პროცესად იქცეს?
- არა მგონია. პოლიტიკურ ძალებს ყურადღების მისაქცევად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა უჭირთ და ამიტომაც მიდიან ამგვარ პროვოკაციებზე. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესების მასშტაბურობის არ მეშინია, მით უფრო რევოლუციური დაძაბულობისთვის რესურსი არ არსებობს. რევოლუციურ გზას ჩვენი საზოგადოება არ გაჰყვება. ხაბეიშვილი იქნება, ბოკერია თუ ივანიშვილი, დიდად არც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ პოლიტიკური ეთიკა, ზნეობის სტანდარტი მკვეთრად დაქვეითდა. ეს ეხება უკლებლივ ყველას - ხელისუფლებას, ოპოზიციას და, როგორი დასანანიც უნდა იყოს, არასამთავრობო სექტორსაც.

ხალხი აღარაფერს ერიდება, ერთმანეთს დედას აგინებენ, ათასგვარ ტყუილს ავრცელებენ. ეს უბედურება გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივიღებთ კანონს "დიფამაციის შესახებ" (დიფამაცია - ვინმეს სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება, უპირატესად პრესის მეშვეობით). აბა, სცადოს ვინმემ დიდ ბრიტანეთში და ისეთი რამ თქვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, სულ ცოტა, ორი წელი მოუწევს ციხეში ყურყუტი.

ამ გაუთავებელ პოლიტიკურ დებატებსა და დაპირისპირებაში ხშირად გვავიწყდება, რომ ვართ ერთი ერის შვილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და ძალაუფლებისთვის ან მის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ წითელი ხაზის გამუდმებული გადაკვეთით უპირველესად ჩვენს სახელმწიფოს ვუთხრით ძირს.

- მაისში თბილისმა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქმა, ევროპის საბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. არის მოლოდინი, რომ საქართველოს რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ეწვევიან. ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციებით უკვე იმუქრება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"...
- დავიწყებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით. ის პრეზიდენტი კი არის, მაგრამ არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. შესაბამისად, მას ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება არა აქვს - სალომე ზურაბიშვილი ვერ გადაწყვეტს ვერც მინისტერიალის ჩატარების საკითხს და ვერც იმას, დაესწრება თუ არა რუსული დელეგაცია.
ძალზე არასასიამოვნო ვითარებაში ვართ - ეს მინისტერიალი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის მომავალ წელს. ლავროვის აქ ჩამოსვლას აუცილებლად მოჰყვება დიდი საპროტესტო დემონსტრაციები. მთავარია, ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოში ჩაეტიოს. ისე, ლავროვი ამას შეჩვეულია, მას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხვდებიან ანტირუსული გამოსვლებით. რაც შეეხება იურიდიულ კაზუსებს, ერთი მხრივ, უნდა შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიცით, რომ ბატონ ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და თითქოს გამოსავალი არ ჩანს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციაში წერია - თუ პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მაშინ უზენაესია საერთაშორისო ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, გამოსავლის გამონახვა შეიძლება. მინისტერიალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და გავრილოვის ჩამოსვლისას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთის დელეგაციის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა მიეცეს რომელიმე სესიის თავმჯდომარეობის უფლება.

- არსებობს ასეთი მოსაზრებაც, საქართველომ მინისტერიალს უმასპინძლოს არა საქართველოში, არამედ სტრასბურგშიო...
- საქართველო ამ ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორია და ნამდვილად შეუძლია ღონისძიების ჩატარება სტრასბურგში, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ეროვნული ღირსება, გვსურს დავანახოთ ხალხს, რომ სახელმწიფო გვაქვს, აუცილებელია შევასრულოთ საერთაშორისო ვალდებულებები და კარგი იქნება, თუ ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
დღის კითხვადი სტატიები