"თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ" - კვირის პალიტრა

"თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ"

"ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ "გადააგდო"

მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, დაიწყო პროცესი, რასაც უკვე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ახალი - ეპისტოლარული ეტაპიც შეიძლება ვუწოდოთ. პირველი, ვინც შეშფოთება წერილობით გამოხატა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი გახლდათ. "შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით... საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს". ამას მოჰყვა პრემიერ გახარიასთვის მიწერილი კრიტიკული წერილების "დასტა", რომელშიც უკიდურესად მწვავედ არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება. "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან საუბრისას ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა რობინ შეპარდმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკიდან მიღებული წერილების გათვალისწინება, რადგან "ამ წერილებით საქართველო გააფრთხილეს. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს"."საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ ამ წერილების მთავარი გზავნილები.

ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები

- ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი "გადააგდო". ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს, გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!

"ანაკლიის პორტის პროექტი" და "ფრონტერა"

"აშშ-ის მხარდაჭერილ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" "ოცნების" პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკულ კომპანიებს პროექტში ჩართვაში ხელი შეუშალა. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნესგარემოზე და შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები", - ამონარიდი კონგრესმენების: ადამ კინზინგერის, ელიოტ ენჯელის, გერი კონოლის, მაიკლ მაკკოლის წერილიდან. ამერიკელ პოლიტიკოსებს დაუცველი ამერიკული ინვესტიციების მაგალითად მოჰყავთ კომპანია "ფრონტერაც", რის შემდეგაც "ოცნების" ზოგიერთმა წევრმა ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ზოგიერთი კომპანიის ლობისტობაზე დაიწყო ლაპარაკი.

გიორგი გობრონიძე: - დავიწყოთ ანაკლიის პორტით. თავის დროზე, როდესაც მაიკ პომპეო შეხვდა იმჟამინდელ პრემიერ ბახტაძეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ თქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რისი განხორციელების შემდეგაც საქართველო გახდება რეგიონული ჰაბი არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის მიმართულებითაც და მოემსახურება ამერიკული ტვირთების მოძრაობას. ასევე დაუფარავად ითქვა, რომ ამ პორტის მშენებლობით ამერიკა იყო დაინტერესებული. ამ შეხვედრაზე პომპეომ ბახტაძისგან მიიღო დაპირება, რომ პროცესი არ შეჩერდებოდა. შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უკვე პარტნიორი "გადააგდო", ამას მოჰყვა ყველაზე უარესი ახსნა, - ეს თურმე ხელისუფლებამ იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო. რა გამოვიდა? იმის გამო, რომ რუსეთში ვიღაცას რაღაც არ მოსწონდა, ჩვენ უარი ვთქვით ეროვნულ ინტერესზე. ამერიკელ პოლიტიკოსთა გულისწყრომა გამოიწვია არა მარტო იმან, თითქოს ვინმე ლობირებს ამერიკულ კომპანიებს, არამედ იმანაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ "გადააგდო". ეს პროექტი რეგიონისთვის იქნებოდა ისეთივე გარდამტეხი ნაბიჯი, რაც იყო თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელიც ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღევანდელი, არ თქვა უარი და მოახერხა ურთულეს პირობებში უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება "ფრონტერას", შესაძლოა ლობისტებმა მართლაც ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც ქვეყანაში დაბრკოლება არა აქვს რუსულ, ყაზახურ თუ აზერბაიჯანულ ინვესტიციებს, რატომ შეექმნა ერთბაშად რამდენიმე ამერიკულ კომპანიას პრობლემები? ჩნდება ეჭვი, მიზანმიმართულად ხომ არ ცდილობენ ქართულ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობის შესუსტებას?

მმართველი ელიტა მაინცდამაინც სწორად არ უყურებს აშშ-თან პარტნიორობას - ან მასზე დიდი ზეწოლაა, ან განსხვავებული დღის წესრიგი აქვს, რაც თანხვედრაშია რუსულ პოლიტიკურ ხედვებთან.

საქართველო და რუსეთი

"ვშიშობთ, რეფორმების პროგრესის შეფერხება და დაძაბულობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის გაზრდას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას და იძულებული გავხდებით, პარტნიორობას გადავხედოთ", - ამონარიდი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმზ რიშისა და კომიტეტის წევრ ჯინა შაჰინის წერილიდან.

გიორგი გობრონიძე: - "ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამგვარი პოზიცია ჰქონდა - არ გვინდა ვიქცეთ განხეთქილების ვაშლად დასავლეთსა და რუსეთს შორის. დეკლარირებულად არ ვამბობთ დასავლურ ინტეგრაციაზე უარს, მაგრამ არც რუსეთს ვაღიზიანებთო. მოკლედ, გადავედით რუსეთთან დაყვავების პოლიტიკაზე, რაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთისთვის არ იქნებოდა საკმარისი. ქართულმა პოლიტელიტამ და პოლიტიკურმა კლასმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზრონ, რომ პრობლემა განცხადებები კი არა, ის მოცემულობაა, რომელიც არსებობს. კერძოდ, რუსეთს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რაც გულისხმობს მისი ჰეგემონიის განმტკიცებას იმ ტერიტორიებზე, რომელთაც იმპერიის ყოფილ ტერიტორიებად მოიაზრებს, ჩვენ კი გვინდა გადარჩენა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. თუ რუსულ ეროვნულ გეგმას ხორცი შეესხა, ჩვენი ეროვნული გეგმა ჩაიშლება.

არის ერთი საკითხიც - იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვნად რეაგირებდეს რუსულ საფრთხეებზე, მას სჭირდება ეკონომიკური ზრდა და დემოკრატიზაციის შეუქცევადი კურსი. ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა მდგრადი ეკონომიკური ზრდის პრობლემას. მას 2012 წლის შემდეგ ჰქონდა წინსვლა, თუმცა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეშია. დემოკრატიზაციის ის მონაპოვარი, რაც მიიღო სახელმწიფომ, რომელმაც ბალტიისპირეთის რეგიონის შემდეგ პირველმა შეცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სრულად გავანიავეთ. პოლიტიკური კლასის უმწიფარობამ განაპირობა, რომ ვეღარ გაგრძელდა ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაციის კურსი. ასეთ ვითარებაში დასავლეთის შეშფოთება გასაგებია. თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, თავს იზოლაციისა და რუსული ოცნების ასრულებისთვის ვწირავთ.

ხელისუფლების პასუხები

- ინფანტილური საქციელი იყო, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსების წერილების დამალვა სცადეს. მერე რა საპასუხო განცხადებებს ვისმენთ? - თურმე ამერიკელ პოლიტიკოსებს საკმარისი ინფორმაცია არა აქვთ. კარგი, მათ არა აქვთ, ჩვენ ხომ გვაქვს? თურმე მაჟორიტარებმა ამბოხი მოაწყვეს და ჩააგდეს ივანიშვილის დაპირება, რის მერეც ისევ ხელისუფლების ნაწილად დარჩნენ... ამის მერე რამდენმა კაცმა დატოვა "ოცნება", ნუთუ მათაც არ ჰქონიათ საკმარისი ინფორმაცია?! იქნებ "ოცნება" ცხოვრობს საკუთარი წარმოსახვით იმიტირებულ რეალობაში და ჰგონია, ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობა გვჭამს და მთელი სენატი, კონგრესი, მთელი ქვეყანა "ნაცმოძრაობისგან" იღებს ინფორმაციას?!

ეს წერილები ნიშანია იმისა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაღაც კარგად არ მიდის. თუ მაინცდამაინც ის უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაიკ პომპეომ საჯაროდ "დაახუროს", მერე ტრამპმა "ტვიტერზე" დაწეროს, საქართველოს ხელისუფლება ასცდა დემოკრატიის გზასო, და განგვიხილონ როგორც ახალი ევროპული ბელარუსი?! თანაც არანაკლებ მკაცრი განცხადებები ისმის ევროპიდანაც.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება საზოგადოებისგან განყენებულად ცდილობს პოლიტიკური პროცესის წარმართვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ვნახეთ, რაც შეიძლება წავიკითხოთ ასე: ხელისუფლება თავისთვის აკეთებს პოლიტიკას, სახელმწიფო კი თავისთვის არსებობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის აღსადგენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება...