"საქართველომ მსოფლიოს გასაგონად უარი უნდა თქვას იმ ღონისძიებებზე, სადაც რუსული დელეგაცია იქნება" - კვირის პალიტრა

"საქართველომ მსოფლიოს გასაგონად უარი უნდა თქვას იმ ღონისძიებებზე, სადაც რუსული დელეგაცია იქნება"

"დღეს გახარია უმთავრესად რუტინული სამუშაოთია დაკავებული"

"მალე აქტიური პოლიტიკური სეზონი დაიწყება. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც,"დასპოილერებაც... საინტერესო ცხოვრება გველის... საბოლოოდ კი, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში, ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

- საარჩევნო ტექნოლოგიის ლოგიკით, არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებებს არ ველი, "ოცნების" ლოგიკით კი ყველაფერს ველი.

- ორივე ლოგიკის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე შეიცვლება პრემიერი? - ვინ დათანხმდება რამდენიმეთვიანი პრემიერის პოსტს, რომელიც მაინც ვერაფერს გააკეთებს? ივანიშვილიც რომ დაბრუნდეს, რა უნდა უთხრას ამომრჩეველს? დღეს ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმაც ასე არ იფიქროს და რაც მეტ პანიკურ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია უფრო მეტად შეეცდება ამაზე პედალირებას.

- როდესაც გახარია პრემიერად დანიშნეს, საზოგადოება მისგან მეტ აქტიურობას ელოდა, თუმცა ის არ აღმოჩნდა ისეთივე აქტიური, როგორიც შს მინისტრობისას იყო.

- მინისტრის პოსტზე გახარია ენერგიულად და აქტიურად იმიტომ მიგვაჩნდა, რომ ხშირად გვესაუბრებოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მისი მუშაობის ხარისხი უწყებაში, მაგრამ როდესაც პარლამენტი იბარებდა და ოპოზიციასთან დებატები უწევდა, გვესმოდა მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ახლა, როგორც პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნა აღარ აქვს და მისი განცხადებებიც ხშირად აღარ გვხვდება ყურში.

- მისი განცხადება, რომ წერილიც გვექნება, სიხარულიც და საინტერესო ცხოვრებაც, მხოლოდ სიტყვების თამაშია?

- ჟურნალისტს ასეთი პასუხი იმიტომ გასცა, რომ სერიოზულად აღარ გაეგრძელებინა ლაპარაკი. დღეს გახარია უმთავრესად რუტინული სამუშაოთია დაკავებული.

- დღეს გახარიასთვის დიდი გამოწვევა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებია. ახლახან ხელისუფლების წევრებმა ერთიმეორის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და ამერიკელ კოლეგებს საქართველოში არსებულ რეალობას სხვაგვარად დაანახებენ. - დიპლომატიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც რომელიმე საკითხის გადაჭრის წინ ერთი მხარე მეორეს სიტუაციას უმწვავებს, რათა შემდგომ მოლაპარაკების მაგიდასთან მოგების მეტი შანსი ჰქონდეს. არ არის გამორიცხული, სწორედ ასეთ ხერხს იყენებდნენ ჩვენი ამერიკელები პარტნიორები. ჩვენთან გაისმა მოსაზრებები, რომ ანაკლია, როგორც კომერციული პროექტი, წამგებიანია. შესაძლოა ამერიკელებმა დააყენონ საკითხი, რომ ანაკლია როგორც სტრატეგიული პროექტი დაფინანსდეს. ამერიკულ პრესაში უკვე იყო ამაზე საუბარი. ამბობენ, კი ბატონო, ჰქონდეს კომერციული მხარე, მაგრამ ფული ჩადოს იმან, ვინც სტრატეგიით არის დაინტერესებულიო.

- ამ დიდ სურათში როგორ განიხილება ის რეალობა, რომ თითქოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დათბობა იწყება?

- არ ვფიქრობ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა შეინიშნება.

- პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად არის საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" დაარღვიოს და რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს. - ზალკალიანმაც გააკეთა მსგავსი განცხადება. უფრო ადრე ივანიშვილმა თქვა, ჩვენ არ გვინდა, საქართველო რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად იქცესო. მე ზურაბიშვილის განცხადებასაც ამ ჭრილში განვიხილავ. სწორი პოზიციაა, როდესაც ევროსაბჭოში ქართული მხარის წარმომადგენლები რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს ამბობენ. ქართული მხარის პოზიცია გადამწყვეტი მაინც არ იქნება, მაგრამ ქართველებისთვის შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იყოს. ქართული მხარის ასეთი ტიპის ნეიტრალიტეტს ამერიკელებიც გაგებით ეკიდებიან, იმიტომ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს წაღებული და კიდევ რამდენს წაიღებს, კაცმა არ იცის.

- მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილის განცხადება რუსული დელეგაციის მასპინძლობის თაობაზე თავად "ოცნების" ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა, ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მიმართოს თხოვნით, რათა ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში ჩატარდეს. - მეტიც, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოსავალი. ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საერთაშორისო დონის შეხვედრები, სადაც რუსული დელეგაცია იქნება წარმოდგენილი, საქართველოში არ შედგეს და ამით ამოიწურება პრობლემა. საქართველომ მსოფლიოს გასაგონად უარი უნდა თქვას იმ ღონისძიებებზე, სადაც რუსული დელეგაცია იქნება, ან საორგანიზაციო კომიტეტმა გაუწიოს ანგარიში საქართველოს ამ სურვილს და შეზღუდული სახით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით წარმოადგინოს რუსული დელეგაცია.

- ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება საარჩევნო სისტემა. ამაზე ლაპარაკია როგორც ამერიკელი კონგრესმენების წერილებში, ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციაში. - არა მგონია, ამერიკელი კონგრესმენი იმის გამო წუხდეს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეო. ლაპარაკია სიტყვის გატეხაზე. მეც არ მესმის, რაში დასჭირდა "ქართულ ოცნებას" სიტყვის გატეხა.

ხათუნა ბახტურიძე