"ევროპას ისევ სურს ჭადრაკის თამაში კრემლთან, აი, კრემლს კი კრივის ილეთების გამოყენება ურჩევნია" - კვირის პალიტრა

"ევროპას ისევ სურს ჭადრაკის თამაში კრემლთან, აი, კრემლს კი კრივის ილეთების გამოყენება ურჩევნია"

"შეგიძლიათ თავი დაარწმუნოთ, რომ მაინც ჭადრაკს თამაშობთ, რომ ჯენტლმენი ხართ და მოწინააღმდეგისთვის სახეში გარტყმა არ გეკადრებათ, მაგრამ თუ თქვენი მეტოქე ამ აზრს არ იზიარებს, საბოლოოდ ეს თქვენი ჭადრაკი მხოლოდ და მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ მიიბეგვებით"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტისთვის წარდგენილ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარ იაკუბ კალენსკის მრავალგვერდიან მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაიდნის მოვლენების შემდეგ კრემლის ჰიბრიდული ომი გააქტიურდა, თუმცა ინფორმაციული ომი, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მოხსენებაში არ არის ნახსენები საქართველო, განსაკუთრებით 2008 წლის ომი. ბატონ კალენსკის პირადად ვკითხეთ, იყო თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ რუსეთი მსოფლიოში წარმატებით ავრცელებს თავის ნარატივს.

- იქ აღვნიშნე, რომ ეს ყოველდღიური დეზინფორმაციული კამპანია მაიდნის მოვლენებით დაიწყო, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ აქამდეც იყო იზოლირებული ინციდენტები... 2008 წლის ომი საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი იყო და მათ სცადეს სიცრუის გავრცელება... მაგრამ იქიდან, რასაც წაიკითხავთ მოხსენებებში, სტატიებსა თუ კვლევებში, ჩანს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ მთლად წარმატებულად ვერ შეაფასა ეს საინფორმაციო ოპერაცია. დიახ, თუ დასავლეთში ვინმე ამბობს, რომ საქართველო იყო აგრესორი, ეს აშკარად რუსული პროპაგანდის გამარჯვებაა.

- აცნობიერებს თუ არა დასავლეთი, რომ რუსეთთან საინფორმაციო ომშია ჩართული? - ეს მეც ძალიან მინდა ვიცოდე - ამ შეკითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი თითქოსდა არც მალავს, რომ საინფორმაციო ომი აქვს დასავლეთთან, დასავლეთში კი ბევრი ამას ვერ აცნობიერებს. ევროპას ისევ სურს ჭადრაკის თამაში კრემლთან, აი, კრემლს კი კრივის ილეთების გამოყენება ურჩევნია. შეგიძლიათ თავი დაარწმუნოთ, რომ მაინც ჭადრაკს თამაშობთ, რომ ჯენტლმენი ხართ და მოწინააღმდეგისთვის სახეში გარტყმა არ გეკადრებათ, მაგრამ თუ თქვენი მეტოქე ამ აზრს არ იზიარებს, საბოლოოდ ეს თქვენი ჭადრაკი მხოლოდ და მხოლოდ იმით დამთავრდება, რომ მიიბეგვებით.

- თქვენი შეფასებით, დასავლეთს ურჩევნია თვალი დახუჭოს ვითარების სიმძიმეზე? - თუ ევროკავშირის განცხადებების ენას დაუკვირდებით, ისინი არ იყენებენ სიტყვებს "საინფორმაციო ომი" ან "ინფორმაციული კონფლიქტი". დასავლეთი არ თვლის საკუთარ თავს, როგორც რუსეთთან კონფლიქტში ჩართულს, მაშინ როცა რუსეთს გააზრებული აქვს, რომ დასავლეთი მისი მეტოქეა. ეს ასიმეტრიული დამოკიდებულება სავალალო შედეგების მომტანია და ამის ფასს ქართველები და უკრაინელები იხდიან საკუთარი ტერიტორიებით.

რად უჯდება ეს ყოველივე დასავლეთს? შეგვიძლია თამამად ვაღიაროთ, რომ რუსეთის ცდები, დასავლეთი დაანაწევროს, საკმაოდ შედეგიანია. ისინი ხელს აფათურებენ აშშ-ის საქმეებში, ხელს უწყობენ ბრექსიტს და ა.შ. გაიხსენეთ რუსეთის საინფორმაციო მანევრები იტალიაში 2016 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმსა და 2018 წლის არჩევნების დროს. რაც მოეპრიანებოდათ, რუსები იმას აკეთებდნენ. რა იყო იტალიის პასუხი? არც არაფერი.

სად არის წითელი ხაზი? ამ შეკითხვაზე, სამწუხაროდ, დასავლეთს პასუხი არა აქვს.

- რატომ არის რუსეთის ფეიკ ნიუსტაქტიკა ასეთი მიმზიდველი? - ძალიან ხშირად ტყუილი ბევრად დამაჯერებელია, ვიდრე სიმართლე. გარი კასპაროვმა მოსწრებულად თქვა, დეზინფორმაციულ ომში ტყუილის გამვრცელებელს რიცხობრივი უპირატესობა აქვს, რადგან სიმართლე ერთია, ამ სიმართლის ტყუილად ქცევა კი ათასი მეთოდით შეიძლებაო. ამასთან, ყოველთვის იპოვი ვინმეს, ვინც ამჯობინებს ტყუილს დაუჯეროს, ვიდრე საკუთარი თავი დაადანაშაულოს რამეში.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ საკმაოდაა ხალხი, ვინც ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა დროს. ასეთებს ევროპაშიც იპოვით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კომუნისტურ პარტიებს ჯერაც ძლიერი პოზიცია აქვთ. არის ის ხალხიც, რომელიც რუსეთს იდეოლოგიური მოსაზრებების გამო უჭერს მხარს - მიაჩნიათ, რომ მოსკოვი "ტრადიციულ ღირებულებებს" იცავს და ა.შ.

- რითი აიხსნება პუტინის პოპულარობა დასავლეთში? ეს ძლიერი ლიდერის ქარიზმაა თუ ის "იდეალები", რომელთა დამცველადაც საკუთარ თავს აცხადებს? - ბევრს მიაჩნია, რომ ის ძლიერი ლიდერია, და ძნელია, ამაზე იდავო, თუ არ განაღვლებთ, რომ ის დიქტატორი და მასობრივი მკვლელობების შემოქმედია, რომ არაფერი ვთქვათ კლეპტოკრატობასა და იმაზე, რომ რუს ხალხს საკუთარი ქვეყანა მოჰპარა, მაშინ პუტინი ნამდვილად ძლიერი ლიდერია და კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, თუ საერთოდ არ ეყოლებოდა ოპოზიცია და ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში მომხდარს გააშუქებდნენ.

ისიც ფაქტია, რომ ადამიანების ერთ კატეგორიას გულწრფელად სჯერა იმ სისულელის, რომ პუტინი მათ ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. ევროპაში ჯერ კიდევ იპოვით ხალხს, რომლებიც რუსეთს ხედავენ როგორც დიდი ბალეტისა და ლიტერატურის მქონე ქვეყანას, სადღაც მე-19 საუკუნეში. მე რატომღაც დარწმუნებული არა ვარ, რომ გოგოლი ძალიან ბედნიერი იქნებოდა რუსეთის საქმიანობით უკრაინაში.

- სტრატეგიული კომუნიკაციების ჭრილში, ავიღოთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონკრეტული სცენარი. წარმოვიდგინოთ, რომ მე ალბანელი ვარ და მომყიდეთ ევროკავშირში გაწევრების 7-ნაბიჯიანი პროცესის ის იდეა, რომელსაც ასე დაჟინებით უჭერს მხარს საფრანგეთი. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, გვინდოდა ევროკავშირში გაწევრება, უამრავი რეფორმა გავატარეთ, ვხედავთ, რომ რიგ წევრ ქვეყნებზე მაღლა ვდგავართ დემოკრატიის, კორუფციის და სხვა ინდექსებში. ამ დროს კი ბრიუსელს უჩნდება ბრწყინვალე იდეა, შემოიღოს ახალი მექანიზმი, რომელიც ჩემი ქვეყნის გაწევრებას განუსაზღვრელი დროით გადადებს. რატომ? - ამ იდეას ვერ მოგყიდით, რადგან, ვფიქრობ, ეს პოზიცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემი აზრით, ეს მცდარი ნაბიჯია. სტრატეგიული კომუნიკაცია, თუ მას რეალური წონა აქვს, გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

თუ ამ გადაწყვეტილების სხვამდე მიტანა გიჭირს, ესე იგი, არც ისე კარგი გადაწყვეტილება მიგიღია. არ მშურს მათი, ვისაც ბრიუსელში ამ ნარატივის საზოგადოებამდე მიტანას დაავალებენ. არ ვისურვებდი ამის გაკეთებას, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზავნილია, რაც ევროკავშირმა გაუგზავნა აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს. წარმომიდგენია, როგორი გულგატეხილობა გამოიწვია ამ გზავნილმა მის ადრესატ ქვეყნებში.

- ამას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის დიაგნოზი, რომ ნატო "ტვინმკვდარი" ორგანიზაციაა, მოგვიანებით კი მისივე განცხადება, რომ ის რუსეთს ნატოს მოწინააღმდეგედ და მტრად არ აღიქვამს. როგორ აპირებს დასავლეთი ეს იდეა მიჰყიდოს საქართველოს, რომელიც წლებია, ნატოში შესვლას ცდილობს და არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა ავღანეთში? - არ ვიცი. მე ვერ შევძლებდი ამის ახსნას ქართველებისთვის, უკრაინელებისა და ჩრდილომაკედონიელებისთვის...

- პუტინის ფენომენს დავუბრუნდეთ - ცოტა ხნის წინ რუსული პოლიტელიტის გადახალისების მომსწრე გავხდით. დაანონსებული კონსტიტუციური ცვლილებებიც ფართო დისკუსიის საგანი გახდა. საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, თუ პუტინი არ იქნება, რუსეთთან ურთიერთობა შესაძლოა სასიკეთოდ შეიცვალოს, რომ ჩვენ უნდა გავუძლოთ და დამოუკიდებელ ქვეყნად დავრჩეთ მანამდე, სანამ ეს დღე დადგება... - ასე არ მოხდება. ჩვენ არა გვაქვს პუტინის პრობლემა, ჩვენ რუსეთის პრობლემა გვაქვს. პუტინი საკმაოდ პროგნოზირებადია - ის ტიპური რუსი ცარივით იქცევა, კომუნისტური პარტიული ტრადიციებით, მაგრამ ეს "ახალი მედვედევი"? რას უნდა ველოდოთ მისგან? ვფიქრობ, გვეტყვიან, რომ ის ბევრად პროდასავლელია და სულაც არ არის პუტინისთანა, ხუთი წლის შემდეგ კი ისევ იმავე პრობლემას წავაწყდებით.

თუ ყირიმიდან არ გამოვა, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს არ დააბრუნებს, რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა რუსეთის პრეზიდენტს? და ამ პრობლემის სათავე ისევ და ისევ დასავლეთის ინერტულობაშია.

თუ დასავლეთი, ევროპა არ გაიაზრებს, რომ ის კონფლიქტშია ჩართული რუსეთთან, რუსეთს არანაირი მიზეზი არა აქვს, შეიცვალოს.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში.

ვაჟა თავბერიძე