"ზურაბიშვილმა ჩემს შეკითხვას, - რას ფიქრობს რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე - სამწუხაროდ, არ უპასუხა" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილმა ჩემს შეკითხვას, - რას ფიქრობს რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე - სამწუხაროდ, არ უპასუხა"

"რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, კარგი ფასია სიკვდილის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ ხოცავენ... ხოცავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს - საქართველოში, ბრიტანელებს - სოლსბერიში", - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ. რადას დეპუტატმა კითხვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც სესიაზე როგორც ევროსაბჭოს გარდამავალი პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი პირი ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ოლეკსეი გონჩარენკოს მოგვიანებით ჩვენც ვესაუბრეთ:

- საქართველოს გარდამავალი პრეზიდენტობის ვადაში ეს იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები როგორც სესიის, ასევე ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ.

- იმედია, საქართველო წარმოგვიდგენს საკუთარ ინიციატივებს მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს, რას ფიქრობს რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე. მჯერა, რომ ეს იქნებოდა ქართული მხარის ერთ-ერთი კარგი ინიციატივა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ამ შეკითხვას არ უპასუხა. მან მრავალ საკითხზე ილაპარაკა და მისი გამოსვლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. არადა, ასამბლეას ჰქონდა კითხვები, მაგრამ ამ გრძელი სიტყვიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმეს დასმა მოხერხდა.

- თქვენი სიტყვა, ტრადიციულად, რუსეთის მწვავე გაკრიტიკებით გამოირჩეოდა. რა რეაქცია აქვთ ამაზე თქვენს ევროპელ კოლეგებს?

- სხვადასხვაგვარი. იმ ხალხს, რომელიც რუსეთთან მეტ-ნაკლებად ახლოს ცხოვრობს, არ უჭირს ამ პათოსის მიღება, ეს ყველაფერი თავადაც კარგად იციან. აი, მათთვის კი, ვინც, ასე ვთქვათ, ცოტა მოშორებით სახლობს, ეს ძნელად ასახსნელია და სხვანაირი რეაქციაც აქვთ. ხალხის ნაწილმა მადლობა გადამიხადა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, ნუ დაგვღალეთ რუსეთის ფედერაციაზე გამუდმებული წუწუნითო. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პუტინი და რუსეთი მსოფლიო უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენენ, ვფიქრობ, ხალხის ამ კატეგორიასაც არ აწყენს ჩვენი სათქმელის მოსმენა. მათაც გამუდმებით და დაჟინებით უნდა ვესაუბროთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა სიმართლის მოსმენა.

- ქართულ დელეგაციას რა რეაქცია ჰქონდა?

- ქართველებისგან ყოველთვის მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ და არც ეს სესია იყო გამონაკლისი. თავის დროზე, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებიდან (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთისა და შვედეთის დელეგაციების უმრავლესობა), რომელთაც მტკიცედ და ერთსულოვნად განაცხადეს უარი რუსეთის დაბრუნების სასარგებლოდ ხმის მიცემაზე. უკრაინას რაც შეეხება, 12 კაციდან ერთი გვყავდა პრორუსული პარტიიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა ამას, 11-მა კი წინააღმდეგ მივეცით ხმა.

- როგორ შეაფასებთ სანქციების ეფექტიანობას და რას ეტყოდით მათ, ვინც აცხადებს, რომ რუსეთზე სანქციები არ მოქმედებს?

- სანქციები უდავოდ მოქმედებს და ამაში დარწმუნდებით, თუ რუსეთის რეაქციას გადაავლებთ თვალს. კრემლს უზარმაზარი თანხების დახარჯვა უწევს იმ დანაკარგების გამოსასწორებლად, რასაც სანქციები რუსეთის ეკონომიკას აყენებს. მოუსმინეთ ყოფილ პრემიერ მედვედევს, მან თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა სანქციებია. აი, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სანქციები და მეტიც, ვფიქრობ, ახალი სანქციებიც გვჭირდება. სწორედ ეს ვკითხე პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც. ვფიქრობ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში.

ვაჟა თავბერიძე