რა მოხდება მაშინ, თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა? - რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? - კვირის პალიტრა

რა მოხდება მაშინ, თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა? - რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?

2020 წელს მაისში საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. ეს თემა ჩვენს საზოგადოებაში კითხვებსა და ეჭვებს აჩენს - როგორც ცნობილია, რუსეთის დელეგაცია თუ მიიღებს მონაწილეობას მინისტერიალში, საქართველოში, სავარაუდოდ, ჩამოვა საგერო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც თავის მხრივ, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

რა მოხდება მაშინ, თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა? კარგად გვახსოვს, გასულ წელს მართლმადიდებლური საპარლამენტო ანსამბლეის სესიაზე რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტს, რა პროცესებიც მოჰყვა. სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი მოჰყვება ლავროვის ჩამოსვლას. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, რომელმაც უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება ისე, რომ ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის ვიზტის ქართული სახელმწიფოსთვის ახალ გამოწვევად იქცეს?

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი: - ჩემი აზრით, უარი უნდა ვთქვათ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარებაზე და ღონისძიება უნდა ჩატარდეს სტრასბურგში. ეს მიღებული პრაქტიკაა და პრობლემას ვერ ვხედავ. ამგვარი მინისტერიალი ევროსაბჭოს პირობით "დედაქალაქში" ან თავმჯდომარე ქვეყანაში ტარდება ხოლმე და ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმით საქართველო არაფერს დაკარგავს. ამისთვის ჩვენმა ქვეყანამ თხოვნით უნდა მიმართოს ევროსაბჭოს, შემდეგ ეს თხოვნა დაკმაყოფილდება და ეს არც ცუდ ტონად ჩაითვლება საქართველოს მხრიდან. თორნიკე შარაშენიძე

- თუ მაისში საქართველოში სერგეი ლავროვი ჩამოვა, თქვენი აზრით, რა შეიძლება მოჰყვეს ამას? - ბუნებრივია ამას არეულობა და ქაოსი მოყვება. თუ იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ თბილისში ჩაატარებენ მინისტერიალს, მაშინ იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ რუსები მოერიდებიან არეულობას, შარს და არ გამოუშვებენ ლავროვს. თუ ლავროვს გამოუშვებენ, ცხადია, იქნება ქაოსი. თუ ვინმე ისეთს გამოუშვებენ, ვისაც "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დარღვეული არ აქვს, რას ვიზამთ, ევროსაბჭოს წევრია რუსეთი და უნდა შემოვუშვათ.

მაისამდე კიდევ 4 თვე კია, მაგრამ მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს გადაწყევტილება. რას აპირებს ხელისუფლება? -  ამ საკითხზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრა:

- ამ ეტაპზე შემიძლია ის გითხრათ, რომ შესაბამის საორგანიზაციო საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, თუ სად, როგორ და რანაირად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტერიალი. ირაკლი სესიაშვილი

ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, სტრასბურგს არ ავირჩევთ და სხდომა თბილისში ჩატარდება. საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ეს გადაწყვეტილება უკეთესია.

- თუ სერგეი ლავროვის ჩამოსვლა ქვეყანაში მასობრივ პროტესტს გამოიწვევს, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება?

- ბუნებრივია, როდესაც ასეთი დონის შეხვედრა ტარდება, ეს მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს აქვს თავისი კანონმდებლობა და მისი დაცვა ყველას მოეთხოვება.

იხილეთ ასევე: "განა მათ შეუძლიათ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღონ?" - რას ამბობს რუსეთის დელეგაციის მეთაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?

(სპეციალურად საიტისთვის)