"მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"მივიღეთ გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება"

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ "ვითარება შეიცვლება".

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და "საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების" გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

"ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ", - განუცხადა სენატორმა რიშმა "ამერიკის ხმას", საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიათან შეხვედრის შემდეგ.

სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.

"ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ", - აღნიშნა სენატორმა.