"ოცნებას" სამარცხვინო დეპუტაცია ჰყავს, თავად მილიონერები არიან, თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ვერ ხედავენ" - კვირის პალიტრა

"ოცნებას" სამარცხვინო დეპუტაცია ჰყავს, თავად მილიონერები არიან, თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ვერ ხედავენ"

"ქართული ოცნების" დეპუტატები აქ ყოფნას არ იმსახურებენ, განსაკუთრებით რევაზ არველაძისნაირ დეპუტატებს აუცილებლად მოუწევთ "სირცხვილის დერეფნებით" გასვლა, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ქართულ ოცნებას" ჰყავს სამარცხვინო დეპუტაცია, თავად მილიონერები არიან, დალხენილი ცხოვრება აქვთ და თურმე ბავშვების შიმშილობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, პროტესტი არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე რასაც დაგვპირდნენ იმას არ მივიღებთ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ასევე გამოეხმაურა სენატორ ჯიმ რიშის განცხადებასაც.

"სენატორმა რიშიმ, რომელმაც ძალიან მკაცრი წერილები გამოგზავნა თქვა, რომ შეხვედრები გაიმართა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ძალიან მყარი პირობები მისცა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაცებს ჰპირდებიან ამერიკელებს და მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი რისხვა დაატყდათ თავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამერიკელ სენატორებს პირდებიან რაღაცებს და ქართველი ხალხისთვის არაფრის ახსნა არ უნდათ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღეს გარანტიები, რომ "ვითარება შეიცვლება".

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ სენატორებიდან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა და "საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხების" გამო შეშფოთება გამოთქვა. რიშთან ექსკლუზიური ინტერვიუ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ჩაწერა.

"ინტერპრესნიუსი"