რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში ე.წ. გერმანულ მოდელზე და როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში - კვირის პალიტრა

რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში ე.წ. გერმანულ მოდელზე და როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში

5 თებერვალს ცნობილი გახდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ "გერმანულ მოდელს" ეხება. შეგახსენებთ, აღნიშნულ ცვლილებებზე შეფასების გაკეთების თხოვნით, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ე.წ გერმანულ მოდელზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ეუთო/ოდირს 2019 წლის 9 დეკემბერს მიმართა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს.

"საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული",-ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სტრანდარტისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

"შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების წესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის სურვილი ნათლადაა გამოხატული ბათილად არ იქნას ცნობილი; გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარულ რბოლაში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს; ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შესაჯამებლად მიცემული ვადა საჭირო პერიოდს არ აღემატებოდეს და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაში იყოს; პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვეოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც ჩატარდება შუალედური არჩევნები; განხორციელდეს ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი განაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის; გადაიხედოს კანონპროექტი, განისაზღვროს რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების თანმიმდევრობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან",- აღნიშნულია ეუთო/ოდირის შეფასებაში.

დასკნას უკვე მოჰყვა გამოხმაურება:

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: "არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირისგან - ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით - ერთი: ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციურობასთან და მეორე - მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა ჩვენი ოპოზიციის... როდესაც ოპოზიცია გუშინ ამტკიცებდა იმას, რომ ოდირის დასკვნის თანახმად, თურმე "გერმანული მოდელი" არის კონსტიტუციური, ეს არის ცალსახა ტყუილი".

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეუთოდან ვერ გვეტყვიან კონკრეტულად რომელი სისტემა ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის, ეუთო მიუთითებს, რომ ცალსახად ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო ჩართულობის შესაბამისად. ცალმხრივად ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მხრიდან, გადათქმა და შემდეგ მიღება, დაუშვებელია - ეს წერია დასკვნაში. გარდა ამისა, იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეთავაზება. პროცესთან მიმართებით ეს შეთავაზება უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ ოპოზიციასთან და ნებისმიერ მოდელზე შეთანხმება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ოპოზიციასთან".

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "ყველა დასკვნას ყველა სხვანაირად კითხულობს და ყველა თავისი ინტერპრეტაციას აძლევს. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანს პროფესიული უხერხულობა მაინც არ დაემართოს, როდესაც სხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ დასკვნას. ხელისუფლების განწყობა გასაგებია, ისინი წინასწარი განწყობით იყვნენ, რომ აუცილებლად არ უნდა მოსწონებოდათ და არ უნდა დათანხმებოდნენ დასკვნას. მე ვისურვებდი, რომ როდესაც საერთაშორისო ორგანზიაციები რეკომენდაციებს აკეთებენ, ამ რეკომენდაციებს რეალურად კითხულობდნენ საქართველოში. არ ვიცი "ქართული ოცნება" გაითვალისწინებს თუ არა დასკვნას, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ "ქართულ ოცნებას" ამ საერთაშორისო შეტევის ფონზე აქვს ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად ღირსეულად გამოვიდეს ამ კრიზისიდან, სწორედ ეუთოს დასკვნიდან გამომდინარე. მათ გამოიყენონ დასკვნა იმისთვის, რომ პრობლემა მოაგვარონ".

ბადრი ჯაფარიძე, "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი: "ეუთო/ოდირის დასკვნები არის ტექნიკური ხასიათის, კონსტიტუციურობის საკითხი არც არის დასმული, რადგან მოდელი რომელიც გაიგზავნა, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან...

"გერმანული მოდელი" ითვალისწინებს შერეულ, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებს, რადგანაც ყოველთვის იყო საუბარი, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებობდა მაჟორიტარების ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერდა პროპორციულ არჩევნებს, ამიტომ შევთავაზეთ მოდელი, რომელიც არ მოითხოვდა კონსტიტუციურ ცვლილებებს. ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, ეს მოდელიც არის აბსოლუტურად მიღებადი მარტივი უმრავლესობით".

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: "თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული".

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე: "ეუთო/ ოდირი დასკვნას აკეთებს შემდეგნაირად, მიუთითებს იმ რეკომენდაციებს, რასაც თვითონ ფიქრობს, რომ გასაკეთებელია. ეუთო/ოდირი არ აკეთებს მითითებას ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის გასაკეთებელი. ოდირის დასკვნაში, 6 პუნქტია რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი, არც ერთში არ წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის განსახორციელებელი. მაგალითად, მოლდოვის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც გასაკეთებელი იყო. ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ და ასე ადაპტირებულად შევიდეს ეს ყველაფერი პარლამენტში. "ქართული ოცნება" რას ამბობს? არ აინტერესებს ეუთო/ოდირი. არადეკვატური იქნება "ქართული ოცნების" პასუხი? ძალიან კარგი, რომ თალაკვაძე ჩადის ამერიკაში. კიდევ უფრო მკაცრი იქნება განცხადებები აშშ-ის მხრიდან".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით