"ავიაციის სფეროში სრული უკონტროლობაა" - კვირის პალიტრა

"ავიაციის სფეროში სრული უკონტროლობაა"

საერთაშორისო ავიახაზების, "სკაი ჯორჯიას" პრეზიდენტი გიორგი კოდუა თებერვალში საქართველოს დატოვებს და ხუთწლიანი კონტრაქტის საფუძველზე აფრიკაში, კერძოდ, ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში განაგრძობს მოღვაწეობას. მის გადაწყვეტილებას ქართველ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

ითქვა, კოდუას ავიწროებენ, ბიზნესი წაართვეს და აიძულეს, საქართველო დაეტოვებინაო. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან, რომელიც გულახდილად ლაპარაკობს ავიაციაში და საერთოდ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე

ამას წინათ პრეზიდენტმა ახსენა სინგაპურიზაცია, რაც სწორი მესიჯი იყო, მაგრამ ამას შესრულება უნდა. მცირემიწიან სინგაპურში ტურიზმის განვითარება ავიაციამ განაპირობა. გასაგებია, რომ საქართველოს აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, მაგრამ ამის გვერდით ძლიერი ავიაცია უნდა იყოს. მოსაზრება, რომ არაქართული ქვეყანა და ავიაცია ტურიზმს აგიმუშავებს, მაგალითად, "თურქიშ აერლაინი", მიამიტურია.

აგვისტოში, ომი რომ დაიწყო, გაჩერდა თუ არა ყველა ავიაკომპანია იმავე დღეს? მხოლოდ "აირზენასა" და "სკაი ჯორჯიას" არ შეუწყვეტია მუშაობა. ყოველდღე ვასრულებდით თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს. თურქეთისთვის რომც გვეთხოვა, მგზავრებს არ გადმოიყვანდა... მოგეხსენებათ, საწვავზე დამატებითი დღგ-ის გამო შიდა რეისები უფრო ძვირია. ეს წამგებიანი იყო, მოვითხოვეთ, ორმაგ ხარჯებს ნუ გაგვაწევინებთ-თქო, მაგრამ გვითხრეს, თქვენ თუ არ იფრენთ, თურქებს შემოვიყვანთო.

- მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ დღეს თქვენი კომპანია სამგზავრო რეისებს აღარ ასრულებს?

- ჩვენ მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ვაწარმოებთ ნატოს პროექტით, გვყავს კონტრაქტორი, რომელსაც ვემსახურებით ავღანეთში, ეს არის საქართველოს წარმატებული მისია. ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ევროპული ტვირთების თითქმის 50% გადაგვაქვს ავღანეთში. იმედია, დავბრუნდებით სამოქალაქო სექტორშიც, თუ სიტუაცია სტაბილური გახდა.

- თქვენს ბიზნესს მართლა ავიწროებენ?

- მე უფრო არაპროფესიონალიზმის ნიშნებს ვხედავ, ვიდრე ბიზნესის შევიწროებას. თუმცა ავიაციის სფეროში სრული უკონტროლობაა. პირველ რიგში, ავიაციის დეპარტამენტი კვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენ გვიხარია აქ უცხოური ავიაკომპანიის შემოსვლა, მაგრამ ეს არ არის ამოცანის გადაწყვეტა.

თუ გსურს, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაში წარმატებას მიაღწიო, ყველა ქვეყანაში უნდა გქონდეს რეისები და ადვილად შეიძლებოდეს ჩვენს ქვეყანაში დაბალი ტარიფებით ჩამოსვლა. ამას გააკეთებს მხოლოდ ქართული ავიაცია. დღეს ქართული ავიაცია არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. ჩვენი ერთადერთი კონკურენტის, ავიაკომპანია "აირზენას" თავისტკივილი არის ის, როგორ გადაიხადოს ფული, არ დაიჭირონ და სხვა.

- მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, მალე ევროკავშირი საქართველოს ავიაციას "შავ სიაში" შეიყვანს და ჩვენს ლიცენზირებულ ავიაკომპანიებს შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა აუკრძალონო.

- ქალბატონი ქობალია შესაძლოა, კარგი პიროვნება იყოს, მაგრამ მას ავიაციაში შექმნილი ვითარების გასაცნობად, წელიწადი თუ არა, რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. ისე, ეკონომიკის მინისტრი თითქმის ყოველ თვეში იცვლება და სად ვდიო მე თითოეულ მათგანს, როგორ ავუხსნა საქმის არსი?

ეკონომიკის სამინისტროში შეიძლება არ იყოს პროფესიონალი ავიატორი, მაგრამ სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს თვალსაზრისი და სტრატეგია. საავიაციო დეპარტამენტიდან კადრების თითქმის ნახევარი გაათავისუფლეს და დეპარტამენტი პარალიზებული დატოვეს. გასაშვები უნდა გაუშვან, მაგრამ თუ არავინ იმუშავებს, დეპარტამენტს პროფესიონალი კადრებით თუ არ შეავსებთ, უსაფრთხოება როგორ იქნება დაცული?

ჩვენმა კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა, განმკითხავი არავინაა. ვთხოვე ჩემს ძმას დამხმარებოდა იმის გარკვევაში, რატომ ხდებოდა ინციდენტი მხოლოდ ჩემი ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე - ერთხელ, როდესაც "სიარჯი" ჩამოვიყვანე, ძრავა გაგვიფუჭეს და რეისი ჩაგვიგდეს, მერე "შემთხვევით" გადაგვიწვეს ბლოკები, შემდეგ "შემთხვევით" ქვა აღმოჩნდა ძრავაში...

გამოძიებაზე უარი მივიღე, არ გვაინტერესებს ეს თემაო და ყველაფერი შემთხვევითობას დაბრალდა. ერეკლემაც უარი მითხრა დახმარებაზე, - ავიაციაში არ ჩავერევიო. თუ ამ საკითხით ჩემი ძმა არ დაინტერესდება, სხვასთან რომ მივსულიყავი, ინტერესი ნული იქნებოდა. ამიტომაც გავჩერდი...

საქართველოში ავიაციის განვითარების სტრატეგია არ არსებობს. მე, პირადად, დავიღალე ბრძოლით, ხელები ამიწევია, მივდივარ!

- რატომ და როდის მიდიხართ აფრიკაში, ბატონო გიორგი?

- მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებთან გავაფორმე ძალიან კარგი კონტრაქტი, მე კომპანიიდან არ მივდივარ. ტანზანიაში, კერძოდ, დარ-ეს-სალამში განვავითარებ სახელმწიფო ავიაკომპანიას, სადაც გენერალურ მენეჯერად ვიმუშავებ. გადმომეცემა ასევე "კილიმანჯაროსა" და "არუშას" ავიაკომპანიების ინფრასტრუქტურა. მათ მოიწონეს ჩემი 5-წლიანი გეგმა და ტანზანიაში თებერვალში გავემგზავრები.

- ხმა გავრცელდა, რომ ქვეყნიდან ლადო გურგენიძესთან და მის "ლიბერთი ბანკთან" წარმოქმნილი უთანხმოების გამო მიდიხართ. ითქვა ისიც, რომ წაგართვეს ბიზნესი...

- ეს აბსურდია. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენს კომპანიას მძიმე დრო ედგა, ამას დაემატა ომი, 6 აგვისტოს რუსეთიდან მოგვივიდა რადიოგრამა, რომ შეგვეჩერებინა რეისები. სხვათა შორის, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი, მაქვს უტყუარი საბუთი: ჯერ ომი არ იყო გამოცხადებული და რუსეთიდან მივიღე ასეთი შინაარსის წერილი:

"გთხოვთ, აღარ შემოფრინდეთ რუსეთში, რეისები გააჩერეთ!" მესამე დღეს კი ომი დაიწყო. ჩვენს ავიაკომპანიას იმხანად დიდი ზარალი მიადგა და, აქედან გამომდინარე, ბანკებიდან ავიღეთ კრედიტები, ვიყავით გაკოტრების პირას, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მოვნახეთ ინვესტორები, რომლებმაც ჩაგვრთეს ნატოს პროექტში და ვიპოვეთ ადგილი კარგოს სექტორში. ამით მოგვეცა ვალების დაფარვის შანსი. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება "ლიბერთი ბანკთან", რომელიც ჩვენი კომპანიის 20%-ის მფლობელი კრედიტორია, ოღონდ, არა - მეწილე.

გურგენიძეს სურდა, თავისი თანხა გაეტანა, დანარჩენმა კრედიტორებმა თავიანთ თავს მიხედონო. ეს არაკეთილსინდისიერი საქციელი იყო, ვინაიდან არსებობს რიგითობა. ლადო გურგენიძე ძალიან აგრესიულად, მის მიერვე დაწესებული კანონებით მოქმედებს, პიროვნულად წყვეტს, ვის რა გამოართვას. რატომ უნდა ამოირჩიოს კომპანიამ ერთი ბანკი და სხვას არ გადაუხადოს ვალი? მე ვალდებულებას არ გავურბივარ, გურგენიძეც ჩადგეს რიგში და იმ ვადაში აიღოს ვალი, რომელსაც სასამართლო დააწესებს. თუ არადა, წაიღოს გაკოტრებული კომპანია, ინვესტორები გავლენ, მეც მივდივარ და ვერავინ ვერაფერს მოიგებს. გვამუშაონ და გადავიხდით.

- თქვენი ძმის, ერეკლე კოდუას სტატუსი, რომელიც ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, არასდროს გამოგდგომიათ ბიზნესში?

- პირიქით, ამით დისკომფორტი უფრო მექმნებოდა, თუმცა ყველას მასე ჰგონია. ისე, რატომ უნდა გეხმარებოდეს  ძალოვანი სტრუქტურა? ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. მახსოვს, როდესაც პრემიერად ნოღაიდელი იყო და თურქეთთან საავიაციო მოლაპარაკებები მიდიოდა, ჩემი პოზიცია დაითრგუნა, ქართული მხარის ინტერესები არ იქნა დაცული.

ვცადე, ეს გამომეხატა და ნოღაიდელზე კრიტიკული წერილი დავწერე. იმავე დღეს დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა, ნუ ერევი ამ საქმეში და ოპოზიციურ განცხადებებს ნუ აკეთებო. მეც გავჩერდი და აღარ დავიცავი ჩემი პოზიცია. დღეს ვხედავთ, რომ საავიაციო ბაზრის ყველაზე დიდი პროცენტი თურქულმა ავიაკომპანიამ წაიღო - ყოველ წელს 500 მილიონი გაედინება ჩვენი ქვეყნიდან თურქეთში.

2003 წლამდე დახურულ სივრცეში ვცხოვრობდით და ეს ცუდი იყო, გაიხსნა და მეორე უკიდურესობაში გადავედით - საქართველოს აღარავინ არაფერს ეკითხება. თუ ჩვენ ტურიზმზე ვართ ორიენტირებული, პროფესიულად მივდიოთ ეკონომიკის განვითარებას და ვთქვათ, რა განავითარებს ეკონომიკას? რა და - საკუთარი ავიაცია. კონსოლიდირებულად და კოორდინირებულად ვაკეთოთ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და არა ისე, ლაპარაკი ლაპარაკად რომ რჩება.

- ამბობენ, რომ თქვენს ძმას, ერეკლე კოდუასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა...

- ღმერთია მოწმე, არ ვარ ჩახედული მაგ საქმეში. როცა შევეხმიანები ჩემს ძმას, ვეკითხები, როგორ არის ის და მისი ოჯახის წევრები და არა იმას, რა პრობლემები აქვს სამსახურში. როგორც ერეკლე არ ერევა ჩემს საქმეში, ისე არ ვერევი მის საქმეში.

- მეუღლეს, ალბათ, თან წაიყვანთ, აფრიკაში. რით დასაქმდება თეონა, თუ შინ დასმას უპირებთ?

- არა, თეონა სულ აფრიკაში ვერ იქნება. ბრიტანულ კოლეჯში სწავლობს და არ მოვწყვეტ სწავლას. პირველი ორი წლის განმავლობაში ჩავა-ჩამოვა, მოძრავი გრაფიკი გვექნება, შემდეგ კი იქაურ ბრიტანულ კოლეჯში განაგრძობს სწავლას. ჩემს ქალიშვილს, პატარა ლაურას კი ბებოს, დიდ ლაურას დავუტოვებთ.

ნანა ფიცხელაური

გაზეთი "ყველა სიახლე" #51 (იბეჭდება შემოკლებით)