რაში დახარჯეს უსუფაშვილებმა 65.000 ლარი - ამბავი, რომელსაც აქამდე არ ამჟღავნებდნენ
რაში დახარჯეს უსუფაშვილებმა 65.000 ლარი - ამბავი, რომელსაც აქამდე არ ამჟღავნებდნენ
რუბრიკა "დეკლარანტი"

"გამდიდრების მისწრაფება არასდროს მქონია, მაშინ პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა წახვიდე"

დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის
ერთობლივი შემოსავალი წლების წინ, 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური ყოფილა. ამჟამად ოჯახში ერთადერთი შემომტანი ქალბატონია, თუმცა ამას წყვილის ჰარმ­ონიული თანაცხოვრება არ დაურღვევია. ჯერ კიდევ ახალშეუღლებულებმა დადეს კონტრაქტი, რომლის პირობებსაც დღემდე ერთგულად ასრულებენ და ყველასგან ფარულად გადააქვთ არაერთი პრობლემაც...

მინიდოსიე

დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს, სიღნაღში, სოფელ მაღაროში, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. მშობლებს­
უმაღლესი განათლება ჰქონდათ (მამა მშენებელ-ინჟინერი, დედა მრეწველობის სპეციალისტი ყოფილა), პაპა და ბებია კი კოლმე­ურნეები. ფუფუნებაში არა, მაგრამ უზრუნველად გაზრდილა მომავალი იურისტი. მეუღლის, თინა ხიდაშელის გარდა, მის დეკლარაციაში მოხვდნენ ვაჟები - 19 წლის ალექსანდრე და 14 წლის გრიგოლი, ასევე, ბატონი დავითის სიდედრი, ზიზილა ურგებაძე.


- მართლაც
უზრუნველად გავიზარდე - ბებია და პაპა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ,­ შრომა უყვარდათ და ჩვენც, ბავშვებსაც, გვაჩვევდნენ. ბევრჯერ გაჰკვირვებიათ, როდესაც ჩამომითვლია, რისი კეთება შემიძ­ლია: ვიცი ბოსტანში მუშაობა, ვენახის მოვლა-პატრონობა, გასხვლით დაწყებული, ყურძნის დაწურვით და ღვინის დაბინავებით დამთავრებული, ძროხის მოწველა და ყველის გაკეთებაც კი. ცხვრის ყველიც ამომიყვანია, რადგან პაპა მეცხვარეობასაც მისდევდა. გუდის ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ რა შრომა გიწევს, ეს ცოტამ თუ იცის. სახლშიც ბევრი რამის გაკეთება მეხერხება, ხელსაწყოები მაქვს და იშვიათად, რომ ხელოსანი გამოვიძახო.

მამა წლების განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და სხვათა შორის, იმდროინდელი სისტემის ნაკლოვანებაც სწორედ მაშინ დავინახე. მაგალითად, როგორ ჩამოჰქონდათ რუსეთიდან სამჯერ მეტი მასალა, ვიდრე საჭირო იყო, და როგორ ხმარდებოდა რაიონის ბობოლების ბინების მშენებლობას. ყველა ვითომ 120 მანეთზე ცხოვრობდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ამის გამო ჯერ კიდევ ბავშვს პროტესტი გამიჩნდა და პროფესიად იურისტობაც ამ მიზეზით ავირჩიე.

- პირველი ხელფასი როდის აიღეთ ან რაში დახარჯეთ, თუ გახსოვთ?
- 21 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. 1989 წელს შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც განთავსდა რუსთაველზე, პროფკავშირების ყოფილ შენობაში. სახალხო ფრონტიდან ერთ-ერთ კანდიდატად ვიყავი დასახელებული, თან ჩემს მეგობართან, ზაზა ნამორაძესთან ერთად დამხმარე სპეციალისტად ვმუშაობდი.­ ერთ დღეს გვითხრეს, ბუღალტერიაში ხელფასის ასაღებად შეიარეთო. მართლაც ავიღეთ, ოღონდ რამდენი,­ აღარ მახსოვს. იმავე შენობაში სასადილო თუ რესტორანი იყო, "გემო" ერქვა, მეგრულ კერძებს ამზადებდნენ, ნახევარი ხელფასი მე და ზაზამ იქ დავტოვეთ.

- როგორც დეკლარაციაში გაქვთ აღნიშნული, სიდედრი ზიზილა ურგებაძე­ თქვენთან ერთად ცხოვრობს.
- უფრო ადრე დავქორწინდით, თუმცა­ მე და თინამ, ფაქტობრივად, 2000 წელს დავიწყეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მაშინ დღის წესრიგში დადგა საკითხი, სად გვეცხოვრა და როგორ. მე მქონდა ბინა რუსთავში, მამაჩემის ნაყიდი, თინას - მშობ­ლების სახლი ორთაჭალაში, ჩვენი ქონება შევაერთეთ და ქალბატონი ზიზიც, ჩემი ერთადერთი სიდედრი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. თინას გარდა, მას სხვა შვილი არა ჰყავს, მეუღლე კი გარდაეცვალა და, ბუნებრივია, მარტო ვერ იცხოვრებს.

- რაც მთავარია, ხომ კარგად ეწყობით ერთმანეთს?
- შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს, სადღაც 2 თვეში გადავლახეთ სიძესიდედრობის ამბავი. ხშირად თინა ორივეს გვსაყვედურობს, თქვენ უფრო ხართ "კამანდა" ჩემს წინააღმდეგ, უკეთ უგებთ ერთმანეთსო.
უსუფაშვილების მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს თინა ხიდაშელის სახელზე გაფორმებული 176 კვმ ბინა ფანასკერტელზე, ზიზილა ურგებაძის სახელზე გაფორმებული 120 კვმ სახლი საგარეჯოში, სოფელ ანთოკში 1000 კვმ მიწის ნაკვეთთან ერთად. ავტომანქანით მხოლოდ ოჯახის უფროსი სარგებლობს და დეკლარაციაში, ისევე როგორც ბინის,­ ავტომანქანის ფასიც არა აქვს მინ­იშნებული. "ლექსუსი" საკმაოდ ძველი, 13-14 წლის ავტომობილია, თავად დეკლარანტი­ კი ამ ბრენდის ფანია. ბევრს წვავს, მაგრამ გემრიელი მოსახმარია და ქალაქში სასიარულოდაც მოხერხებულიაო, ამბობს.

- ანთოკი ჩემი სიდედრის მშობლების სოფელია და ორივეს, მასაც და თინასაც, ძალიან უყვარს იქაურობა. ამ მხრივ გამიმართლა - სიდედრის და მეუღლის ბავშვობაც დაკავშირებულია ერთ სოფე­ლთან და როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, საკითხს, სად წაგვეყვანა ბავშვები, მარტივად ვწყვეტდით. წლების წინ ეზოში ხეხილი დავრგეთ. ჩემი ბიჭები უკვე იმხელები არიან, რომ ბებიას ეხმარებიან და პატრონობენ იქაურობას.

- ბინა ფანასკერტელზე ერთად ყოფნის­ პერიოდში შეიძინეთ? დეკლარაციაში ქონების ღირებულება არ გიწერიათ.
- არ ვიცი, რატომ არ მიწერია ფასი, შემდეგი დეკლარაციისთვის გავითვალისწინებ, თუმცა ვინც დაინტერესდება, ადვილად გაიგებს და გამოიანგარიშებს ჩემი უძრავი­ ქონების საბაზრო ფასს.

ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, ჩემი ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეარჩია და შეიძინა თინამ, 1999 წელს, როდესაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ბინები გავყიდეთ. რომ ჩამოვედი და ვნახე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ინფარქტის ნიშნები. ცარიელი კედლები დამხვდა, იატაკი სულ აყრილი იყო. თავში ხელები წავიშინე, ამას ჭკუაზე რა მოიყვანს-მეთქი? 2-3 წლის განმავლობაში ნელ-ნელა გავაკეთეთ.
მერე გვერდით ერთოთახიანი ბინა იყიდებოდა და პირველად ჩვენ შემოგვთავა­ზეს, არ შეიძენთო? მაშინ ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და მაშინდელი­ ხელფასი მაძლევდა საშუალებას, კრედიტი ამეღო. ბანკის ვალი 5-6 წელიწადში გავისტუმრე, ეს 2 ბინა კი გავაერთიანეთ.

- სახლის მდიდრულად მოწყობა თუ მოგწონთ?
- შეიძლება მომწონს კიდეც, მაგრამ სიმდიდრე უნდა გქონდეს, რომ მოგწონდეს. გამდიდრების მისწრაფება არასდროს მქონია, მაშინ პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა წახვიდე. გაეროსა და ევროკავშირის საერთაშორისო კონსულტანტი ვიყავი და 2004-2012 წლებში ხშირად მიწევდა ყირგიზეთში წასვლა, დავდიოდი სხვა ქვეყნებშიც. ერთთვიანი მივლინება მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ერთი ოთახი კიდევ უფრო უკეთესად მოგვეწყო, თინაც დღედაღამ მუშაობდა. რაც შეეხება ნივთებს, ძვირად ღირებული არა, მაგრამ მრავალფეროვანი ნივთები ნამდვილად გვაქვს. 80-90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თინა კიდევ უფრო მეტში. ყველა ქვეყნიდან მოგვქონდა სუვენირები. ჩემს ოფისში, აი, ამ თაროზე რასაც ხედავთ, სახლიდან უნებართვოდ მაქვს წამოღებული. ამას წინათ თინამ შენიშნა, რომ რაღაცები აკლდა და სად არისო, მოიკითხა.

- მერე, არ გაგიბრაზდათ?
- კი, მაგრამ თვითონაც ხომ წაუღია თავის ოფისში ნივთები?
რაც შეეხება უსუფაშვილების ანგარიშ­ებსა და შენატანებს, 2016 წელს თავად დეკლარანტის­ სახელზე "თიბისი ბანკში" იყო 20.815 ლარი, 10.007 და კიდევ 7.885 დოლარი, თინა ხიდაშელის ანგარიშზე კი - 109.900 ლარი და 10.885 ევრო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან როგორც თავადაც­ აღნიშნა, იმ დროს ორივეს კარგი ხელფასი ჰქონდა - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მთელი წლის განმავლობაში სულ 80.031 ლარი აუღია, ანუ თვეში დაახლოებით 6.669 ლარი, თინა ხიდაშელს კი, როგორც პარლამენტის წევრს - 20.436 ლარი და მერე, უკვე როგორც მინისტრს
- 62.744 ლარი.

- 2016 წელს თინა ჯერ პარლამენტის წევრი იყო, მერე - მინისტრი, მე - პარლ­ამენტის თავმჯდომარე.
ქართული სტანდარტით, ორივეს მართლაც მაღალი ხელფასი გვქონდა, მაგ დროს რა შემოსავალიცა და დანაზოგიც მქონდა, ახლა იმის ნახევარი რომ მქონდეს, რაღა მიჭირს, ბედნიერი ვიქნებოდი (იცინის).

ვინახავდით თანხას, ოღონდ საკუთარი შავი დღისთვის არა, თინას დაჟინებით წლების წინ ბავშვებს გავუხსენით ანაბარი და როცა უფროსი ბიჭი, სანდრო, სტუდ­ენტი გახდა, მის ანგარიშზე უკვე სერიოზ­ული თანხა დაგროვდა­ (21.165 დოლარი. - ავტ.). მისი შემხედვარე გოგაც ინტერესით­ ითვლის, რამდენი მოუგროვდება (2016 წელს 14.068 დოლარი იყო. - ავტ.). გარდა­ ამისა, მყავს­ პენსიონერი მშობლები და მათ ხშირად სჭირდებათ დახმარება. საკუთარი თავის იმედად უფრო ვართ, ვიდრე დანაზოგის.

უკვე 2 წელია, რაც უხელფასო საქმით დავკავდი, თინამ კი ოჯახის რჩენა იკისრა - ასწავლის უნივერსიტეტში, კვლევებს ამზადებს აქაც და საზღვარგარეთაც. პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ახლა უკვე "ლელოს" ფორმატში, არ მაძლევს მუშაობის საშუალებას, თორემ დღე არ გავა, ვინმე არ დამიკავშირდეს საინტერესო წინადადებით.

- მეუღლე არ გსაყვედურობთ ხოლმე ამის გამო?
- მინისტრობისას, როცა ჩემზე მეტად­ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მე მიწევდა­ მშობელთა კრებებზე მისვლა... თინა ამის გამო საყვედურს არასდროს მეტყვის. როცა შევუღლდით, კონტრაქტი დავდეთ - ფურცელი გვედო წინ და ვამბობდით: როგორც ამ ფურცლის დიდი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილიც საჯარო­ საქმიანობას დაეთმობა, პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ურთიერთობისთვის კი პატარა ადგილი, მინდორი გვრჩებაო და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ადვილად შევთანხმდით.

- ხელგაშლილი ხართ, როდესაც ფული გაქვთ?
- ეს არ არის იმდენი ფული, რომლითაც ხელგაშლით იცხოვრებ. არ მინდა საჯაროდ ბევრი რამის თქმა, მაგრამ რაკი ასეა - ჩემს უახლოეს ადამიანს თვეში 5.000 ლარის წამალი სჭირდება და ასე გრძელდება 7-8 წელია. მეტს არაფერს ვიტყვი, გარშემო იმდენი ადამიანია, რომ ხელგაშლილობის არც უფლება მაქვს და არც საშუალება. ახლა, თუ ლანჩზე წავალთ, ბუნებრივია, მე გადავიხდი.

- რაში ხარჯავთ ბევრ ფულს? თქვენს კაბინეტში უამრავ წიგნს ვხედავ.
- ამას წინათ წიგნების გამოფენაზე ვაპირებდით წასვლას და თინას ვუთხარი, იმდენად მინდა წასვლა, რომ არ წავიდეთ-მეთქი. ვიცოდი, ცდუნებას ვერ გავუძლებდი და ბევრს ვიყიდდი. ასეც მოხდა, მარტო გელა ჩარკვიანის 7 წიგნი ვიყიდე. პრიორიტეტი ბევრად უფრო სხვა რამეა, ვიდრე ჩაცმა, ძვირად ღირებული აქსესუარები და ა.შ. ჩემი ნება რომ იყოს, უფრო სპორტულად ჩავიცვამდი, მაგრამ ბევრჯერ ეტიკეტს გვერდს ვერ ვუვლი. საერთოდ, შეიძლება ითქვას, მარტივი შესანახი ვარ.

- ძალიან დიდი ხარჯი გქონიათ­ 4 წლის წინ - მხოლოდ თინას მკურნალობის­ თანხად 65.000 ლარი მიგინიშნებიათ. ხომ მშვიდობა გქონდათ იმ წელს?
- ახლა უკვე შეიძლება ამ ამბის გამჟღავნება, მთლად მშვიდობაც არ გვქონდა. როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, სიმსივნეს ეჭვობდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ამბავი ჩვენ გარდა არავინ იცოდა, გახმაურება არ უნდოდა. გვინდოდა სხვაგანაც გადაგვემოწმებინა დიაგნოზი, მაგრამ თინას მაშინდელი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ძლივს მოვახერხეთ და როდესაც ვიზიტით იყო ვაშინგტონში, მაშინ გაიკეთა ოპერაცია. მას შემდეგ რამდენჯერმე ტესტირებაც ჩაიტარა და ახლა ყველაფერი რიგზეა.

ნინო ჯავახიშვილი
natela
23 მარტი 2020 15:21
ორივე ცოლქმარი კარგი პროფესიონერები არიან ამ მტავრობას ცჰკუა რომ ქონდეს ორივეს გვერდზე დაიყენებდნენ
ტოტო
11 მარტი 2020 13:28
კლასიკური პროვინციული ოჯახი,დიდი ამბიციებით.
...
03 მარტი 2020 11:58
ორივე მხოლოდ საკუთარ თავზე და ოჯახზე ფიქრობს საქართველოზე სულ არ ფიქრობენ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები