"შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ" - კვირის პალიტრა

"შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ"

ძალიან კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ.

"ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის რჩება უსაფრთხოება, რჩება ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხები, რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე" ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, ვაშინგტონში ვიზიტით ყოფნისას და გამართული შეხვედრების შემდეგ, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ დაბალი მხარადაჭერის მქონე პარტიები, რომელთაც საქრათველოში არ აქვთ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, ძირითადად, თავის საარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში.

"ისინი ცდილობენ, რომ აქ მოახდინონ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესების პროექტირება, მოძებნონ ლობისტები, იპოვონ ადამიანები, ვისი საშუალებითაც შეიძლება, რომ გარკვეულწილად შეულახონ იმიჯი ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საარჩევნო პროცესს და ამით სცადონ პოლიტიკური ქულების მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც რეალურად დემოკრატია აინტერესებს, პირველ რიგში, ამ პარტიებმა ჩვენს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან უნდა იმუშაონ, იქ გააკეთონ კამპანია, იქ აჩვენონ მათი ხედვები სხვადასხვა სფეროში პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგ ვისაუბროთ, არის თუ არა მათი განწყობები გულწრფელი და სურთ თუ არა ნამდვილად სამართლიანი არჩევნები და საერთოდ, სურთ თუ არა არჩევნების გზით რაიმეს შედეგებისთვის ბრძოლა", - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონგრესმენებთან შეხვედრაზე მათ ეკონომიკურ პროექტებზეც ისაუბრეს.

"სახელმწიფო დეპარტამენტთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აქვს დაგეგმილი ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორი ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. მოგეხსენებათ, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე გამოიჩინა ამ პროექტის მიმართ, ის გამყარებულია კონსტიტუციით და მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ამის გარდა, არის მთელი რიგი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. იცით, რომ ფოთშიც, ბათუმშიც ამერიკული მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება. მე მექნება შეხვედრები ინვესტორებთანაც და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების რეიტინგი არის სათანადოდ დანახული და შეფასებული საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან", - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა და ნდობა. აქ არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას, ეკონომიკის გაძლიერებას. უსაფრთხოების სფეროში ვრჩებით აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს კონგრესში, გვესაუბრა მათთან. მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებს ძალიან დაეხმარება",- განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით