"შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ"
"შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ"
"ცოტა ძნელი შესაფასებელ-გასაანალიზებელია, რადგან თვითონ სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს. რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?!"

ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც.

"კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის
გამოყენება და დღეს კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ", - განაცხადა თალაკვაძემ ვიზიტის დასრულების შემდგომ. პარალელურად, გამოქვეყნდა "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" ევროკავშირის მე-4 ანგარიში, რომელშიც ნათქვამია: "საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება, თუმცა
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში". ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრით, საქართველოსა და მისი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

სწორედ არჩევნებისთვის მზადების ნაწილად მიაჩნია ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება. მოგეხსენებათ, საპროკურორო საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს და უკვე ცნობილია, რომ მას ამ პოსტზე უკვე მეორედ უპრობლემოდ დაამტკიცებენ. რატომ აბრუნებს "ქართული ოცნება" თანამდებობიდან ერთხელ უკვე გასტუმრებულ კადრს? - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი ბატონ ვახტანგთან:
ვახტანგ ძაბირაძე
- ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია, დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტი ივანიშვილის პოზიცია იქნებოდა. დანარჩენი ფორმალობაა, დაწყებული შოთაძის კანდიდატურის წამოყენებით და დამთავრებული საპროკურორო საბჭოში მისი კანდიდატურის განხილვით. ასევე ფორმალური იქნება მისი პარლამენტში დამტკიცების პროცედურაც. როგორც კი გახდა ცნობილი, რომ შოთაძე იქნებოდა ერთ-ერთი კანდიდატი, მაშინვე ყველაფერი ნათელი შეიქნა. ის თანამდებობიდან წასვლის მერეც დარჩა ერთგული და მორჩილი იმ გუნდისა, რომელთანაც თანამშრომლობდა. გახსოვთ, ალბათ, შოთაძეს ხორავას ქუჩის საქმეში შექმნილი გარემოებების გამო გენპროკურორის პოსტიდან წასვლამ მოუწია, თუმცა დარწმუნებული ვარ, არც მაშინ ყოფილა ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება. იმჟამად იმგვარად განვითარდა მოვლენები, ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა ჩათვალეს, რომ ჯობდა შოთაძე გადამდგარიყო, ჩვენ კი ეს მის პირად გადაწყვეტილებად წარმოგვიდგინეს. მაშინაც საქმე გვქონდა პოლიტიკურ თვალთმაქცობასთან და დღესაც იგივე გრძელდება. ივანიშვილი ეძებს ერთგულ, უფრო რომ დავაზუსტო, ერთგულებაში გამოცდილ პირებს, კარგად გადამოწმებულს. მას სჭირდება ასეთი ხალხი და ამიტომ აბრუნებს თანამდებობებზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, იმან განაპირობა, რომ "ქართული ოცნება" რეიტინგს კარგავს. როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, მაშინ დასაყრდენად მას ძალოვანი სტრუქტურები ესახება. სწორედ იქ სჭირდება ივანიშვილს ერთგულებაში გამოცდილი კადრები. სხვა საკითხია, ეს ხალხი რამდენად არის მართლაც უღალატო - არავინ იცის, შოთაძე კრიტიკულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილს სწორედ ის ეიმედება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროსაც.

საზოგადოება რას როგორ შეაფასებს, ეს უკვე დიდად არ ადარდებთ, რადგან მთავარ მოკავშირედ ამომრჩეველს აღარ მიიჩნევენ. ასეთია, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ამიტომ შოთაძის ხელახლა გაპროკურორებაში არაფერია მოულოდნელი.

- პოლიტიკური თვალთმაქცობა ახსენეთ. სწორედ ამას ნიშნავდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების დაპირება და შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გადაბრალება. მაინც როდემდე შეძლებს ამ პოლიტიკით "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას?
- "ქართულ ოცნებას" სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს, ახლა მისთვის მიმდინარე მოვლენებია მნიშვნელოვანი, უპირველესად კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე "ქართული ოცნება" უკვე არ და ვერ ლაპარაკობს. ეს ყველაფერი ფარსი იყო - ის, რომ თურმე ხუნდაძე და დეპუტატთა ჯგუფი წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, არსებული საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინათ, რომ ამაზე წავიდნენ. ამ ყველაფერს შიდაპარტიული დემოკრატიის ელფერი შესძინეს და ასე წარუდგინეს ჩვენს საზოგადოებასაც და დასავლელ პარტნიორებსაც. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც მაგას ამტკიცებდნენ - ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესია და ჩვენ ვერაფერს გავხდითო. სპექტაკლი გაითამაშეს, რომელსაც დემოკრატიად ასაღებენ.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისა და "ქართული ოცნების" პერსპექტივას, ეს ძალა გამარჯვების შანსს კვლავაც ინარჩუნებს და ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რეიტინგის დაცემის პარალელურად, ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება. დღეს რომ იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, რომლის რეიტინგიც სახელისუფლებო ძალის რეიტინგის პარალელურად გაიზრდებოდა, მაშინ "ქართულ ოცნებას" სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა.

ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან რთული ვითარებაა და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობს "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას უკვე თვითონაც აღიარებენ.

თუ გავიხსენებთ, როგორ შეიცვალა ხელისუფლებები 2003 თუ 2012 წლებში, ვნახავთ, რომ 2003 წელს "ნაციონალური მოძრაობა" პროგრესულ ძალად ითვლებოდა, სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელსაც მთლიანად ოპოზიციური ამომრჩეველი უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, მაშინ ბეწვის ხიდზე გავიარეთ - მოხერხდა და პოლიტიკური პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდა.

რაც შეეხება 2012 წელს, მაშინაც გამოჩნდა ახალი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ მითური პიროვნება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 2007-დან 2012 წლამდე ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა და მასთან იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციამ ვერ შეძლო ელექტორატის გაერთიანება. იმის თქმა მინდა, რომ ორივე შემთხვევაში ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება მოხერხდა, რისი პერსპექტივაც დღეს არ ჩანს. ამჟამადაც კვლავ ეს ორი ფიგურაა პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა დღეს მათდამი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია. სხვა ძალა, ჯგუფი თუ პერსონა კი, რომელიც მთლიან ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებს, არ ჩანს.

ამიტომაც არის, რომ "ქართული ოცნება" მშვიდად უყურებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს. მას თუ რამე აწუხებს, ქვეყნის გარეთ მასზე გამოთქმული შეფასებებია და "ქართული ოცნების" შესახებ შექმნილი აზრი ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში.
ოპოზიციას გადაწყობა, ბევრი რამის შეცვლა და გადათამაშება სჭირდება, რათა როგორმე შეძლოს ელექტორატის გაერთიანება.

- ოპოზიციას ცოტა ხანში დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა შევაფასოთ საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში. როგორ ფიქრობთ, ზალკალიანმა და თალაკვაძემ შეძლეს იმ ამერიკელი პოლიტიკოსების გადარწმუნება, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას მწვავე კრიტიკული წერილები გამოუგზავნეს?
- საჯარო განცხადებებში რაც მოვისმინეთ, ის იყო, რომ ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რაც ნამდვილად სასიხარულოა, თუმცა დარწმუნებული ვარ, კარს მიღმა ვაშინგტონურ კაბინეტებში საკმაოდ მკაცრი საუბრები გაიმართებოდა. ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის საკითხში დათმობაზე წასვლას მოსთხოვდნენ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ "ქართული ოცნების" დელეგაცია შეეცდებოდა არგუმენტირებულად დაერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები,­ რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე შეუძლებელია, თუმცა შეჰპირდებოდნენ,­ რომ შეეცდებიან მოძებნონ ოპოზიციასთან შეხების წერტილები. მეც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის სივრცე და საშუალება, რათა გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი და, ჩემი აზრით, ამერიკელებს სწორედ ამ მიმართულებით დაჰპირდებოდნენ რაღაც კონკრეტულს. რამდენად შეასრულებენ ამას, არ ვიცი. ეს მალე გამოჩნდება სწორედ დასავლეთის რეაქციით.

იმედია, "ქართულ ოცნებას" ესმის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესსაც, არჩევნების მიმდინარეობასაც და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანენ. ამ არჩევნების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია არა მარტო ცესკოს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზეც, როგორ მიიღებს არჩევნების შედეგს დასავლეთი. ასე რომ, ხელისუფლება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ნამდვილად დგას, ამიტომაც, იმედია, ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებებს.

- გამოქვეყნდა "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" ევროკავშირის მე-4 ანგარიში, რომელშიც ლაპარაკია წინასაარჩევნო პროცესში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის საფრთხესა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობაზე...
- ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ორგანიზებულია და დასავლური ქვეყნების ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავზე იღებენ არა მარტო შეკრებების ორგანიზებას, არამედ მომრიგებლის ფუნქციასაც. ამ დახურულ შეხვედრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლა მნიშვნელოვანია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვისაა აუცილებელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა. თუ, ერთი მხრივ, გერმანული მოდელის ქართულ ვერსიას და მასზე ეუთო/ოდირის დასკვნას გავითვალისწინებთ, მეორე მხრივ კი "ქართული ოცნების" წინადადებას, რაც პროპორციული და მაჟორიტარული წესით მანდატების შემდეგ გადანაწილებას გულისხმობს - 100/50, ვფიქრობ, შეთანხმებისთვის სივრცე საკმაოდ ვრცელია. თუმცა
კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა სცადოს. თუ რომელიმე მხარე კატეგორიულ პოზიციაზე დარჩება, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.

თუ ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე დაიწყო ლაპარაკი, ამით ვერაფერს მიაღწევს. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ, არა მარტო პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებით, არამედ ამომრჩეველს შორისაც, რაც ძალიან სახიფათო იქნება ქვეყნისთვის არჩევნებამდეც და მის შემდგომაც.

- ამერიკული ვიზიტის დასრულების შემდგომ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხზე შეთანხმებისთვის დრო თებერვლის ბოლომდეა და შემდგომ უკვე სამართლებრივად ვეღარ მოესწრება ცვლილებები. შეთანხმების პირობად მან კვლავაც "ქართული ოცნების" წინადადება დაასახელა - მანდატების გადანაწილება 100/50 პროპორციით. ეს არის მაქსიმუმი, რის დათმობასაც ხელისუფლება გეგმავს, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან სხვა ვარიანტებიც შეიძლება განიხილონ?
- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს განცხადება სწორია. შესაძლოა მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნება" მეტ დათმობაზეც წავიდეს, მაგრამ თუ წინასწარ, სანამ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდები, განაცხადებ, რომ უფრო მეტის დათმობას აპირებ, მაშინ კიდევ მეტს მოგთხოვენ. ვნახოთ, თებერვლის ბოლომდე საკმარისი დროა მოლაპარაკებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ მხოლოდ ხელისუფლების ვარიანტზე იქნება ლაპარაკი, უნდა დათანხმდეს თუ არა ოპოზიცია, მიმაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დათანხმდეს, რაც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ სისტემას. ჩემი აზრით, ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ პროპორცია მანდატებს შორის შეიცვლება, თუმცა გაცილებით უკეთესი მრავალპარტიული მაჟორიტარული ოლქების იდეა მგონია. ვნახოთ, იმედია, შეთანხმდებიან და პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში წარიმართება.

- ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" თურმე 60%-იანი მხარდაჭერა ჰქონია, თუმცა სხვა სოციოლოგიური კვლევები აშკარად განსხვავებულ ვითარებას აჩვენებს.
- ვფიქრობ, კობახიძემ იგულისხმა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით მიღებული მხარდაჭერა. პროპორციული წესით წარმოუდგენელია ამხელა მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. თუ ასეა, მაშინ პროპორციული წესის დაკანონება ასე არ შეაშინებდათ. ფაქტია, "ქართულ ოცნებას", მართალია, დაბალი რეიტინგით, მაგრამ გამარჯვების მეტი შანსი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო დაბალრეიტინგულია.

დღეს ოპოზიციის ამოცანაა, მინიმუმ, არ დაუშვას "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. ასეთ შემთხვევაში 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მაქსიმუმია, რომ დაამარცხოს "ქართული ოცნება".
ქვეყანაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები ჯამურად. ეს ხალხი ვის დაუჭერს მხარს ან რამდენი ამომრჩეველი მივა ურნებთან, ეს იქნება გადამწყვეტი.

- ოპოზიციაში უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ აუცილებელია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება...
- თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ურთულესი იქნება. დღეს ყველაზე სტრუქტურირებული და ფლაგმანი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ "ნაციონალი" კანდიდატები "ქართული ოცნების" კანდიდატებთან დიდწილად წააგებენ. თუ სხვა ძალის კანდიდატს დაასახელებენ, ამა თუ იმ ოლქში მისი გამარჯვებისთვის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს, რაც ურთულესი იქნება. გარდა ამისა, პიროვნული ამბიციების მოთოკვაც არ იქნება იოლი.

- თუმცა საკითხავი შეიძლება გახდეს, რა ფორმით მივა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე? ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის მორიგ ინიციატივას. "1-ლი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რათა "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
- რა გითხრათ, ცოტა ძნელი შესაფასებელ-გასაანალიზებელია, რადგან თვითონ სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს. რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?!

სააკაშვილი მეტად პარადოქსული ფიგურაა, მას ჰყავს მხარდამჭერები და ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ, იმავდროულად, ის არათუ ვერ აერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, აქუცმაცებს მას.

სააკაშვილს ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს. შესაძლოა ეს ინიციატივაც ასევე წამოისროლა... თუმცა შესაძლოა ასეც არ არის... ისე, სააკაშვილს "ოცნებისგან" პრემია ეკუთვნის, რადგან ასეთი განცხადებით ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა შეიტანა და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას მისცა საშუალება კვლავ ის აქციოს მთავარ საფრთხობელად.

ერთ ვერსიად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მართლაც შექმნას ახალი პარტია და გაეცალოს "ნაციონალურ მოძრაობას". ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით: ახალშექმნილ პარტიას არ ექნება 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა; ოპოზიციას, რომელსაც ჩამოშორდება სააკაშვილის აჩრდილი, რასაც აქამდე კარგად იყენებდა "ქართული ოცნება", უფრო მსხვილი და ძლიერი გაერთიანების შექმნის საშუალება მიეცემა. მოიშორებენ სააკაშვილის ნეგატიურ ტვირთს - ანუ საფრთხობელა სააკაშვილი იქნება ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი - ცალკე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები