"ამერიკის ახალი ელჩისა და ივანიშვილის შეხვედრისას მათი დაძაბ­ული პოზები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა" - კვირის პალიტრა

"ამერიკის ახალი ელჩისა და ივანიშვილის შეხვედრისას მათი დაძაბ­ული პოზები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა"

რამდენიმე დღის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ოთარ კახიძემ განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარდგნენ. "ოპოზიციის ლიდერების განცხადებები, რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად მზად არიან, შეცდომების აღიარებაა", - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ირწმუნება, რომ ოპოზიცია დღეს სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას.

- კონგრესმენებმა შესაძლებელია ყველაფერი გააკეთონ, რომ საქართველო დემოკრატიული თამაშის წესებს დაუბრუნდეს, მაგრამ ჩვენი ოპოზიციის ნაცვლად არჩევნებს ვერ მოიგებენ. ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ამასთან, ილუზიები ოპოზიციისთვის პოლიტიკური რისკია, თითქოს აქტიურობს და დღის წესრიგს ქმნის, რეალურად კი ხელისუფლების თამაშის წესებს ემორჩილება. ხელისუფლება დროის გადაგორებას ცდილობს, ოპოზიცია კი, ნაცვლად იმისა, სტრატეგიაზე იფიქროს, ელოდება, როდის ჩამოვა ფსონს ხელისუფლება, ამასობაში კი ძვირფას დროს კარგავს.

- ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ შემუშავებული აქვთ სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნიან.

- რა სტრატეგია - პარლამენტის პიკეტირება და პერფორმანსები?! პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებიდან ერთი თვის განმავლობაში ასეთი ღონისძიებები ეფექტიანი იყო, დღეს კი საინტერესოც აღარ არის. ახლა საჭიროა ინოვაციური სტრატეგია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ერთი იდეის გარშემო დარაზმავს. დღეს ერთ მხარეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებაა, მეორეზე კი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ ასეთი საზოგადოების მობილიზებას. ეს სწორედ მცდარი ტაქტიკური ნაბიჯების გამოძახილია. ოპოზიციას მხოლოდ ერთი მესიჯი აქვს - "გავუშვათ ივანიშვილი". ვთქვათ, ასეც მოხდა, ან თავადაც გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, მერე რას ვთავაზობთ საზოგადოებას? ოპოზიცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ საკითხზე არ ფიქრობს. შეიძლება გქონდეს ხედვა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მიტანა ამომრჩეველთან. მაგალითად, გიორგი ვაშაძე ქმნის 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური საქართველოს ინოვაციურ სისტემურ მოდელს. თუმცა საჭიროა გასაგებ ენაზე ამომრჩეველთან მისი მიტანა.

- ოპოზიციის განაცხადი, რომ არჩევნებზე ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენენ, იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის აღარ იბრძოლებენ? - ვერ გეტყვით, გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას... ახლა, როგორც ჩანს, ლაპარაკია პროპორციულისა და მაჟორიტარულის ახალ კომბინაციაზე: 120 დეპუტატი პროპორციული სიით და მხოლოდ 30 მაჟორიტარული სისტემით. ოპოზიციისთვის ეს ვერსია გაცილებით მომგებიანია. თუმცა ცხადია, არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის იდეა ოპოზიციის კიდევ ერთ დიდ გამოწვევად გადაიქცევა.

- რას გულისხმობთ? - თუ ოპოზიციამ, თუნდაც მინუს "პატრიოტთა ალიანსი", მოახერხა ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა, ეს ხელისუფლებას საფრთხეს ნამდვილად შეუქმნის, რადგან შეეცდებიან ისეთი პოპულარული კანდიდატები გადაანაწილონ სხვადასხვა ოლქში, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატებს გაუწევენ კონკურენციას და "ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნების სახით მთავარ ბერკეტს წაართმევენ, მაგრამ სწორედ აქ დაიწყება მთავარი: როდესაც ხელისუფლება ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებში საფრთხეს დაინახავს, აუცილებლად შექმნის რამდენიმე ახალ ოპოზიციურ, ე.წ. ცენტრისტულ და შუაშისტურ ძალებს და დაქსაქსავს ოპოზიციურ ერთობას.

გამოჩნდება ცენტრისტული ძალა ლოზუნგით "არც ქოცი, არც ნაცი", მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხელისუფლებასთან კოალიციაში მოგვევლინება. შეიქმნება ე.წ. მესამე ცენტრი, რომელიც იტყვის, რომ მისი მისიაა, მოიზიდოს ელექტორატი, რომელსაც არც "ნაციონალები" უნდა, არც "ოცნება" და ხმების განსაზღვრულ რაოდენობას აიღებს, მაგრამ რეალურად მიზანი იქნება ოპოზიციური ერთობის დაქსაქსვა.

- კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნაზე ლაპარაკი ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. შემდეგ ყველა, ვინც კი "ქართული ოცნების" გუნდს ტოვებდა, ოპოზიციის ეჭვის ობიექტი ხდებოდა, რომ ის იქნებოდა "კონსტრუქციული ოპოზიციის" ლიდერი ან ერთ-ერთი წევრი. დღეს "ოცნებიდან" წამოსული დეპუტატების რიცხვი არცთუ მცირეა. მათ შორისაც ხომ არ ხედავთ იმ პირებს, რომლებიც ოპოზიციის დაშლის მისიას იტვირთავენ? - მათ შორისაც მოიძებნებიან ისეთები, ვისი საშუალებითაც ხელისუფლება სატელიტ ძალებს შექმნის. თუმცა, ყველას ერთი ქოლგის ქვეშ ვერ მოვიაზრებ: მათ შორის, ძირითადად, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული ადამიანები არიან, ისინი, ვინც ამ ღირებულებებისთვის ხელისუფლებაში ყოფნის კომფორტი დათმეს.

- თქვენ ოპოზიციის ერთიანობის დაშლას სერიოზულ გამოწვევად აფასებთ, თუმცა საინტერესოა, სწორედ ოპოზიციის გაერთიანების გამო ხომ არ დაიკარგება იმ ამომრჩევლის ხმა, რომლისთვისაც "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" მიუღებელია?

- ესეც ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძლიერი რომ იყოს, არც დადგებოდა დღის წესრიგში ალტერნატიული ცენტრების შექმნა. რადგან არსებული ოპოზიცია სრულად ვერ ითვისებს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმებს,

ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალების საჭიროება, რომელიც "უპატრონოდ" დარჩენილი საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას შეძლებს.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ რთული ვითარებიდან ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმება სწორედაც რომ გამოსავალია - ანუ ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა წარადგინონ საერთო კანდიდატები, სიით კი ცალ-ცალკე პარტიებად ან კოალიციებად იყარონ კენჭი. მაჟორიტარულ ოლქებში ისეთი პირები უნდა წარადგინონ, ვინც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ და სულაც არ არის აუცილებელი, რომელიმე პარტიას წარმოადგენდნენ, უფრო პირიქით. ამით გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ პროცესებს "ნაციონალები" მართავენ.

- დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფრონტის ხაზი ეუთო/ოდირის დასკვნაზე გადის. თქვენ როგორ წაიკითხეთ დასკვნა? - როგორც კვალიფიციურმა იურისტებმა მითხრეს, კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა ვენეციის კომისიის პრეროგატივაა. შესაბამისად, ოპოზიციას უნდა სცოდნოდა, სად, რას და რატომ გზავნიდა. ისიც უნდა სცოდნოდა, რომ ხელისუფლება არ მისცემდა საშუალებას, დასკვნაში ის ამოეკითხა, რაც იქ არ წერია.

- ოპოზიციას ამუნათებთ, რომ არჩევნების მოსაგებად არა აქვს სტრატეგია, მაგრამ რამდენად ადეკვატურად მოქმედებს მმართველი გუნდი ხალხის გულის მოსაგებად?

- მმართველ გუნდს მხოლოდ იმაზე აქვს გათვლა, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა და ოპოზიციას წაგებას გაუფორმებს.

- თუ ქუჩაში არ გამოვდივარ, ეს უპირობოდ ხომ არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურად არა ვარ განწყობილი? - არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვიდა ხალხი ქუჩაში, მაგრამ ოპოზიციის კანდიდატმა 800 000 ხმა მიიღო. ნახეთ, რა კოზირები აქვთ ცალკე ოპოზიციას, ცალკე კი ხელისუფლებას: ოპოზიცია ფიქრობს, არა უშავს, ხალხი თუ ქუჩაში არ გამოვა, მთავარია, საარჩევნო ურნებთან მივიდესო. ხელისუფლება ფიქრობს, საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 000 კაცი მივიდა და ხმა ოპოზიციის კანდიდატს მისცა, მაგრამ იქიდან 800 კაცი აღარ გამოვიდა ქუჩაში შედეგების გასაპროტესტებლადო. ამასვე ელის ახლაც - თუ ოპოზიციის წაგების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში არ გამოვა, "ოცნება" დედის რძესავით შეირგებს რეალურ თუ იმიტირებულ მოგებას. ამიტომაც არჩევნებზე იმდენი მოქალაქე უნდა მივიდეს, რომ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობა სრულად აისახოს შედეგებზე.

30-40%-იან გაყალბებაზე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა, ვერ შეძლებს.

- არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები ამერიკელი სენატორების კრიტიკის ერთ-ერთი საგანი იყო. რას შეცვლის ამ მიმართულებით ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში? - ამერიკელი სენატორები კი ამბობენ, რომ ზალკალიანი მათ ყველა პირობის შესრულებას დაჰპირდა და ზუსტად იგივე დააბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერთან, რაც წერილით შემოუთვალეს, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ზალკალიანის დაპირება მაინც ერთი ფიზიკური პირის დაპირებად დარჩეს და არ იქცეს ხელისუფლების ქმედებად. თამარ ჩუგოშვილიც არწმუნებდა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ იცის. "ოცნებას" დანაპირებზე უარის თქმა რომ არ უჭირს, ეს პროგნოზების გაკეთებას ართულებს. თუმცა ჩვენ კონგრესისა და სენატისგან განსხვავებით, დღემდე არ ვიცით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს პოზიცია ანაკლიის პორტის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ მოუსმენია ისეთივე მწვავე განცხადებები, როგორიც კონგრესისა და სენატისგან.

ვფიქრობ, ბოლო თვეების ყველაზე ყურადსაღები განცხადება არჩილ თალაკვაძემ გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ. კერძოდ, თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ანაკლიის პორტზე და ეს თემა წამყვანი იქნება მისი შეხვედრების დროს ამერიკის კერძო სექტორსა და სავარაუდო ინვესტორებთანაც, ისევე როგორც გახარიას ამერიკაში ვიზიტის დროს. საინტერესოა, რომ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელების კრიტიკა უფრო შერბილდა, ვიდრე ზალკალიანთან შეხვედრებისას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი იწყებს ახალი საზღვაო არხის გაყვანას, რომელიც რამდენიმე წელში დასრულდება და მისი გამოყენებით აშშ და ნატოს სხვა წევრების სამხედრო გემები შავ ზღვაში მუდმივად ყოფნას შეძლებენ, რაც ნიშნავს, რომ იმ არეალში რუსეთის კონტროლი მინიმუმამდე დავა. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ათვალსაჩინოებს ამერიკისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. ამიტომაც დიდი შანსია, "ოცნებამ" ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ ამერიკელებს ანაკლიის პორტი დაუთმოს, ამერიკელებმა კი პრაგმატულად მიიღონ ეს გარიგება და "ოცნებას" სრული თავისუფლება მისცენ 2020-ის არჩევნებზე.

სხვათა შორის, ძალზე მეტყველია ამერიკის ახალი ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ერთი კადრი: შეხვედრის ორივე მონაწილის დაძაბული პოზები და ნაკვთები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ისევე როგორც სააკაშვილის ბოლო ფეისბუკგამოსვლა, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლად საარჩევნოდ საკუთარი შტაბის გახსნას აანონსებს, და დიალოგისთვის ოპოზიციურ ლიდერებს ეპატიჟება. ვშიშობ, ამ გამოსვლის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებამ ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ შეუქმნას.

ხათუნა ბახტურიძე