"ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!" - კვირის პალიტრა

"ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!"

"ივანიშვილისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება"

ანაკლიის პორტი აღმოჩნდა მთავარი თემა, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენებმა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრისას განიხილეს. "გვქონდა საუბარი ანაკლიის პროექტზეც... ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი, საიმედო პარტნიორ-ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს მომავალშიც. როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე გამოიჩინა ამ პროექტის მიმართ, ის გამყარებულია კონსტიტუციით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ "ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმს" ხელშეკრულებმა გაუუქმა ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, მოგვიანებით კი ახალი ტენდერი გამოაცხადა. მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერისთვის გამოგზავნილ ამერიკელი კოლეგების კრიტიკულ წერილებში საუბარი იყო ანაკლიის პროექტზეც. ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ ივანიშვილი არჩევნებისთვის ამომრჩევლისა და ამერიკელი პარტნიორების გულის მოსაგებად თავად გეგმავს პორტის პროექტის დაფინანსებას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება.

- ანაკლიის პროექტის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფომ უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემაზე. ეს იყო გარანტია, რომელსაც კომერციული დატვირთვა ჰქონდა და მისი გამოყენების შემთხვევაში კრედიტად გარდაიქმნებოდა. ამაზე უარი თქვეს და ახლა ახალ ტენდერს აცხადებენ. რა პასუხს აძლევენ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ენდნენ ჩვენს ხელისუფლებას და 75 მილიონი ჩადეს ამ გაურკვეველ ვითარებაში? როგორ წარმოუდგენიათ ტენდერის გამართვა იმ პროექტზე, რომელზეც შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევა დაიწყოს. ძნელად წარმომიდგენია კარგი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, რომელიც ასეთ პროექტში ფულს ჩადებს. ყველა იკითხავს, რატომ გაჩერდა პროექტი და რა მოუვიდა მასში ჩადებულ თანხებსო? გარდა ამისა, ეს პროექტი უნდა დააფინანსონ სწორედ იმ საერთაშორისო ბანკებმა, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით. ისინი ზუსტად იმავე პირობას წამოუყენებენ სხვა ინვესტორსაც, ანუ სხვისგანაც მოითხოვენ 50 მილიონი დოლარის გარანტიას. როგორ მოიქცევა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში?

ხელისუფლება პროექტის გასაჩერებლად ლეგალურ მიზეზს ეძებდა. ახლა ახალი ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა ყველა იმ მიზეზის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოვთვალე, ამ პროექტს ვერ განახორციელებენ.

- გამორიცხავთ, რომ პროექტი თავად ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსოს? - თუ განვითარება გინდა, მსგავსი პროექტები უნდა განახორციელო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ჩადებს ფულს.

ჩვენს მოყვანილ ყაზახ ინვესტორს მთელი "ოცნება" დაუპირისპირდა, რუსეთში აეროპორტები ჰქონია და რუსული წარმოშობის ფული აქვსო. ივანიშვილს მთელი ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი და დღესაც იქ აქვს ბიზნესი. თუ ქართველი ხალხის ამოცანა ის არის, ივანიშვილს გადაეცეს წყალტუბოც, ანაკლიაც და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, კი ბატონო, ჩვენ ხომ შემოგვთავაზეს უკვე 35-ლარიანი ბილეთები.

- აქვს მას საამისო რესურსი? - მას არ სჯერა ამ პროექტის, მისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება. სწორედ რუსეთის საამებლად გაგვაჩერა. ამიტომ ასეთ რამეს გამოვრიცხავ, შესაძლოა განცხადებით გამოვიდეს, სინამდვილეში კი არაფერს გააკეთებს.

- თალაკვაძის თქმით, ანაკლიის საკითხზე კონგრესმენებთან მნიშვნელოვანი საუბრები ჰქონდა. - საუბრები აქამდეც ხომ იყო, რა შედეგი მივიღეთ?

- რაც შეეხება თქვენს საქმეს სასამართლოში, ამჯერად რა ეტაპზეა? - ერთი თვის განმავლობაში 18 სასამართლო პროცესი დაინიშნა. გამოაკელით შაბათ-კვირა და თავად განსაჯეთ, რა რეჟიმშიც ვართ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და შეზღუდული გვაქვს უცხოეთში გასვლა. 29 წელია ბიზნესში ვარ, რა არ მინახავს, რა არ გამომივლია, მაგრამ მსგავს წნეხში არ ვყოფილვარ. ანაკლიის პროექტიც დამატოვებინეს და "თიბისი ბანკშიც" დამათმობინეს ინტერესები, მაგრამ საქართველოდან არსად წავალ, ვიშრომებ და ვიბრძოლებ.

თუ ამ ქვეყანაში ერთპროცენტიანი სამართალი მაინც არის, ჩემი დაპატიმრება გამორიცხულია. თუმცა, რომც დამაპატიმრონ, იქიდანაც არ შევწყვეტ ბრძოლას.

- თქვენი მეგობრის, ავთო წერეთლის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?

- ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის სასამართლო დარბაზში ზის, არის ის, რომ მის ოჯახს დამოუკიდებელი ტელევიზია აქვს. კაცს კინაღამ გული გაუხეთქეს. ბოლო პროცესზე ჩაილაპარაკა, ამათი ლოგიკით, 12 წელი ციხეში უნდა გავატაროო. 11 წლის წინანდელ საქმეს რომ იძიებენ, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები რატომ აქვთ თაროზე შემოდებული?!

- ირაკლი შოთაძემ დაადასტურა თქვენი ნაამბობი, რომ ივანიშვილმა ჩხარტიშვილთან საქმის გასარჩევად დაგიბარათ და იქ მთავარი პროკურორი დაგახვედრათ. თუმცა შოთაძე ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა. - ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?! თქვენ რომ შემთხვევით მოხვდეთ სადმე, ხომ მოიბოდიშებთ და გახვალთ? ის კი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, იჯდა და გვისმენდა. ჩემი ნაამბობი შოთაძის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ სიცრუედ მონათლა, ხომ დადასტურდა? აი, ასე დადასტურდება ყველაფერი, რაც აქამდე მითქვამს.

- რას ფიქრობთ ოპოზიციის ახალ ინიციატივაზე, მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესახებ?

- ველოდები, როგორ დამთავრდება ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკება, მერე გავახმაურებთ ჩვენს პოზიციას.