"დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ოდირს არ განუხილავს გერმანული მოდელი" - კვირის პალიტრა

"დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ოდირს არ განუხილავს გერმანული მოდელი"

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის და ურთიერთბრალდებების საგანი ამჯერად ეუთო/ოდირის (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბBიურო, ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტი) დასკვნა გახდა. ხელისუფლება ოპოზიციას უვიცობაში, ოპოზიცია კი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია თითის ქნევით იმუქრებოდა, თუ "ოცნება" საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელს არ დათანხმდება, ოპოზიცია ქვას ქვაზე არ დატოვებსო. თავის მხრივ, გიგა ბოკერია თეა წულუკიანს "კლოუნს" უწოდებს და ურჩევს გონს მოეგოს. შეგახსენებთ, ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გერმანული მოდელი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო/ოდირს გადაუგზავნა. მიღებული დასკვნა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად წაიკითხეს - ოპოზიციის თქმით, ეუთო/ოდირი გერმანულ მოდელს კონსტიტუციურად მიიჩნევს, ხელისუფლება კი ირწმუნება, დასკვნაში არსად წერია, გერმანული მოდელი კონსტიტუციურიაო. გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

- ოპოზიციას თავიდანვე ვეუბნებოდით, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას. დღეს ის თვითონ ეუბნება ოპოზიციას, მე არა ვარ ის ორგანოო. მეტიც, ამ საკითხზე არც უმსჯელიათ.

- დასკვნაში წერია, რომ გერმანული მოდელის მსგავს სისტემაზე გადასვლა შეიძლება ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უმრავლესობით არის შესაძლებელი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური არ არის? - ეს არც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურია. დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ოდირს არ განუხილავს გერმანული მოდელი. ხელისუფლებამ კი უკვე ძალიან ბევრი ილაპარაკა, თუ რატომ არის გერმანული მოდელი არაკონსტიტუციური.

- ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონზე უნდა შეთანხმდნენ. ამასვე მოგვიწოდებენ ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი კოლეგები. - ოდირმა თქვა, რომ არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო კანონის ძირეული ცვლილებები არ არის მართებული. ოპო=ზიციის წარმოდგენილი მოდელიც კლასიკური გერმანული არ არის. ეს არის გერმანული მოდელი ავღანური საარჩევნო ელემენტებით. ის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც ითვალისწინებს. ეს კანონში მართლაც ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს, არჩევნებამდე კი რამდენიმე თვეა დარჩენილი.

ამჟამად ძალაშია შერეული საარჩევნო სისტემა 77/73-ზე, ოპოზიცია კი სრულად პროპორციულს ითხოვს. ჩვენ წავედით კომპრომისზე, რაც გულისხმობს პროპორციული წესით მანდატების გაზრდას, მაჟორიტარული წესით კი შემცირებას.

ეს არის 100/50-ზე სისტემა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და იმედია, მომდევნო რაუნდში მათ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დავინახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამიმძაფრდება ეჭვი, რომ მათ მოლაპარაკების ჩაშლა, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და რევოლუცია უნდათ.

- თქვენს შანსს როგორ შეაფასებთ არჩევნებზე? ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 45%-იანი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, ახლა იმედი 60%-მდე გაიზარდა. ამის საფუძველს თქვენი გაკეთებული საქმეები გაძლევთ, თუ ისევ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით აპირებთ ხალხის დაშინებას? - თქვენ ოპოზიციის ნარატივს იმეორებთ, რომ თითქოს "ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს. ჩვენ თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. მართალია, ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად. ერთი-ორი წელი ამისთვის საკმარისი არ არის.

- თქვენ ერთი-ორი წელი კი არა, შვიდი-რვა წელი გქონდათ... - წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, თუნდაც ჯანდაცვაში. გასაგებია, რომ ამ დარგში სხვა მიმართულებით გაჩნდა პრობლემები, მაგრამ უახლოეს მომავალში ისევ იგეგმება ცვლილებები. პროგრესი გვაქვს სხვა მიმართულებითაც, თუნდაც საგარეო პოლიტიკაში: საქართველოს ევროკავშირთან დადებული აქვს ასოცირების შეთანხმება, გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა, დღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ისეთი მჭიდრო კავშირი გვაქვს, როგორიც არასდროს გვქონია.

- ამავე დროს გაქვთ კონგრესმენების კრიტიკული წერილები საარჩევნო სისტემის, მოსამართლეების არჩევის, პოლიტიკური დევნის შესახებ... საზოგადოება ხედავს იმასაც, რომ ოპოზიციის ლიდერები ან ციხეში არიან, ან სასამართლო დარბაზებიდან ვერ გამოდიან. - პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტებს უკვე მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება. ჩვენ კიდევ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება მათთან.

- ფიქრობთ, რომ ამერიკელ კოლეგებს არ ჰყოფნით სწორი ინფორმაციის მოპოვების კომპეტენცია? - კონგრესმენების წერილები და დასმული შეკითხვები ცხადყოფს, რომ მათ არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ 21 ივნისის ღამეს. მათ განცხადებაში მშვიდობიან საპროტესტო აქციაზეა ლაპარაკი და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, რომ პოლიციელებს წაართვეს ჩაფხუტები, ხელკეტები და ოთხმოცამდე სპეცრაზმელი გაიტაცეს.

- ამერიკელ კოლეგებს შეპირებული საარჩევნო სისტემის გადათქმას როგორ აუხსნით? - დაპირება იმიტომ ვერ შესრულდა, რომ კონსტიტუციური ცვლილება ვერ განხორციელდა. მეც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვიყავი და მეც გამიცრუვდა იმედი. ახლა მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისულ ვარიანტზე შევჯერდეთ.

ხათუნა ბახტურიძე