ჯოჯოხეთური რეალობა ჯერ არნახული კადრებით - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთური რეალობა ჯერ არნახული კადრებით

4 აგვისტოს  სოფელ ტყვიავის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწაული მოხდა, - ტყვიაველი 15 წლის უჩა გიგუაშვილი ნაღმზე აფეთქდა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა.

სასულიერო პირები აძლიერებდნენ ექიმებსა და ჯარისკაცებს სულიერად, აზიარებდნენ დაჭრილებს, აპატიოსნებდნენ მიცვალებულებს

კასეტური ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს კომიტეტის ხელმძღვანელის, მაია ბუჩუკურის თქმით, უჩა გიგუაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსგავს საფრთხეს "უვნებლად" გადაურჩა. არადა, ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ნაღმებმა 6 ათეულზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა ან დაახეიბრა.

უჩა გიგუაშვილი: "სოფელთან ახლოს ძმასა და ბიძასთან ერთად ნახირს ვმწყემსავდი. დავიღალე და ვიფიქრე, დასასვენებლად ხის ძირში ჩამოვჯდები-მეთქი. იქვე, გზის პირას ერთი დიდი ხისკენ გავწიე, სადაც ხშირად ისვენებენ გლეხები ან პოლიციელები. დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, მზე გვარიანად აჭერდა, ამიტომაც თავდახრილი მივდიოდი. ხეს რომ მივუახლოვდი, თვალი ვკიდე შავ კაბელს. გამოვწიე და გვერდზე გადავაგდე. ვიფიქრე, რამე ასაფეთქებელი არ იყოს-მეთქი, მერე ჯოხი მოვაბი, უკან დავიხიე და გამოვწიე თუ არა, აფეთქდა. როგორც ჩანს, შორს ვიყავი, თორემ ვერ გადავრჩებოდი. მერე მეზობლებმა მითხრეს, რომ თურმე ხე  ნაფოტებად ქცეულა".

უჩას ბედი ჰქონია, თითქმის აფეთქებისთანავე გზად გამოჩნდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც მეზობელ სოფელში ყოფილა გამოძახებაზე და უჩა მყისვე საავადმყოფოში გააქანეს.

მარიამ კორინთელი, უჩას დედა: "წინა საღამოს იქ ჩვენს სოფლელებს უქეიფიათ, ზედ ხის ძირში. გამოდის, ნაღმი წინა საღამოს არ იყო.

ჩემი მეუღლე სპეცრაზმელია, მუხრანში, საგუშაგოზე მორიგეობდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ შვილი ნაღმზე აუფეთქდა. მუხრანიდან გიჟივით გამოვარდნილა გულგახეთქილი. როგორც ჩანს, რუსები მაინც ახერხებენ წინ წამოწევას. აბა, საიდან მოხვდა იმ დღეს ნაღმი ტყვიავის ტერიტორიაზე? ეს ვინც გააკეთა, კარგად იცოდა, რომ იმ ადგილას ხალხმრავლობაა. ცხინვალის რაიონის საზღვრამდე ტყვიავს ორი სოფელი ესაზღვრება და ამის გამკეთებელს იოლად ვერ უნდა შემოეღწია".

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი ნუკრი ჯოხაძე: "ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იკლო ნაღმებით დასახიჩრებულთა რიცხვმა.  ყოველდღე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან ჩვენი სამართალდამცავი ბიჭები. მათ აფეთქებენ, ესვრიან და პასუხის გაცემის უფლება არა აქვთ, რომ პროვოკაციას არ წამოეგონ და ქვეყანა ისევ ჯოჯოხეთში არ აღმოჩნდეს. როდესაც ჰოსპიტალში მოგვადგა გენერალი ბორისოვი და თბილისში ჩამოსვლას გვიქადდა, მივახალე, იმდენს იზამთ, ისეთ მუხტს გააღვიძებთ ჩვენში, რომ ჩეჩნეთს მოგანატრებთ-მეთქი. გორში რომ შემოვიდნენ,  ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება სურდათ, გაკვირვებული კითხულობდნენ, ჩვენ შორის ასეთი რამ რატომ ხდებაო, თითქოს მე ვიყავი შევარდნილი მათთან მოსკოვში და არა ისინი ჩვენთან".

როგორც ბატონი ნუკრი ამბობს, ხშირად უყურებს დოკუმენტურ დაუმონტაჟებელ ფილმს, რომელიც ომის დროს ჰოსპიტლის ეკონომისტ გიორგი გვრიტიშვილს სამოყვარულო ვიდეოკამერით ფარულად გადაუღია. ნუკრი ჯოხაძემ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მისცა ფილმის ფრაგმენტების პრესაში გამოქვეყნების უფლება.

ფილმს ერთად ვუყურებთ. თითქმის ორსაათიანი ჩანაწერიდან ბევრი რამ დამამახსოვრდა: მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალში მიყვანილ ჯარისკაცებს უმძიმესი ჭრილობები ჰქონდათ, ჩუმად, მოგუდული გმინვით იტანდნენ ტკივილს. ზოგიერთ ექიმს უკვე გარდაცვლილ პაციენტს ვერ აცილებდნენ, ჯიუტად უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას, რომ როგორმე ერთით ნაკლები ყოფილიყო მსხვერპლი. ყველგან, სამედიცინო მაგიდებზე, საკაცეებზე, იატაკზე დაჭრილები იწვნენ და ყველაფერი სისხლში ცურავდა. მიუხედავად ამისა, გამაოგნებელი იყო ექიმების სიმშვიდე ოპერაციების დროს.

ნუკრი ჯოხაძე: "საავიაციო დაბომბვების შემდეგ დაჭრილთა ნაკადი ძალიან გაიზარდა და გაჩნდა საფრთხე, რომ საავადმყოფო გადაივსებოდა. თუ ჰოსპიტალი გადაიტვირთებოდა, ქაოსი დაიწყებოდა. ერთდროულად ვმუშაობდით რვა შოკის მაგიდაზე, საოპერაციო მაგიდები ხომ თავისთავად დაკავებული იყო. ხუთ-ექვსჯერ იძულებული გავხდით, პირდაპირ იატაკზე გაგვეკეთებინა ინტუბირება (ხელოვნური მართვის სუნთქვაზე გადაყვანა). თითო პაციენტს ხუთი-ექვსი კაცი სჭირდება. ფართობიც ხომ გინდა ამდენი ხალხის საპატრონოდ?

ანთროპოლოგიური კატასტროფების დროს, ომში, მიწისძვრის ან სხვა შემთხვევაში ერთდროულად ბევრი პაციენტი რომ ზიანდება, უშანსო პაციენტს გვერდზე დებენ, სხვა შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალია და გაუმართლებელი. უმძიმესი განცდა დამეუფლა, როდესაც იგივე გავაკეთეთ, - ჩვენს თანამშრომელს სიძე გავუწიეთ გვერდზე...

ღვთის წყალობით, ხუთწუთიანი სტოპორიც არ შექმნილა ჰოსპიტალში და ძალიან მეამაყება. ის ერთი საღამო, როდესაც აქედან ძალით გაგვყარეს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე საღამო იყო. იმ დღეს დაბომბეს ჰოსპიტალი და დაიღუპა გოგა აბრამიშვილი, ჩვენი ექიმი".

გიორგის გადაღებულ კადრებში ხშირად ჩანან სასულიერო პირები. მათ ერთი დღითაც არ დაუტოვებიათ ჰოსპიტლის ტერიტორია. მამები თაფლიან წყალს უმზადებდნენ ექიმებს, ჰოსპიტლის ეზოს კედელთან სულის მოსათქმელად მიფენილ ჯარისკაცებს და ასე ცდილობდნენ, ძალა შეენარჩუნებინათ მათთვის.

ნუკრი ჯოხაძე: "ერთ-ერთმა მედდამ თავის მოძღვარს დაურეკა, მამაო, ძალიან მეშინიაო. მან უთხრა, \შენთვის ვლოცულობ და არ შედრკეო. სატელეფონო ზარიდან ერთ საათში მოძღვარი აქ იყო. სასულიერო პირები აძლიერებდნენ ექიმებსა და ჯარისკაცებს სულიერად, აზიარებდნენ დაჭრილებს, აპატიოსნებდნენ მიცვალებულებს".

ერთგან კადრში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ექიმები ახალმოყვანილი ჯარისკაცის გადარჩენას. ამ დროს კი დაჭრილის ჯიბეში მობილური ტელეფონი რეკავს. მედდამ ტელეფონს დახედა, ეტყობა, ოჯახის წევრი რეკავდა, აკანკალებული ხელებით აპარატს ბიჭს ისევ ჯიბეში უდებს. მხოლოდ ხმა ისმის, - "ვაიმე, შვილო!..".

"ერთხანს მობილური ტელეფონების დანახვა აღარ მინდოდა, - ეს თამარ დვალიშვილია, ჰოსპიტლის დირექტორის თანაშემწე, - რამდენიმე თვის წინ აქ ერთი შავოსანი ქალი მოვიდა. მითხრა, შენი ხმა არასოდეს დამავიწყდება, პირველად შენგან გავიგე, რომ შვილი აღარ მყავსო. მას შემდეგ საშინელი განცდა დამეუფლა, ასე მგონია, ყველა იმ დედის წინაშე დამნაშავე ვარ, ვისაც მათი შვილების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მივაწოდე. არავინ იცის, მე რას განვიცდიდი მაშინ. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდი დირექტორის მისაღებში, წინ მედო დაჭრილი და დაღუპული ბიჭების მობილური ტელეფონები და ყველა ზარს ვპასუხობდი. კინაღამ გავგიჟდი. მერე გადაწყვიტეს, რომ მობილურები მიმღებისთვის გადაებარებინათ და იმათ ეტვირთათ ჯარისკაცების ახლობლებთან საუბრის უმძიმესი ტვირთი. ბოლოს მათაც ვერ გაუძLლეს და ჯარისკაცების მობილურები გამოთიშეს. არასოდეს დამავიწყდება, პირველად ვის დედას ვუთხარი სამწუხარო ამბავი, ჯარისკაცი გვარად ნიკიტინი იყო. მახსოვს დედამისის ხმა, იქნებ ის არ არის, ნახე, როგორი ჯვარი ჰკიდიაო... როგორ მინდოდა, რომ ის მართლაც არ ყოფილიყო, საერთოდ, არც ერთი ჯარისკაცი არ ყოფილიყო დაღუპული, მაგრამ... გაირკვა, რომ ერთადერთი ქუთაისელი ნიკიტინი იყო მთელ ქართულ ჯარში. საბრალოს გვარი არც ეწერა არსად, თითქმის შიშველი შემოიყვანეს ჰოსპიტალში. ბიჭებმა თქვეს, ნიკიტას ვეძახდით, რადგან გვარად ნიკიტინი იყოო".

ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მძიმედ დაშავებული ცხინვალელი ოსი პოლიციელი მკურნალობს. გასაიდუმლოებულია მისი ვინაობაც და დიაგნოზიც. არავის აკარებენ. წითელი ჯვრის მანქანამ პირდაპირ ცხინვალიდან გადმოიყვანა გორში. ამბობენ, ვლადიკავკაზში წასვლაზე თვითონვე თქვა უარი და რუსებისგან მტრის ხატად ქცეული ქართველების დახმარება ისურვაო.

პ. ს. ჰოსპიტლიდან იმ დროს გამოვედი, როდესაც საავადმყოფოს პერსონალმა ეზოში მოიყარა თავი და წუთიერი დუმილით პატივი სცა გარდაცვლილთა ხსოვნას. იმ დღეს ექიმებს ერთი საერთო და დიდი დანაკლისიც ჰქონდათ - ექიმი გოგა აბრამიშვილი, რომელიც შარშან ჰოსპიტლის დაბომბვის დროს დაიღუპა.