რას დაპირდნენ ზალკალიანი და თალაკვაძე ამერიკელ პარტნიორებს - ნუთუ უგულავას დაკავებას?! - კვირის პალიტრა

რას დაპირდნენ ზალკალიანი და თალაკვაძე ამერიკელ პარტნიორებს - ნუთუ უგულავას დაკავებას?!

11 თებერვლის საღამოს " ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკვე  გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხეში. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. წამყვანი უცხოური გამოცემები უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან.

"2012 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა, კორუფციისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოში თანამდებობის ათობით ყოფილი პირია დაკავებული, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრიც", - წერს "როიტერსი"."

საინფორმაციო სააგენტო ასევე წერს, რომ უგულავას მსგავსი დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა "2017 წლის იანვარში, სასჯელის შემცირების შემდეგ, გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ, უგულავას, რომელიც 2005-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ახლა კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპიზიციონერი ლიდერია, იმავე საქმეზე 15-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი მოხდილად ჩაითვალა."

"მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაფხულში დაწყებული მასობრივი პროტესტის ფონზე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული და რამდენიმე პირია დაკავებული," - აღნიშნავს "როიტერსი" და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნოს სისტემის რეფორმას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენზე წერს "დოიჩე ველეც". გამოცემა აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს "პოლიტიკურად მოტივირებულად" და ბიძინა ივანიშვილის "პერსონალურ გადაწყვეტილებად" აფასებს.

"მილიარდერ ოლიგარქს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2012-2013 წლებში ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად სახელმწიფო თანამდებობის პირი არაა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკან მდგომი რეალური ძალაა,"- წერს "დოიჩე ველე".

უგულავას დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც.

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია", - წერს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" რიში.

ასევე "ტვიტერში" გამოეხმაურა მომხდარს კონგრესმენი ადამ კინზინგერიც. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და ძველი დანაშაულისთვის, რომელიც მას უკვე მოხდილი აქვს, 38 თვე მიუსაჯეს. შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი ნათქვამი იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა".

შეგახსენეთ, გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია აშშ-ს სტუმრობდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართეს კონგრესმენებსა და სენატორებთან, პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც. ამ ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაერწმუნებინათ ამერიკელი პარტნიორები, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას დემოკრატიული განვითარების კურსიდან არ გადაახვევინა. როგორც არჩილ თალაკვაძე ამტკიცებდა, მათ ეს შეძლეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების შემდეგ, რთულად წარმოსადგენია, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობა ვინმემ ირწმუნოს. ნახევრად ხუმრობით, რომ დავსვათ შეკითხვა, საინტერესოა, რას დაპირდნენ ზალკალიანი და თალაკვაძე ამერიკელ პარტნიორებს - ნუთუ უგულავას დაკავებას?!