"არჩევნების წინ, დიქტატორებიც კი თავს იკავებდნენ ოპოზიციის მიმართ ზედმეტი აგრესიისგან" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" და როგორ აისახება უგულავას დაკავება ოპოზიციაზე? - კვირის პალიტრა

"არჩევნების წინ, დიქტატორებიც კი თავს იკავებდნენ ოპოზიციის მიმართ ზედმეტი აგრესიისგან" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" და როგორ აისახება უგულავას დაკავება ოპოზიციაზე?

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, საარჩევნოდ პირადი შტაბის გახსნასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია და ერთგვარი დაბნეულობა შეიტანა ოპოზიციაშიც.

"პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმითვე, შტაბს პირადად ის უხელმძღვანელებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა "ნაცმოძრაობიდან" რამდენიმე წევრის წასვლა. მათ შორის, ჩიორა თაქთაქიშვილის, ნინო კალანდაძის, ზაზა ბიბილაშვილისა და მარიამ გერსამიასი. მათი თქმით, ისინი მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში გააგრძელებენ. ამ პროცესების პარალელურად კულუარებში საუბრობენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე, კონკრეტულად კი, მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, თუმცა გუშინ ვაშაძემ მისი პარტიიდან წასვლისა და სააკაშვილთან დაკავშირებული კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "სისულელე" უწოდა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხანში საპატიმროს დატოვებს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლის ადვოკატის თქმითაც, ის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს თუმცა დაბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში" ან შეუერთდება თუ არა "ევროპულ საქართველოს", პასუხი არ აქვთ მის კოლეგებს. საინტერესო განცხადება გააკეთა ყოფილ თანაგუნდელზე მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ექსმინისტრს ურჩია, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ დაუბრუდნეს ოჯახს, შვილებს, დაისვენოს და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

"მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები", - განაცხადა სააკაშვილა "მთავარ არხთან" ინტერვიუს დროს.

სააკაშვილის ამ განცხადებამ გარკვეული ხმაური გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სააკაშვლმა მერაბიშვილს "გადაცდომების" გამო უსაყვედურა.

"სადაც შეცდომებზე საუბრობდა სააკაშვილი, ის საუბრობდა მრავლობით რიცხვში, რაც ნიშნავს, რომ ეს შეცდომები იყო იმ ხელისუფლების მიერ დაშვებული, და არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის. სააკაშვილს არაფერი გადაუბრალებია მერაბიშვილისთვის", - განაცხადა kvirispalitra.ge-სთან რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობდა, მიხეილ სააკაშვილი პირად შტაბში, გოცირიძე აღნიშნავს, რომ "ეს შტაბი იქნება იმ ადამიანების მობილიზების საშუალება, რომლებიც არ არიან არცერთ პარტიაში, ასევე ახალგაზრდების. ამ შტაბის შესახებ პარტიაში განცხადების გაკეთების წინ ვიცოდით ეს იყო ახალი იდეა. შტაბი გულისხმობს სააკაშვილის უფრო გააქტიურებას არჩევნების პერიოდში. შტაბში მას ეყოლება საზოგადოების წარმოადგენლები, რომლებიც დაეხმარებიან "ნაციონალურ მოძრაობასაც".

ვაშაძესა და სააკაშვილს შორის კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გოცირიძე "სისულელეს" უწოდებს.

"ეს ინფორმაცია სისულელეზე მეტია, ეს არის სისულელე კვადრატში. ეს არის ტროლების ჭორი, "ფეისბუქმა" კი გააუქმა ეს ტროლები, მაგრამ მაინც არიან დარჩენილი და იგონებენ ახალ-ახალ ჭორებს, შექმნიან ერთდღიან თემას, სანამ ბატონი გრიგოლი არ გამოვა და არ შეუკურთხებს მამაპაპურად. ბატონი გრიგოლი ერთი კვირის წინ ჩამოვიდა კიევიდან, ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და განიხილეს მიმდინარე საარჩევნო საკითხები. იქნება ფართო ფრონტი "ქართული ოცნების" შესაცვლელად, მათ შორის, მიხიელ სააკშვილის პირადი აქტიურობის საფუძველზე და ის მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოლიტიკურ რესურსებს, რათა ერთად დავამარცხოთ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი", - გვითხრა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკურ არენაზე სააკაშვილი-ვაშაძის დაპირისპირებაზე არ იყო საუბარი დასრულებული, რომ გუშინ საღამოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. უგულავას თანაგუნდელები და ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, სხვა პოლიტიკური ფიგურების დაკავებასაც, რომელიც მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ წინასაარცევნოდ უკვე დაიწყო, გიგი უგულავას კი ისინი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, უგულავას დაკავება ყველაზე მეტად სახელმწიფოს დააზიანებს.

"იმას, რომ გიგი უგულავა შეიძლება გახდეს ნაციონალური მასშტაბის ლიდერი და მის ირგვლივ ოპოზიცია გაერთიანდეს, სკეპტიკურად ვუყურებ. ოპოზიციის ერთიანობა უფრო თემატურია, ვიდრე მსოფლმხედველობრივი და ასეთ სცენარს არ განვიხილავდი. უგულავას დაკავება სხვა მხრივ არის მნიშვნელოვანი, საბოლოოდ გაფორმდა ხელისუფლის ტაქტიკა, კერძოდ, ის თავის თანაგუნდელებს აგზავნის სხვადასხვა მიმართულებით, წადით, ყველას ყველაფერს შეპირდით და მე ყველას გადავაგდებო. თუ ადრე იყო ტრაგედია, დღეს მივიღეთ ტრაგიკომედია, რასაც, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური ახსნა არ აქვს. დიქტატორებიც კი, არჩევნების წინა პერიოდში თავს იკავებდნენ ოპოზიციის მიმართ ზედმეტი აგრესიისგან, იმიტომ, რომ ისინიც კი ცდილობენ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ და მუსრი არ გაავლონ ყველას და ყველაფერს.

რომც წარმოვიდგინოთ, რომ უგულავას წინააღმდეგ საქმეები სამართლებრივად სწორია და დავუშვათ, რომ მართლმსაჯულების მიზნებს ემსახურება, როდესაც არჩევნების წინ ძალიან ძველ საქმეებზე ხელისუფლება მეორე და მესამე პარტიის ლიდერებს ციხისთვის ამზადებს ან ე.წ. სამაჯურით ატარებს, ამის ახსნა მართლმსაჯულებით, უბრალოდ აბსურდია. ახლა გეტყვით, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, ჩავთვალოთ, რომ ეს საქმეები არის ლეგიტიმური, მაგრამ როდესაც ასეთი რთული წინასაარჩევნო პროცესი მიდის, ასეთ დროს ცივილიზებულ სამყაროში კონსერვდება ეს საქმეები და არჩევნების შემდეგ გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად სახელმწიფო ზიანდება, თორემ ქართულ პოლიტიკაში წელში გამოყვანილად არავინ გამოიყურება".

(სპეციალურად საიტისთვის)