რას წარმოადგენს ლობისტური კომპანია, რომელთანაც ივანიშვილის პარტიამ 900 000-დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა და ვინ არიან ლობისტები? - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს ლობისტური კომპანია, რომელთანაც ივანიშვილის პარტიამ 900 000-დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა და ვინ არიან ლობისტები?

როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნებამ" კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ-ბრიტანულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან. ამ შეთანხმებაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. როგორც ლობისტური კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის 8 თებერვალს შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადში ვკითულობთ, მომსახურების მიზანია "აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება".

ამის თაობაზე გავლენიანმა გამოცემა "ბლუმბერგმა" სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენია.

სტატიაში ლაპარაკია, ბოლო პერიოდში ამერიკის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრების მკაცრ შეფასებებზე, წერილებზე, რაც მათ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაავრცელეს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"როგორც ცნობილია, აშშ-ის სენატის წარმომადგელები უმეტეს წილად ქვეყნის შიდა პოლიტიკით არიან დაკავებული, თუმცა პარტნიორ ქვეყანაში მომხდარმა მოვლენებმა შესაძლოა მათი ყურადღება მიიქციოს, სწორედ ასე მოხდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი, ყველაზე მდიდარი ადამიანი და ქვეყნის "ჩრდილოვანი ბოსია", რომელმაც ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადახარა. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ივანიშვილის ხელდასმულ პრემიერს რამდენიმე წერილიც გაუგზავნეს, რომელიც მას მოქმედებისკენ მოუწოდებდა.

ამ ამბამდე ერთი თვით ადრე კი სახელისუფლებო პარტიამ იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-თან ხელშეკრულება გააფორმა, რათა ლობისტურმა კომპანიამ 2012 წელს დაარსებული ივანიშვილის "ქართული ოცნების" ინტერესები წარმოადგინოს.

ფირმის სარეგისტაციო საბუთებში აღნიშნულია, რომ სააგენტომ უნდა შეასრულოს ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დაკვეთა და არა ქვეყნის ხელისუფლების. 21 იანვარს ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ წერილში ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ნორმ კოულმანი წერს:

"დაქირავებული კომპანია ითანამშრომლებს და შესაძლოა, ინსტრუქციები საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირებისგანაც მიიღოს, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობითა და კონტროლით".

...

ლობისტ კოულმანს რთული საქმე აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ავტორიტარი პარტნიორები ჰყავს, მაგალითად, ისეთი როგორც საუდის არაბეთია, შესაძლოა იმ თემის განხილვა, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. კოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის", - წერს გამოცემა.

რას წარმოადგენს ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ი?

Hogan Lovells-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იურიდიული და ლობისტური ბრიტანულ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2017 წელს მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე იყო წელიწადში 2-მილიარდიანი (აშშ დოლარი) ბრუნვით. მისი სათაო ოფისები განლაგებულია ლონდონსა და ვაშინგტონში. კომპანიის ამ სახით ფორმირება მოხდა 2010 წელს, როდესაც 1899 წელს დაფუძნებული ბრიტანული იურიდიული კომპანია Lovells-ისა და ამერიკული საადვოკატო ფირმა Hogan & Hartson-ის საფუძველზე კომპანია Hogan Lovells-ი შეიქმნა. კომპანიის 40-ზე მეტ ოფისში 2800-ზე მეტი იურისტია დასაქმებული, ოფისები კი განთავსებულია აშშ-ში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში.

როგორც ირკვევა Hogan Lovells-მა "ქართულ ოცნებასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა 2020 წლის 21 იანვარს.

სარეგისტრაციო განაცხადში ასევე ვკითხულობთ, რომ დაქირავებული კომპანია გაუწევს კონსულტაციებს და "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გასაძლიერებლად. "ამ მიზნით რეგისტრანტის ამოცანაა იურიდიული ანალიზი, კონსულტაციები და სტრატეგიის შემუშავება უცხოელი კლიენტისთვის".

კომპანია ასევე კლიენტს საჯარო ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენელთა წინაშე.

როგორც ირკვევა "ქართულ ოცნებასთან" კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 75 000 დოლარი. სულ კი, კონტრაქტის ღირებულება $900,000 დოლარს შეადგენს.

ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" საქმით დაკავებული იქნებიან კომპანიის წამყვანი თანამშრომლები - ნორმ კოულმანი, აივენ ზეპიენი და აარონ კატლერი.

ნორმ კოულმანი

ის ყოფილი სენატორი და ქალაქ სენტ პოლის ყოფილი მერი გახლავთ. კოულმანი 3 ათეული წლის განმავლობაში საჯარო მოხელე იყო, 2011 წელს კი შეუერთდა მთავრობასთან ურთიერთობისა და საადვოკატო მიმართულების ჯგუფს. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, კოულმანი იყენებს პოლიტიკურ პროცესებში მიღებულ ურთიერთობებსა და გამოცდილებას თავის კლინეტებთან. "მას აქვს უნარი, სწრაფად განსაზღვროს საკითხები და დროულად გადაჭრას წამოჭრილი პრობლემები... ის ახლა უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე თანამდებობაზე ყოფნისას".

აივენ ზაპიენი

ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში დემოკრატების შტაბის ხელმძღვანელი იყო. კონგრესში მუშაობის განმავლობაში ახლო კავშირები დაამყარა ამერიკელ კონგრესმენებთან. საუბრობს ორ ენაზე და არის წარმატებული ადვოკატი, რომელსაც აქვს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საქმეების წარმოების გამოცდილება სამთავრობო პოლიტიკისა და მართვისა კამპანიების სფეროში. ის კლიენტებს მრავალფეროვან სტრატეგიას ურჩევს, ითვისებს არსებული გარემოს შესაძლებლობებს და ამცირებს რისკს. 2019 წელს ის დააჯილდოვეს Hispanic Lobbyist Association's President's Award-ით და წლის ერთ-ერთ საუკეთესო ლობისტად დაასახელეს.

აარონ კატლერი

კატლერი წარმომადგენელთა პალატის ლიდერის, რესპუბლიკელ სენატორ ერიკ კანტორის წამყვან მრჩევლად მუშაობდა. ლობისტურ კომპანიაში ის სამთავრობო ურთიერთობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს, ლობირებს ენერგეტიკული და ბუნებრივი რესურსების, საბანკო და ფინანსური მომსახურებისა და ასევე ტექნოლოგიებისა და მედიის მიმართულებით. სტრატეგიულ რჩევებს აძლევს აღმსარულებელ დირექტორებსა და მენეჯერებს. მისი პროფესიული კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, სადაც ორ სხვადასხვა საერთაშორისო სამართლის კომპანიაში მუშაობდა.

ეკა გადახაბაძე

თეა ბეჟიტაშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)