ქართული პოლიტიკის ფსიქოლოგია, ანუ დანინგ-კრიუგერის ეფექტი - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის ფსიქოლოგია, ანუ დანინგ-კრიუგერის ეფექტი

"პირველი ჯგუფი ინდივიდუალისტურია, მეორე - ტრადიციული, "ჩემიანია და გამიკეთებს", მესამე - მრევლური"

როგორია ბოლო ათწლეულების საქართველო - ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე, რომელიც, როგორც კულტურულ ფენომენს, თანამედროვე საქართველოს ცხოვრებას იკვლევს.

- კულტურა დინამიკური რამ არის და ბევრი ფაქტორის გავლენით იცვლება. მასზე ზეგავლენას ახდენს ეკოლოგია, პოლიტიკა, ეკონომიკა და ა.შ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში ეკონომიკა ძირეულად შეიცვალა. საბჭოეთში აკრძალული იყო უმუშევრობა, ამიტომ რეალურად მუშაობდი თუ არა, ხელფასს მაინც იღებდი, გამოცხადდებოდი სადღაც ფორმალურად და ეგ იყო. მოკლედ, შემოსავალი ყველას ჰქონდა და კიდევ, გარანტირებული უსაფრთხოება, თუმცა არა პირადი, არამედ გლობალური, ვთქვათ, გარეშე მტერი, სტიქიური უბედურება და ა.შ. სხვისი მოსავლელი იყო. ამიტომ საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულებში ქართული კულტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, შეიძლება ითქვას, უდარდელობა იყო და უცებ ეს ყველაფერი დაინგრა.

ნებისმიერ კულტურას სჭირდება ბაზური რწმენა. მაშინ სწამდათ, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა. ამის მაგალითია, რომ არც ერთ ქართველ მწერალს არ აღმოაჩნდა მალულად შენახული ნაწარმოები, რომელიც არ შეიძლებოდა გამოქვეყნებულიყო იმ ეპოქაში, რაც ბევრი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში. ერთი სიტყვით, თამაშის წესები მიღებული იყო და ცვლილებაზე არ ფიქრობდნენ.

- რატომ, დისიდენტები ხომ იყვნენ? - ძალიან ცოტანი, და მათი საზოგადოებაზე გავლენა მცირე იყო. ისე, სამზარეულოში და სუფრასთან, ყველა დისიდენტი იყო, იმიტომ, რომ კომუნისტური ღირებულებების არავის სჯეროდა.

ქართული კულტურის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად მე ოპტიმისტურ ფატალიზმს ვთვლი - "კი, ყველაფერი არ არის კარგად, მაგრამ თავისით, ჩემი ჩარევის გარეშე დალაგდება". საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს წარმოადგენდა ცხოვრების მოდუსს და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დაინგრა. ის ბაზური რწმენა, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება, მოისპო და ჩავეჭიდეთ რელიგიას, ღმერთი არ გაგვწირავს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართო. პარალელურად, მეორე დაცვითი მექანიზმიც გაჩნდა - დასავლეთი დაგვიცავს, ჩვენი ქართველობაც დაგვიცავსო.

დღევანდელ საქართველოში სამი განსხვავებული, ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული ტენდენციაა: პირველი - პროდასავლური: უცხოეთში სწავლა, განათლების მიღება, ბიზნესი, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და რომელსაც მეც მივეკუთვნები; მეორე - ტრადიციული, საბჭოთა დროს ჩამოყალიბებული ცხოვრების სტილი, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, რამდენიმე ასეულკაციანი ჯგუფი, "ჩვენიანები ვართ", ე.წ. ვირტუალური სოფელი. მაგალითად, პირადად ჩემი ჯგუფი ის ხალხია, ვინც ჩემს პანაშვიდზე მოვა. პანაშვიდი, ქელეხი და ქართული სუფრა ქართული კულტურის ბაზური რიტუალებია, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული სახე მიიღო.

პანაშვიდი არ იყო მარტო მიცვალებულის პატივისცემა, არამედ ჯგუფის შეკვრის, ერთმანეთის გაცნობის, გახსენების, კავშირების აღდგენის და ა.შ. ეს ჯგუფი თვითკმარი ერთეული იყო, ჰყავდა თავისი ექიმი, იურისტი, პოლიციელი... ანუ ყველა ვირტუალურ სოფელს თავისი დიდი კაცი ჰყავდა, რაც მეტი, მით უკეთესი. ეს დიდი კაცი (ან კაცები) ვალდებული იყო თავისიანებზე ეზრუნა. ამან დიდი გავლენა მოახდინა დამოუკიდებლობის პირველ, სრულიად ქაოსურ პერიოდზე, როდესაც თითქოს დაკანონდა ბიზნესი, ბაზარი. ბიზნესი დაიწყეს ნათესავებმა, ძმაკაცებმა და აღმოჩნდა, რომ ეს არ მუშაობს, რადგან ბიზნესში, მაპატიებს, თუ ცოტა ფულს "გადავღუნავო", ან არაკომპეტენტური ადამიანების გაერთიანებას შედეგი არ მოაქვს.

- ანუ ბიზნესში ვირტუალური თანასოფლელობა არ ამართლებს?

- არა, თანაც ბიზნესი თავიდან საბჭოთა მეთოდებით წავიდა, უხარისხო საქონლით, სიძვირით, მოტყუებით და მალევე აშკარა შეიქნა, რომ ეს ვერ უძლებდა კონკურენციას; მესამე ტენდენციაა პატრიოტულ-მრევლური კოლექტივიზმი. ვირტუალური სოფელი ხომ ერთი სახის კოლექტივიზმია, სადაც როლები მეტ-ნაკლებად განაწილებულია.

- ჭადრაკის დაფასავით, ყველას თავისი მისია აქვს?

- კარგი შედარებაა. აი, მრევლში უკვე შაშის პრინციპია - იქ არის დამკა, ანუ მოძღვარი, და მრევლში, პრაქტიკულად, როლების დანაწილება და ინდივიდუალიზმი არ არის გამოკვეთილი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, პირველი ჯგუფი ინდივიდუალისტურია, მეორე - ტრადიციული, "ჩემიანია და გამიკეთებს", მესამე - მრევლური. ეს სამი ტენდენციაა დღეს ქართული ქალაქური ცხოვრების წამყვანი და მათ შორის დაპირისპირებაა. ეს კარგად ჩანს გამოსვლებში, ტელეგადაცემებში, რაც გაღრმავდება და გაძლიერდება.

- თქვენი აზრით, ეს მართულია?

- მართულიცაა... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხდება მსოფლიოში. დიდი გეოპოლიტიკური თამაშები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. ახლა გარდასახვის პერიოდი გვაქვს.

- ჩვენი საუკუნის გამოწვევებს თუ გადავხედავთ, რა ამოცანის წინაშე ვდგავართ? - მსოფლიო ტენდენციები არაპროგნოზირებადია. ამ შემთხვევაში არ მივყვები ჩერჩილის რჩევას, რომ პოლიტიკოსი ის არის, ვინც იტყვის, რა მოხდება 1 წლის მერე, და 1 წლის მერე იტყვის, რატომ არ მოხდა ის, რაც თქვა.

- თქვენ ხომ არა ხართ პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი ხართ. - ჩერჩილიც კარგი ფსიქოლოგი იყო.

- ფულისადმი დამოკიდებულება ახსენეთ... - მდიდრები არსად არ უყვართ. მეცენატობა არის ის ხარკი, რომელსაც მდიდარი ადამიანი იხდის, რათა საერთო სიძულვილის ობიექტი არ გახდეს, და მეტ-ნაკლებად გამოსდის, სიძულვილი ნელ-ნელა სუსტდება. ძალიან ცუდი პრინციპი შემოგვრჩა - დასავლეთში ფულს მოაქვს ძალაუფლება, აქ კი ძალაუფლებას მოაქვს ფული. დასავლეთში არის მდიდარი ხალხის ლობი, რომელიც თავის სასარგებლოდ აძლევს ბიძგს ეკონომიკურ ან იურიდიულ კანონმდებლობას, თანაც ისე, რომ არ ჩანს. აქ კიდევ პარლამენტარი, ელიტის ისტებლიშმენტის წევრი უნდა გახდე, რომ ნახევრად ლეგალურად ბიზნესის უფლება მიიღო, ისე, რომ არავინ ჩაერიოს.

იაკობ მანსვეტაშვილს აქვს მოგონება - თურმე ილია ჭავჭავაძე მისულა სარაჯიშვილთან ისეთ მომენტში, როდესაც სარაჯიშვილი ფულს ითვლიდა, თანაც, სომხურად. ილიას გაჰკვირვებია, სომხურად რატომ ითვლიო, სარაჯიშვილს კი პასუხად ფულზე მიუთითებია, ამათ ეს ენა უკეთ ესმითო. ჩვენი თავადაზნაურობის ფულისადმი დამოკიდებულება ასეთი იყო - თუ ჰქონდათ, "ამღერებდნენ". საბჭოთა დროში ეს დამოკიდებულება უფრო გაძლიერდა - ფული შემოგდის, ჩრდილოვანი ბიზნესი გაქვს, რა უნდა უყო? კარგი, ვთქვათ, ბინა იყიდე, აგარაკი, მანქანა, სხვა? ვერ ჩადებდი ვერაფერში - ფული კაპიტალი კი არა, სახარჯავი საშუალება იყო. ხელგაშლილობა, ფულისადმი ქართული დამოკიდებულება, დამოკიდებულება მდიდრისადმი, ძმაო, თუ ბევრი ფული გაქვს, უნდა გამინაწილოო, შეიცვალა, ფული კაპიტალად გადაიქცა. კაცმა ერთი სასტუმრო ააშენა, მერე რესტორანი გახსნა, ფულს ფული მოატანინა, ყოველდღე აღარ აქეიფებს ძმაკაცებს.

- ეს კაცი ახლა ფულს ქართულად ითვლის?.. - ფულს უკვე ქართულად ითვლის, დიახ! შეიძლება ინგლისურად...

- აღნიშნეთ, საზოგადოებაზე გავლენას ახდენს პოლიტიკა და ტრადიციები, პოლიტიკური კულტურა საქართველოში ნულთან არის მიახლოებულიო. მაშ, როგორ ვვითარდებით? - კი, პოლიტიკური კულტურა საქართველოში ნულთანაა მიახლოებული. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 4 რეჟიმი იყო, რომელთაც ლიდერი განსაზღვრავდა. წმინდა ნაციონალისტური - გამსახურდიასი, რომელსაც პოლიტიკური მემკვიდრეები ნაკლებად დარჩნენ, მასაში დაიკარგნენ.

შევარდნაძე ძალიან ჭკვიანი საბჭოთა ფუნქციონერი იყო. მან ბევრი გააკეთა საქართველოში სახელმწიფოს შექმნისთვის, თუმცა მის დროს ყველაფერი კორუფციაზე იყო დამყარებული და სწორედ ეს წარმოადგენდა შევარდნაძის საყრდენს. თვითონ ხელშეუხებელი იყო და ყველასი და ყველაფრის შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლო.

მესამე, სააკაშვილის რეჟიმმაც ბევრი გააკეთა სახელმწიფოსთვის, მაგრამ არსებობს ასეთი ცნება - ჯგუფური აზროვნება, როდესაც ელიტა, რომელიც არის კომპეტენტური, ჭკვიანი, კარგავს რეალობის შეგრძნებას, ფიქრობს, არაფერი შემემთხვევა, ყველაზე მაგარი ვარ (ამას ფსიქოლოგმა ირვინ ჯენისმა ჯგუფური აზროვნება უწოდა და ამით ახსნა ამერიკის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდი მარცხები - ვიეტნამის ომი, კუბის დაკარგვა...) და რეალობის გრძნობა დაკარგეს, ეგონათ, მუდმივად ექნებოდათ დასავლეთის მხარდაჭერა; ეგონათ, აქ ვერ გაჩნდებოდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ გაუმკლავდებოდა.

მაგრამ მოვიდა დღევანდელი მთავრობა, რომელსაც უფრო სხვა ფსიქოლოგიური გავლენა აქვს. მე ამას შევადარებდი დანინგ-კრიუგერის ეფექტს, როდესაც არაკომპეტენტური ადამიანი ვერ ხვდება, რომ არაკომპეტენტურია. ჰგონია, ყველაფერი იცის და პირიქით, კომპეტენტური ადამიანი ზოგჯერ სათანადოდ ვერ აფასებს თავის შესაძლებლობებსა და კომპეტენციას. ახლა ისეთი ადამიანები გასწავლიან ჭკუას და ინიშნებიან საპასუხისმგებლო პოსტებზე, ვერ ხვდებიან, რომ ეს არ შეუძლიათ. ეს ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური რეალობის მინუსია.

თუ პირველი რეჟიმი იყო პატრიოტულ-ნაციონალისტური, მეორე - მოსაბჭოურო, "ჩვენიანებით", მესამეს ჰქონდა ინდივიდუალისტური და პროდასავლური ელემენტები, მეოთხემ, ახლანდელმა, ეს ყველაფერი გააერთიანა და ამიტომ არა აქვს გამოკვეთილი სახე. ეს შეიძლება სისუსტე არ იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, არის.

- რატომ?

- იმიტომ, რომ გამოკვეთილი, გაცხადებული კურსი არ არსებობს. აფხაზეთზე ჩაჩუმებულია, ნატოზე - ჩაჩუმებულია, ამ პრინციპით, "მოდი, ვიყოთ, როგორც არის". პოლიტიკური ნება ნაკლებად ჩანს.

- როგორია დღევანდელი საქართველო?

- განვითარებადი. წინ მივდივართ, თუმცა ნელა. იცვლება ქალის როლი, პოლიტიკოსი ქალი აღარავის უკვირს, განსხვავებული მრწამსის ადამიანთა მიმართ რელიგიური სიძულვილი შედარებით დაცხრა, ქურდობა შემცირდა, სასამართლოს როლი გაიზარდა. განსხვავებული აზრი ჯერ კიდევ არ გვიყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საყურიან ბიჭებს საყურეს აღარ ახევენ ყურიდან. მოკლედ, ლიბერალიზაცია ნელა, მაგრამ მიმდინარეობს.

- მგონი, ქართველებიც ისეთი დარდიმანდები აღარ ვართ.

- აღარ ვართ, ცხოვრებამ მოიტანა. საშუალება აღარაა. მნიშვნელოვანწილად საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, გინდა თუ არა, უქმად ვერ დაჯდები. 90-იანებში ჩავარდნა იყო, მერე ნელ-ნელა ავედით ზემოთ. უცებ ყველა ბედნიერები ვერ ვიქნებით, მაგრამ ყველაფერი მაინც იქით მიდის, საითაც უნდა მიდიოდეს. ქართული კულტურა არაერთი საუკუნის პროდუქტია. საუკუნეების განმავლობაში გამოავლინა ადაპტაციის უნარი და შეინარჩუნა, ენა, სარწმუნოება, კულტურული მემკვიდრეობა. იმედია, დღევანდელ სამყაროშიც არ დაკარგავს.