"ოცნების" შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია" - კვირის პალიტრა

"ოცნების" შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია"

"ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს - მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური"

სახელისუფლებო დელეგაცია ვაშინგტონს ვიზიტით ეწვია, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართეს იმ კონგრესმენებსა და სენატორებთან, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი პოლიტიკური დევნის ნიშნების გაჩენაც იყო. ამის მერე ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას კვლავ ციხეში შეაბრუნებდნენ. ხელისუფლება ამის სამართლიანობის აღდგენით შეფუთვას ცდილობს. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

გია ხუხაშვილი

- სამართლიანობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება თუ იყო, ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. მაშინ კოაბიტაცია გამოცხადდა, კოაბიტაცია კი ნიშნავს საზოგადოების გამთლიანებას, დაპირისპირებული ჯგუფების შერიგებას, რაც ჩვენში არ მომხდარა. დღეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას კი არა, სამართლიანობას ამოფარებული საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ძალიან არადამაჯერებელია სამართლიანობაზე ლაპარაკი, როცა სისტემის მანკიერებას დიდი მოწადინებით ეპოტინებიან. არც ერთი სისტემური პრობლემა არ გადაუწყვეტიათ, ყველაფერი შეისრუტეს: მართლმსაჯულება, ძალოვანი სისტემა და ა.შ. როდესაც სამართლიანობაზე ლაპარაკობ, სამიზნედ იმჟამინდელი ხელისუფლების წევრებს იღებ, მართლმსაჯულებას კი იმ მოსამართლეების ხელში ტოვებ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის უსამართლობის ბოლო ინსტანციას წარმოადგენდნენ, როგორ შეიძლება შენი ვინმემ ირწმუნოს? რეჟიმი სასამართლოს გარეშე ვერ ყალიბდება, აქედან გამომდინარე, თუ მაშინ სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, სასამართლო მისი განუყოფელი ნაწილი იყო.

რაც შეეხება უგულავას დაკავების პოლიტიკურ მხარეს, ეს კიდევ უფრო რთული ასახსნელია. ამ ხელისუფლებას ერთი ამოცანა აქვს - ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. გაუგებარია, უგულავას დაჭერისთვის რა მოტივი ჰქონდათ, თან მაშინ, როდესაც სახელისუფლებო დელეგაცია, მგონი, არც იყო დაბრუნებული აშშ-დან.

როგორც ჩანს, ივანიშვილი დროის მოგებას შეეცადა, ხვდება, რომ პრობლემები აქვს, მაგრამ ცდილობს როგორმე გადააგოროს, მათ შორის დასავლეთის შემოტევაც - ემისრებს გზავნის ვაშინგტონსა თუ ევროპაში, რომელთაც, სავარაუდოდ, ეუბნება, ყველას ყველაფერს დაჰპირდით, მე კი აქ ყველას "გადავაგდებ", როცა დამჭირდებაო...

სამი რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგიც გამზადებულია დასაჭერად, ზოგი სამაჯურით დადის და ლამის მთელ ოპოზიციას, ვისაც პულსი ესინჯება, პასპორტები ჩამორთმეული აქვს. ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება.

- საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოაბიტაციას იმიტომ დათანხმდა, თურმე ახალ ხელისუფლებას დასავლეთის ნდობის მოპოვება სჭირდებოდა, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენაც ამიტომ გაჭიანურდაო. თუ მაშინ ნდობა ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რა მოხდა ახლა? რატომ ანიავებს "ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორების ნდობას? - თქვენს კითხვაში კარგად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლოგიკა წინააღმდეგობრივია - თუ მაშინ ამას აკეთებდა დასავლეთის ნდობისთვის, მაშინ ახლა, როცა ნდობას კარგავს, რატომ არ იღებს ქმედით ზომებს?..

მე ვაკვირდებოდი კოაბიტაციის პროცესს. მაშინ ამაზე არაერთხელ გვიკამათია.მე არ ვიყავი ამ ფორმით მისი მომხრე, თუმცა არც იმის მომხრე ვიყავი, ცეცხლითა და მახვილით გვემოქმედა. მიმაჩნდა, რომ უნდა გაჩენილიყო სამართლიანობის განცდა და, იმავდროულად, მომხდარიყო საზოგადოების დიდი შერიგება. მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით კანონპროექტიც მქონდა მომზადებული. საქმე ის არის, როცა ქვეყანა რეჟიმს დემოკრატიული გზით მოიშორებს, საზოგადოება მაინც ორად გახლეჩილი რჩება. ასე მოხდა საქართველოშიც - იყო ძალიან ბევრი დაზარალებული და ბევრიც სისტემურ დანაშაულში ჩართული. ჩემი გეგმა იყო მარტივი: უნდა შექმნილიყო პოლიტიკური დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელიც აღიარებდა პოლიტიკურ დანაშაულს და ამასთანვე, გამოცხადდებოდა ამნისტია აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, თუმცა მქონდა ერთი დათქმა - ეს აქტი არ უნდა შეხებოდა მძიმე დანაშაულს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ასეთ ვითარებაში ჩვენ შევძლებდით მეტ-ნაკლებად ყველას ინტერესის დაკმაყოფილებას. ივანიშვილი ამას არ დათანხმდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ სურდა ეს. მისი კოაბიტაციის ფორმულა ძალიან მარტივი იყო - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებოდა, მე ყველას მიგიღებთ, გულში ჩაგიხუტებთ, ვინც მიშას შეაგინებთო. დააკვირდით, ვინც კი მამლის მესამე ყივილამდე მიშას განუდგა, ყველა ამ ხელისუფლებაშია.

ივანიშვილმა, ფაქტობრივად, სისტემა კი არ შეცვალა, ყველაფერი გადმოიბარა, რითაც იმ დანაშაულებრივი სისტემის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი. ვინც მას გამოჰყვა, წამოიყვანა. ამასთანავე, მან გაყო წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მისდამი ლოიალურ და არალოიალურ ნაწილებად და ახლა სამართლიანობის აღდგენას ეძახის არალოიალური ნაწილის დასჯას ლოიალურის ხელით, რაც სრული აბსურდია. ამის მაგალითია ნიკა მელიას საქმე, რომელსაც "ქართუ ბანკის" გაკოტრების ბრალდებით ასამართლებენ. ეს გაკოტრების პროცესი სასამართლოს ინიცირებული იყო და ის მოსამართლე, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა, რასაც მერე ნიკა მელია აღასრულებდა, დღეს უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

გიგი უგულავაც ამის მაგალითია.

ივანიშვილს გახლეჩილი "ნაციონალური მოძრაობა" სჭირდებოდა, იქიდან პოლიტიკოსების ნაწილის წამოსვლა. ამიტომ ჩათვალა, თუ გიგი უგულავას ციხიდან გამოუშვებდა, ამ საქმეს წაადგებოდა - დასუსტდებოდა ""ნაციონალური მოძრაობა" და თან ეს ხალხი მისდამი ლოიალურიც იქნებოდა, მაგრამ ამას არავინ აპირებდა. ამიტომაც ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გიგი უგულავამ "გადააგდო" - ციხიდან გამოუშვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, მისთვის ხელები დაეკოცნა, ბედავდა და აკრიტიკებდა. დიდწილად ამიტომაც შეაბრუნა უგულავა ციხეში. ხედავთ, როგორი ლოგიკით იმართება ქვეყანა? ამას სახელმწიფოებრიობასა და სამართლიანობასთან კავშირი არა აქვს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიგი უგულავა ანგელოზია, ვერც მისი დამნაშავეობის რევიზორად გამოვდგები, მაგრამ ერთსა და იმავე საქმეზე პირი მეორედ გაასამართლო, თან საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, წარმოუდგენელი რამ არის! თუ მოსამართლე რამენაირად აფილირებულია საქმესთან დაკავშირებულ პროკურორთან, ამ შემთხვევაში დარღვეულად ითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ კი რა სურათი გვაქვს? უგულავს საქმე მიჰყავდა პროკურატურას, რომლის გენპროკურორიც იყო თადუმაძე და მას ამ საქმესთან ვერტიკალური შეხება ჰქონდა. დღეს ამავე თადუმაძემ, რომელმაც უვადო მოსამართლედ გადაინაცვლა, გამოუტანა განაჩენი უგულავას, რომელსაც სულ რომ კაცი ჰყავდეს მოკლული, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება მაინც დარღვეულია.

ეს დღეები თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა - რაში დასჭირდა ივანიშვილს, რომ მაინცდამაინც თადუმაძეს განეხილა ეს საქმე? ხომ შეიძლებოდა სხვა მოსამართლეს გამოეტანა იგივე ვერდიქტი? და ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ის არის, რომ სხვა მოსამართლეებს, მიუხედავად იმისა, ისინიც მზად არიან პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად, მაინც არ ენდობა ივანიშვილი. ფიქრობს, ხვალ-ზეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, შეიძლება ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცენ და თქვან, მის დავალებებს ვასრულებდითო.

თადუმაძის იმედი კი აქვს, ჰგონია, არ უღალატებს, არადა, სულ ტყუილად - თადუმაძე ისევე ალაპარაკდება, როგორც მურუსიძე ალაპარაკდა...

უგულავას რომ დავუბრუნდეთ, ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკა შემიძლია შემოგთავაზოთ - გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას დღეს სჭირდება ოპოზიციასთან ფსევდომოლაპარაკების მაგიდის აყირავება, თან ისე, რომ ეს დააბრალოს ოპოზიციას, მას სჭირდებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რა დროსაც მოლაპარაკების ჩაშლის ინიციატორი ოპოზიცია გამოვიდოდა. ამ ვერსიას ვუშვებ, როგორც ერთ-ერთ მეტ-ნაკლებად ლოგიკურ სცენარს. შეიძლება ვიღაცა ამას მართლაც გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ ესეც არ გამოუვიდათ, ისევე, როგორც ის ყოვლად უნიჭო სპექტაკლი, რომელიც ასევე ვიღაცამ დაუგეგმა ივანიშვილს და რასაც ვითომ მაჟორიტარების ამბოხი დაარქვეს.

- უგულავას დაკავებას მომენტალურად მოჰყვა დასავლეთის ნეგატიური გამოხმაურება. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება უგულავას ამბით დასრულდება, თუ ამ პროცესს გააგრძელებს ხელისუფლება? მოგეხსენებათ, არაერთ ლიდერზეა აღძრული საქმე... - ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა ასეთია - პოლიტიკურ პროცესში უნდა აღძრა საქმე, ოპონენტი "ფეხებით დაკიდო" და ამით პროცესი მართო. მისი წარმოდგენით ასეა - თუ ადამიანს "დაკიდებს", ადვილად მართავს. არადა, ეს სისტემა არ მუშაობს, თუმცა ჯიუტად იმავეს იმეორებს.

ძნელი სათქმელია, დაიჭერს თუ არა სხვა ლიდერებს. არის ასეთი მაფიოზური გაგება - თუ ვიღაცას რაღაცას მოსთხოვ და დაემუქრები, მაგრამ ის მაინც არ შეასრულებს შენს მოთხოვნას, მუქარა უნდა შეასრულო, თორემ ეს სისუსტედ ჩაგეთვლება და პრობლემები შეგექმნება. მოკლედ, ეს მაფიოზური კოდექსია. მეორე მხრივ, პოლიტიკურ-ცივილიზებულ პრიზმაში რომ გავხედოთ პროცესს, სადამდე მიიყვანს ეს ყველაფერი ხელისუფლებასა და ქვეყანას?! მალე შეიძლება მივიღოთ ისეთი ვითარება, როდესაც ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში იქნება. ბარემ მივცეთ პატიმრებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და თუ გაიმარჯვებენ, იქიდან მართონ ქვეყანა.

- ბიძინა ივანიშვილს აწუხებს დასავლელი პარტნიორების ნეგატიური რეაქციები. ამის ნიშანია გავრცელებული ინფორმაცია ძლიერი ლობისტური კომპანიების დაქირავების თაობაზე. - საინტერესოა, ლობისტებს რა უნდა ათქმევინოს? რომ არავის არაფერს შეჰპირებია და არ "გადაუგდია"?! თუ ის უნდა დაამტკიცოს, რომ საარჩევნო ციკლში თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერზე საქმის აღძვრა პოლიტიკური დევნა არ არის? ვინ დაუჯერებს? ასე ღიად მოქმედებას დიქტატორებიც კი ერიდებიან.

რა თქმა უნდა, მას აწუხებს ეს გამოხმაურებები. ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება და კარგად იცის, რომ დასავლეთის გარეშე ამ ყველაფერს კითხვის ნიშანი დაესმება. თუ ასე გაგრძელდა, ეს მისთვის პრობლემად იქცევა - არა ძალაუფლების, არამედ ყველაფრის დაკარგვის თვალსაზრისით.

კონტრაქტები ლობისტურ კომპანიებთან, ჩემი აზრით, წყალში გადაყრილი ფულია. ფაქტობრივად, ლობისტი სარეკლამო აგენტია, რომელიც შენს პროდუქტს უწევს რეკლამას, მაგრამ შენი პროდუქტი გემრიელი ხომ უნდა იყოს? თუ პროდუქტი უვარგისია, მას რეკლამა ვერ უშველის. თუ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰგონია, ბოკერიას კარნახით იწერება მსგავსი წერილები, ეს წარმოუდგენელი არაკვალიფიციურობაა.

- პრობლემებია ოპოზიციაშიც, რითაც კარგად სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი... - ხელისუფლებაზე კი ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალურად ხომ პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს - მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური და ა.შ. სუფთა ფურცლიდან პოლიტიკური ელიტის ფორმირება ვერ მოხერხდა. ასეთია მოცემულობა. აქციები საჭიროა და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ვერ იქნება პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ელემენტი. არც იმას ვემხრობი, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ეს მას ელექტორატს დააკლებს - როცა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობ, ელექტორატი გაკლდება. ეს, რაც შეეხება არჩევნების პროპორციულ ნაწილს, მაჟორიტარებმა კი სრული კოორდინაცია უნდა მოახდინონ ერთმანეთში და რამენაირად შეძლონ ოლქების ისე გადანაწილება, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

იცით, კიდევ რა აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს? ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია, კომპრომეტირებული, თან მის მხარეს არის მთელი რესურსები - ფულიც, პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც და ვერ წარმოუდგენია, ამ ოპოზიციასთან როგორ უნდა წააგოს. ამ ყველაფერს ის ბიზნესბუღალტერიის პრიზმაში უყურებს. ამიტომ არის მხნედ, თუ ამას მხნეობა ჰქვია. რეალურად "ოცნების" შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია და მხოლოდ რესურსებით არ იზომება.

ხალხი საბოლოოდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს იმისთვის, რომ ცუდად ცხოვრობს, უმუშევარია და ა.შ. დადგება დრო, ის არჩევანს გააკეთებს არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ.

- გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება პოლიტიკაში შემობრუნდნენ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი... - ჩემი აზრით, მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ პროცესს წაადგება. ვფიქრობ, მათ არათუ ამის უფლება, ვალდებულებაც აქვთ, რომ ამ დრამატულ პოლიტიკურ პროცესში თავისი სიტყვა თქვან. მიუხედავად იმისა, აღარ არიან თანამდებობებზე, მათაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, საქმე აქამდე რომ მივიდა. რა ფორმით გააქტიურდებიან - პარტიული, ზეპარტიული თუ სამოქალაქო პლატფორმით, ეს მათი გადასაწყვეტია. ისინი არიან პირები, ვისთანაც პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ მათ მაინც მეტ-ნაკლებად ღირსეულად და სუფთად გაიარეს კარიერის პიკი. შესაბამისად, აქვთ პოლიტიკური კაპიტალი და წონა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ეს კაპიტალი ძალიან წაადგებოდა თუნდაც ზეპარტიულ პლატფორმას - ვგულისხმობ დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რადგან დღეს მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს, ან პროცესები ძალაუფლების საბოლოო უზურპაციისკენ წავიდეს.

- თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს. რას ფიქრობთ, მართლაც დაადგება ძალაუფლების უზურპაციის გზას? - თავის დროზე გარკვეულ მედიაწრეებში "ბიძინოლოგს" მეძახდნენ, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მართლაც ახლოს ვიყავი და საქართველოში მისი ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ, მასთან ერთად ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული, ფაქტობრივად, ვერ ვცნობ. მე რომ იმ ადამიანზე ვლაპარაკობდე, რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ვიცნობდი, გეტყოდით, ამაზე წამსვლელი არ არის-მეთქი. ხშირად ვერც ვხსნი მის საქციელს. მეჩვენება, რომ ძალიან გაბოროტებული, აფექტის მდგომარეობაშია და შესაბამისად, მიჭირს კატეგორიულად თქმა, რაზეა წამსვლელი. უფრო მეტიც, მეჩვენება, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, სხვა გამოსავალს ვეღარც ხედავს. რატომღაც ფიქრობს, რომ საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად ძალაუფლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე, მაგალითად, ვხედავ კარს მისი ღირსეული გასვლისთვის არჩევნებამდე. არჩევნებამდე-მეთქი იმიტომ ვამბობ, ის მძიმე მექანიზმები, რამაც შეიძლება მას საფრთხე შეუქმნას, შესაძლებელია ამუშავდეს მხოლოდ არჩევნების შემდგომ. მანამდე კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოს, ხელისუფლების შენარჩუნების შანსიც დაიტოვოს და, თუ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწია, ღირსეულად და უსაფრთხოდ წავიდეს. ის ჯიუტად ეპოტინება რაღაცას, არადა, პოლიტიკურ ბუნკერშია, გაწყვეტილი აქვს გარე სამყაროსთან კავშირი, ცხოვრობს შიშებით, ბრაზით და მისი ყველა გადაწყვეტილება და ქმედება მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანის ქმედებებს ჰგავს. უგულავაზე შურისძიება სხვაზე არაფერზე მეტყველებს. ასეთი უხარისხო, პროვინციული სცენარებით მოქმედი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის წარმოუდგენელია. მას რომ ასე ემოქმედა მაშინ, როდესაც ხელისუფლებისკენ მივდიოდით, ასეთი შეცდომები დაეშვა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით. იმჟამად ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალური და ყველანაირი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულ სხვანაირად აზროვნებდა. დღეს ყოველ ნაბიჯზე შეცდომას უშვებს. ერთადერთი, რაც შველის, ის არის, რომ ოპოზიცია სუსტია და მთელი რესურსები მის ხელშია. სხვა აქტივი აღარ დარჩა, ინტელექტსა და პოლიტიკურ კვალიფიკაციაზე ლაპარაკი აღარ არის. ამიტომაც შეიძლება წავიდეს კიდეც უზურპაციაზე. ერთი რამის თქმა შემიძლია კიდევ - თუ ამაზე წავა, ეს მხოლოდ დააჩქარებს მის ფიასკოს, თანაც ძალიან მძიმე ფორმით.