ზვიად ძიძიგური: "არჩევნებამდე ბევრი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდება, გარწმუნებთ, ბევრი რამ შეიცვლება" - კვირის პალიტრა

ზვიად ძიძიგური: "არჩევნებამდე ბევრი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდება, გარწმუნებთ, ბევრი რამ შეიცვლება"

"ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარება თუ უნდა, ასეთი დაძაბულობა არ არის საჭირო, გაცილებით იოლად შეიძლება ამის გაკეთება. ჩემი აზრით, ერთმა მძიმე შეცდომამ, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ, განაპირობა შეცდომების ჯაჭვური რეაქცია. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის"

"მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთს რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც "ქართული ოცნების" მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, შანსი იმისა, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაგრძელდება, ნაკლებია. "ბატონი უგულავას დაპატიმრება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის. მისი არგუმენტი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, მათგან მოლაპარაკების ჩაშლას შესაძლებელს ხდის", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს იმ პრობლემებზე, რამაც "ქართული ოცნება" ჩიხში შეიყვანა.

- სასამართლო რეფორმას, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესებისას სასამართლომ დიდი თავდასხმა გადაიტანა, ახლა კი უგულავას საქმეზე გამოტანილი განაჩენით საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. მთავარმა ბრალმდებელმა თადუმაძემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, შემდეგ მოსამართლის რანგში თავადვე გამოიტანა განაჩენი. ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ არის.

უგულავა ზუსტად იმ დღეს დააპატიმრეს, როდესაც მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, ეს კი ხელისუფლებას აზარალებს. უგულავას დაპატიმრებამ თუ ვინმე დააზარალა, სასამართლო და მმართველი გუნდია.

- ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა უგულავას დაპატიმრებას. რისთვის დასჭირდა მოლაპარაკების ჩაშლა? - მართლაც რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდის აყირავება?! ე.ი. ამჟამინდელი საარჩევნო სისტემა–77/73 ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის. "ოცნება" რომ დაზარალდა პროპორციული სისტემის ჩაგდებით, ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია, რამდენად აწყობს მას შერეული საარჩევნო სისტემა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2016 წლის არჩევნებში ორმოცდაათზე მეტ საარჩევნო ოლქში ჩატარდა მეორე ტური და თითქმის ყველგან "ოცნებამ" მოიგო. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ პირველიდან მეორე ტურამდე ამომრჩეველს ახალი ტიპის საარჩევნო ტექნოლოგია ან სხვა ინოვაცია შესთავაზა, უბრალოდ, ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები გაიყო - ნათელაშვილის ამომრჩეველმა სააკაშვილს არ მისცა ხმა, სააკაშვილის ამომრჩეველმა - ბურჯანაძეს და პირიქით. ასეთი მოცემულობა იყო 2016 წლისთვის, რომელიც დღეს რადიკალურად შეცვლილია. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებში, სადაც კი მეორე ტური ჩატარდება, ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები შესაძლოა შეიკრიბოს. შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები სახელისუფლებო კანდიდატებზე უპირატეს მდგომარეობაში იქნებიან.

ხელისუფლებისთვის 100/50 მოდელი უფრო ხელსაყრელია. სხვათა შორის, არც ოპოზიციისთვის არის ცუდი, თუნდაც იმიტომ, რომ მცირერიცხოვან პარტიებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ. აღარ გვექნება ორპოლუსიანი სისტემა. ამ თვალსაზრისით შესაძლოა 100/50 "ნაცმოძრაობას" არ აწყობდეს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რისთვის აწყობდა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლა. არადა, ფაქტია, უგულავას დაჭერით სწორედაც თავად ჩაშალა მოლაპარაკება.

- ფაქტების დამდგენი კომისია იქნება შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, უგულავას საქმეში პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხოს? - ასეთი ინიციატივა ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა არ იწვევს ნდობას არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ. თუ საქართველოში ასეთი კომისია ჩამოვა, ოპოზიცია სხვა საქმეების გადამოწმებასაც მოითხოვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. აი, ეს რამდენად კარგად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, ესაა საკითხავი.

- ხელისუფლებამ მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემდგომ დამოუკიდებელი დეპუტატები მიიწვია კონსულტაციებზე. ამ ფაქტს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ არ აპირებს მონაწილეობას ისეთ კონსულტაციებში, რომლებიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას გულისხმობს. - არა მგონია, ხელისუფლებამ ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება მოახერხოს. შესაბამისად, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ მოლაპარაკებაში პოლიტიკური ჯგუფი ჩაერთვება. არჩევნებამდე დიდი დროა, ამასობაში კიდევ ბევრი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდება. გარწმუნებთ, ბევრი რამ შეიცვლება.

- თქვენი გუნდი რა ფორმით აპირებს ამ პროცესებში ჩართვას?

- კონსერვატიულ პარტიაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. თვის ბოლოს ან მომავალი თვის დასაწყისში ჩვენი ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება მზად იქნება.

- თქვენც ოპოზიციის გვერდით ხომ არ გიხილავთ?

- რადგან უმრავლესობიდან გავედით, შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ოპოზიციურ მინდორზე გავალთ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ იმ 8 წელიწადზე, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავლიეთ და შესაბამისად, არც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ან რაიმე ფორმით ჩართვას ვგეგმავთ.

ბევრი მეთოდი არსებობს საიმისოდ, რომ პარტიამ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს და ამომრჩეველთან სიტყვა მიიტანოს.

- საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არც დამოუკიდებელი დეპუტატები აპირებენ. მათთან თანამშრომლობას ხომ არ გეგმავთ? - წინასწარი ლაპარაკი უმადური საქმეა და ბევრ ალბათობას შეიცავს, თანაც ჯერ არა მაქვს უფლება, კონსერვატიული პარტიის სახელით ვილაპარაკო. კონსულტაციები გულისხმობს, რომ პარტიაში ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, როგორი ფორმით ან ვისთან ერთად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

- ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ახლა ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა. ამასობაში დღითი დღე იზრდება იმ კონგრესმენთა რიცხვი, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. - ვიმედოვნებ, ხელისუფლება რეალურად შეაფასებს თავის მდგომარეობას და შეეცდება მშვიდ კალაპოტში გადაიყვანოს პროცესები. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ვერ გეტყვით, რა რეალობა გვექნება 2020 წლის არჩევნებისთვის. მე ის ვიცი, რომ ორპოლუსიანი, რადიკალური არჩევენები თუ ვინმეს აწყობს, ეს ოპოზიციაა. საარჩევნოდ ხელისუფლების კოზირი არის მშვიდი ვითარება, სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური დაპირებების გაცემა. თუ წინასაარჩევნოდ არეულობა იქნება, მაშინ დაპირებების გაცემას ეფექტი აღარ ექნება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციაში რადიკალური ძალები არიან, რომლებსაც საკუთარი ინტერესების მისაღწევად ქვეყნის ჩიხში შეყვანაც შეუძლიათ, ხელისუფლებამ მეტი გონიერება უნდა გამოიჩინოს და ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მიიყვანოს.

- გამორიცხავთ ვერსიას, რომ შესაძლოა ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნა აღარ უნდა და ვითარების რადიკალიზაციით ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადება? - ეს ჩემთვის შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ვარიაცია უფროა, ვიდრე პოლიტიკური სქემა. ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარება თუ უნდა, ასეთი დაძაბულობა არ არის საჭირო, გაცილებით იოლად შეიძლება ამის გაკეთება. ჩემი აზრით, ერთმა მძიმე შეცდომამ, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ, განაპირობა შეცდომების ჯაჭვური რეაქცია. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის. მთავარია, ხელისუფლებამ მოახერხოს ისეთი ინიციატივების შეთავაზება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივაღწიოთ.უნდა მოახერხოს მოვლენების ადეკვატურად შეფასება და საკუთარი შეცდომების გაანალიზება, მერე გამოჩნდება, რისი გაკეთება და შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

ხათუნა ბახტურიძე