გია გაჩეჩილაძე: "უგულავას რომ მოპარული მილიონების გამო პასუხისგებამ მოუწია, ამიტომ ამერიკელებმა სანქციები უნდა დაგვიწესონ?!" - კვირის პალიტრა

გია გაჩეჩილაძე: "უგულავას რომ მოპარული მილიონების გამო პასუხისგებამ მოუწია, ამიტომ ამერიკელებმა სანქციები უნდა დაგვიწესონ?!"

"ეგენი ყაზახები კი არა, რუსები არიან, აქვთ ფირმა "მერიდიანი" და დაახლოებული არიან პუტინთან. კონსორციუმმა 4 წლის განმავლობაში გააჭიანურა ეს სტრატეგიული პროექტი და ბოლოს რუსები შემოგვთავაზა ინვესტორებად. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს..."

"ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ჩაშლაში. ყველა მხარეს ვურჩევ, ამ პროცესში ხელახლა ჩაერთოს", - წერს ეუთო/ოდირის დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი სოციალურ ქსელში. პარალელურად ევროპარლამენტარები გიგი უგულავას დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ"საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა მისი დროულობისა და მოტივაციის შესახებ, რაც უფრო ამძაფრებს საქართველოში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს. ამასთანავე, ყოველდღიურად იზრდება იმ კონგრესმენების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. როგორია ამ საკითხებზე ხელისუფლების პოზიცია და როგორ აპირებენ ევროპელი კოლეგებისთვის თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე გვესაუბრება.

- დღეს არსებულ ვითარებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევაფასებ კრიტიკულად. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ისეთი არაფერი ხდება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ან განვითარებას.

- არჩილ თალაკვაძისა და დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის შემდგომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იმედისმომცემი განცხადებები გააკეთეს, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრებამ მათი კილო ისევ გაამკაცრა. ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას ეს პრობლემას არ შეუქმნის? - როდის იყო ამერიკელებისა და ევროპელების აღშფოთებას იწვევდა ის, რომ სასამართლომ ყოფილ მერს ბიუჯეტიდან 48 მილიონის მოპარვის გამო პატიმრობა შეუფარდა?

გიგი უგულავას რომ მოპარული მილიონების გამო პასუხისგებამ მოუწია, ამიტომ ამერიკელებმა სანქციები უნდა დაგვიწესონ?

- ხომ არ ფიქრობთ, რომ უგულავას დაპატიმრება კითხვებს არ გააჩენდა, "ქართულ ოცნებას" სამართლიანობა თავის დროზე რომ აღედგინა, და არა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდგომ, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში? - პროკურატურაში 52 ათასი განაცხადია შესული სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ყველა ამ საქმის განხილვას და გამოძიებას ხომ დრო სჭირდება? სულაც არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი საქმე ამოტივტივდეს, კიდევ ბევრ ვინმეს მოუწიოს პასუხისგებამ.

- სამართლიანობის აღდგენა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება რამდენად შესაძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც ერთ საქმეზე ბრალმდებელი და მოსამართლე ერთი და იგივე პირია? - კარგი იქნებოდა, მსგავსი რამ არ მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სისტემა ისეა მოწყობილი, ასეთი დამთხვევებიც ხდება.

- "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტარებს ფაქტების დამდგენი კომისიის შექმნა და უგულავას საქმის დეტალური შესწავლა შესთავაზა. თუ კომისიამ უგულავას საქმეში პოლიტიკური მდგენელი დაინახა, როგორ ფიქრობთ, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის? - გამორიცხულია, რომელიმე კომისიამ დაადგინოს, რომ ბიუჯეტის ქურდი უგულავა პოლიტიკური პატიმარია. ნეტავ მართლა ჩამოვიდეს ევროპარლამენტიდან ფაქტების დამდგენი კომისია, რათა ქართველმა ხალხმა დაინახოს, რა საშინელ სიყალბესთან გვაქვს საქმე. ოპოზიციის ნაწილი ყველანაირად ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ეს საშიში პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული ჯგუფი არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის კი არა, სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის იბრძვის. არა მგონია, ეს შემთხვევითი ამბავი იყოს. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, დაწყებულია საქართველოს ნატოში გაწევრებაზე საუბარი, რაც ძალიან აწუხებს ჩვენს ოკუპანტ მეზობელს. ახლა ეს ამბები ერთმანეთს დაუკავშირეთ და მიხვდებით, რა მიზნები ამოძრავებთ მათ, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს.

არა მგონია, "ნაციონალებისა" და მათი სატელიტი პარტიების ქმედებები რუსეთის სპეცსამსახურებიდან არ იყოს ნაკარნახები.

- რას გულისხმობთ, ოპოზიცია რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურება? - დიახ, ზუსტად ასე ვფიქრობ. "ნაციონალური მოძრაობა" რომ რუსეთის რბილი ძალაა, რად უნდა მტკიცება? ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ჩაუგდეს ხელში, ტერიტორიებიც ჩააბარეს, გატანილი სამხედრო ბაზები უკან შემოატანინეს და რეგიონში გააბატონეს.

- გინდათ თქვათ, რომ "ნაციონალები" ორმაგ თამაშს თამაშობენ და ამას ვერ ხვდებიან ამერიკელები? - ამერიკელები და ევროპელები მალე მიხვდებიან ყველაფერს. ძალიან კარგია, რომ ლობისტურ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები დაიდო. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უფრო ღრმად ჩაიხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში და არსებულ საფრთხეებსაც დაინახავენ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში სტრატეგიული პროექტების განხორციელება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რას იტყვით ანაკლიის პროექტის ჩაგდებაზე?

- დიდი მადლობა, ეს კითხვა რომ დამისვით. თქვენ თუ იცით, კონსორციუმმა ხელისუფლებას ბოლოს რა შესთავაზა?

- დიახ, ყაზახური ინვესტიცია. - ეგენი ყაზახები კი არა, რუსები არიან, აქვთ ფირმა "მერიდიანი" და დაახლოებული არიან პუტინთან. კონსორციუმმა 4 წლის განმავლობაში გააჭიანურა ეს სტრატეგიული პროექტი და ბოლოს რუსები შემოგვთავაზა ინვესტორებად. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ნახავთ, რომ იქ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები იქნებიან.

- როგორც აღნიშნეთ, პროკურატურაში ბევრი განაცხადია შესული სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და უახლოეს მომავალში ბევრი საქმე ამოტივტივდება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერა გაგრძელდება? - თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა უნდა დაისაჯოს, პარტიული კუთვნილების განურჩევლად. სხვაგვარად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. პოლიტიკოსობა და ოპოზიციონერობა ინდულგენცია ვერ იქნება.

- ამ მოცემულობით, როგორ მოახერხებთ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მითითების შესრულებას, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო და ხელი შეუწყოს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევას? - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციასთან კონსენსუსისთვის მიეღწია, ოპოზიციამ კი ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების ჩასაშლელად. რას ვგულისხმობ?

ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ და ყველაფერი ნათელი გახდება - რატომ დაასახელა ოპოზიციამ მოლაპარაკების თარიღად 10 თებერვალი? ხომ იცოდნენ, რომ ამ დღეს უგულავას საქმეზე სასამართლოს განაჩენი უნდა გამოეტანა?

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, უგულავას დაპატიმრებას არ ელოდნენ. - იტყუებიან. 10 თებერვალს მიზანმიმართულად შეიკრიბნენ. კარგად იცოდნენ, რომ უგულავა დამნაშავეა და მას პატიმრობას შეუფარდებდნენ. ეს ამბავი გამოიყენეს მოლაპარაკების ჩასაშლელად. რაც უნდა შესთავაზო, დიალოგი არ აწყობთ.

ოცდაათი წელია პოლიტიკაში ვარ, ბევრი რამ მინახავს და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით - "ნაციონალებისა" და მათი სატელიტი პარტიების მიზანია, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გამოყენებით ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ამ გზით რუსული დავალების შესრულება.

ხათუნა ბახტურიძე