ია მეტრეველი: "ხალხს "ნაცების" ბოროტება არ დავიწყებია" - კვირის პალიტრა

ია მეტრეველი: "ხალხს "ნაცების" ბოროტება არ დავიწყებია"

"სად იყვნენ ეს კონგრესმენები, როდესაც 9 წლის განმავლობაში სისხლი იღვრებოდა?"

"არ შეიძლება ესენი ასე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოჰყავდეთ... საზოგადოება არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში" - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.

- ამბობთ, საზოგადოება არ დაუშვებს "ნაციონალების" დაბრუნებასო, რატომ გგონიათ, რომ ისინი დაბრუნდებიან?

- შეკითხვა დამისვეს და პასუხი ასეთი კონტექსტით გამომივიდა, თორემ იმის შიში და მოლოდინი ნამდვილად არა მაქვს, რომ "ნაციონალები" დაბრუნდებიან, მათ ხალხი მხარს არ დაუჭერს. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ, ვნახეთ მათი მობილიზებული აქციები, 4 ათასი კაცი ძლივს გამოჰყავთ. მათი ბოროტება ხალხს არ დავიწყებია, "ნაცებს" ხალხი აღარასოდეს მისცემს ხმას.

10 თუ 13%-ს შეადგენენ მათი მომხრეები, რომლებიც ადრე კარგ პირობებში ჰყავდათ, ახლაც, ალბათ, ფულს ურიგებენ და ამიტომ ინარჩუნებენ მხარდამჭერებს.

- მაშ, რამ განაპირობა თქვენი აღშფოთება?

- იმან, რომ ჩვენი ტელევიზიები ძალიან დიდ დროს უთმობენ ამ კრიმინალებს. მახსენდება ის დრო, როდესაც ერთი "მაესტრო" გვქონდა და იმასაც ლამის ბომბებს უგდებდნენ, რისკის ფასად მუშაობდნენ ჟურნალისტები. აქუბარდიასთანაც იყო მსგავსი რამ და დღეს "კავკასია" ვის ემსახურება, გაოცებული ვარ.

- საზოგადოებაში არის ეჭვი, რომ ერთი და იმავე ბრალდებით უგულავას ციხეში შებრუნება პოლიტიკური მართლმსაჯულებაა...

- გვაყურებინეს ემოციური კადრები, როგორ ტირის მისი შვილი, მაშინ, როდესაც უგულავა იმ ციხეში არ მიდის, როგორიც მათ ჰქონდათ - სადაც ცემით და წამებით ხოცავდნენ პატიმრებს. ვინც გადარჩა, დაინვალიდდა. მარტო გიორგი გოგლიჩიძის მაგალითი რად ღირს, რომელიც სამი დღის განმავლობაში პატიმრის გვამზე ჰყავდათ დაკრული. რამდენი ცოცხალი აღარ გამოვიდა ციხიდან. ამ ციხისა და იმ ციხის შედარება არ შეიძლება, უგულავა სანატორიუმში წავიდა. სხვათა შორის, როცა სამი ახალგაზრდა სამგორის მეტროსადგურთან უდანაშაულოდ მოკლეს, ეს ბატონიც იქ ბრძანდებოდა და ამ სცენას წარბშეუხრელად უყურებდა. უგულავას გამოა, დღეს თბილისი უსახური შენობებით რომაა გადავსებული და ბავშვებს სასუნთქი რომ აღარ დაუტოვეს. უგულავასთვის სამი წელი ძალიან ცოტაა და არა მარტო მისთვის, ბოკერიათი დაწყებული, ყველანი ციხეში უნდა ბრძანდებოდნენ.

გამოდიან ეს თავხედები და ივანიშვილს დიქტატორს ეძახიან. ამ მთავრობას შეცდომად ვუთვლი - ყველა დამნაშავე სათანადოდ რომ დაესაჯა, ესენი ამ დღეში არ იქნებოდნენ და ქვეყანაც ბევრად წინ წავიდოდა. პოლიტპატიმრები კი არა, ესენი კრიმინალები არიან, თითოეულ მათგანს აქვს სერიოზული დანაშაული ჩადენილი. მაგ ფაშისტებისგან განსხვავებით, ბევრად ადამიანი ვარ და არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ ვინ დაგვიბრუნებს ანგელოზ შვილებს?! ციხეც არ უნდათ?! როცა რიგითი მოქალაქე ჩაიდენს დანაშაულს და 1000 ლარის გულისთვის 9-10 წელს უსჯიან, ბოკერიებმა და მისთანებმა, მილიონები რომ აქვთ გაფლანგული, რატომ არ უნდა აგონ პასუხი?! იმის მაგივრად, "ნაცებს" ცოდვები მოენანიებინათ და ჩუმად ყოფილიყვნენ, აქეთ გადმოდიან შეტევაზე და ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევენ.

- თქვენი აქტიურობა ბევრმა შეიძლება ისე გაიგოს, თითქოს ხელისუფლების დავალებას ასრულებთ... - ია მეტრეველი არასდროს გაჩუმებულა უსამართლობაზე. შემიძლია დავიფიცო ჩემი ერთადერთი შვილი, რომ არანაირი შეხება არავისთან არა მაქვს.

ბოლომდე ამოჟლიტეს ჩემი თანამებრძოლები, იურა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დააკლეს, ირინა ენუქიძე მოკლეს და ვინც დავრჩით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ! მე არავისთან არა მაქვს შეხება, არც მთავრობასთან და არც ბატონ ბიძინასთან, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.

- ამერიკელ კონგრესმენებზე, რომლებიც კრიტიკულ წერილებს უგზავნიან ხელისუფლებას, ამბობთ, რომ "ნაციონალებმა" მოისყიდეს? ანუ კინზინგერი, კონოლი, ენჯელი და მაკკოლი ამ პოლიტიკურ ძალას ლობირებენ? - სად იყვნენ ეს კონგრესმენები, როდესაც 9 წლის განმავლობაში სისხლი იღვრებოდა? მთელ მსოფლიოს ვაგებინებდით, მაგრამ არავის მხარდაჭერა არ მახსენდება. ეს ის ხალხია, ვისაც მიშა სააკაშვილი დიდ ფულს უხდის. სააკაშვილი ამბობს, ცარიელ-ტარიელი წავედიო, როგორ არა, ამერიკაში ვილებს მე ვუშენებ?! ამ კონგრესმენებით არ იწყება და მთავრდება მსოფლიო. დარწმუნებული ვარ, დიდი ფული აქვთ აღებული და ამიტომ ლაპარაკობენ ასე.