"მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი" - კვირის პალიტრა

"მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი"

"არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდოდეს, მაგრამ გარანტიებით"

"ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში 14-15 მაისს ჩატარდება, საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლებელია პროვოკაციები", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კობრინეცმა. როგორც ცნობილია, რუსულ დელეგაციასთან ერთად შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ექსპერტების აზრით, მაისი, შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რუსული დელეგაციის ვიზიტის შესაძლო შედეგებზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა სულაც არ არის პრობლემა, ვინაიდან წელს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ევროსაბჭოს მინისტერიალი უნდა ჩატარდეს. მე სხვა რამ მაფიქრებს - საეჭვოდ მეჩვენება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციას ელოდება. მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი. რას გულისხმობენ პროვოკაციაში? პუტინმა შესაძლოა, საგანგებოდ გამოუშვას მაისში თბილისში ლავროვი და რუსებმა თვითონ შეუწყონ ხელი პროვოკაციებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ "ქართული საკითხი"... თუ ჰგონიათ, ვინმე გაშლილი ხელებით დახვდება, ძალიან ცდებიან. სხვადასხვა პერფორმანსის სახით პროტესტს მთელი მინისტერიალის განმავლობაში პერმანენტული სახე უნდა ჰქონდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს ძალადობასა და შეურაცხყოფაში.

- თუ დღეს არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, მაისში თავად ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოსალოდნელია პროცესების უკიდურესი გამწვავება. ასეთ მოცემულობაში რამდენად შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი აქციების გამართვა და რამდენად შეძლებს ქართული მხარე რუსული პროვოკაციისგან თავის არიდებას? - თუ "ოცნება" პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს, ვითარება მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და მაისისთვის შესაძლოა ისეთი ვითარება იყოს, რუსული დელეგაცია და მათი პროვოკაციები კი არა, ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარებაც საეჭვო გახდეს.

- როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება? - ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა უკვე ციხეში არიან, ნიკა მელიას საქმეს მარტში განიხილავენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თითქმის ყოველდღე სასამართლოში არიან, დაპატიმრების საფრთხე ემუქრება მედიის მფლობელებსაც. თუ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, საგარეო მიმართულებითაც შეგვექმნება პრობლემები. საბოლოოდ შესაძლებელია ქვეყნის ორიენტაციის საკითხიც დადგეს.

დღეს ხელისუფლება დასავლური ღირებულებების პატივისცემაზე მხოლოდ ლაპარაკობს, რეალურად კი არაფერს აკეთებს. სიმართლე ითქვას, მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებები დასავლურ ღირებულებებზე მხოლოდ მაღალი ტრიბუნებიდან აკეთებდნენ განცხადებებს, სინამდვილეში კი არც ერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის.

- "ოცნების" წევრები ამბობენ, სასამართლოზე გავლენა რომ გვქონდეს, უგულავას დაპატიმრებას არ დავუშვებდითო, რადგან ამით სწორედ ხელისუფლებას შეექმნა პრობლემები. - მერედა, ვის სჯერა ამ სულელური თავის მართლების? ის, რომ კაცი ერთი დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლეს, თანაც ბრალმდებელი და მოსამართლე ერთი პირი იყო, ეს ცალკე განსჯის საკითხია. უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მე სამი ვერსია მაქვს, მათ შორის ერთ-ერთია ხელისუფლების სურვილი, მოხდეს მოვლენების რადიკალიზაცია, რომ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდეს მესამე ძალა და თამაში ორ ფრთას შორის გაგრძელდეს. მეორე - "ოცნებას" უნდა მერყევ ელემენტებში (როგორც საკუთარ, ისე ოპონენტების მხარდამჭერებში) შიში დათესოს და ამით ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდოდეს, მაგრამ გარანტიებით.

გარანტიებს კი მაშინ მისცემენ, თუ დაინახავენ, რომ მის პოლიტიკაში დარჩენას უბედურება მოჰყვება. ასე არია სიტუაცია შევარდნაძემაც და საბოლოოდ რუსეთისგანაც გარანტია მიიღო და ამერიკისგანაც. სააკაშვილმაც ორივე მხრიდან მიიღო გარანტიები, მაგრამ მხოლოდ ამერიკა გამოჩნდა. მაშინ ისეთი ვითარება იყო, რუსეთი ვერ გამოჩნდებოდა. ახლა არ ვიცი, რა ვითარებაა, ვისგან ელოდება ივანიშვილი გარანტიებს - რუსეთისგან, ამერიკისგან თუ ორივესგან.

მაქვს მესამე ვერსიაც - ივანიშვილის საბოლოო მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ჩვენს ქვეყანაში კი სამოქალაქო დაპირისპირება ვის აწყობს, ყველამ იცის.

- ხელისუფლება არგუმენტების გასამყარებლად, რომ უგულავას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ევროპარლამენტარებს კომისიის შექმნასა და უგულავას საქმის დეტალურ შესწავლას სთავაზობს.

- სწორი ნაბიჯია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ კომისიის შექმნა ახალმა დაპატიმრებამ ჩაშალოს.

- უგულავას სოლიდარობას უცხადებს "ლელო" და იზიარებს ოპოზიციის ზოგიერთ მოსაზრებას, თუმცა მათგან დისტანცირებასაც ცდილობს სწორედ ორპოლუსიანობის შიშით. - რთულ პოზიციაშია როგორც "ლელო", ისე ყველა ის პარტია, რომელთა დევიზია არც "ოცნება", არც "ნაციონალები".

თუ ეს მესამე სექტორი ელექტორატით გაძლიერდება, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება გამორიცხულია. თუ მხოლოდ ორი ჯგუფი დარჩება "ქართული ოცნებისა" და გაერთიანებული ოპოზიციის სახით, მაშინ მათი მართვა გარედანაც და შიგნიდანაც ძალიან ადვილი იქნება.

ასე რომ, ერთია სოლიდარობის გამოცხადება უგულავასთვის და მეორე - სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მესამე სექტორის ჩამოყალიბება არც "ოცნებას" აძლევს ხელს და არც "ნაციონალებს". "ლელომ" თავის გზაზე უნდა იფიქროს.

- რამდენად რეალურია გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? - კვირიკაშვილსა და მარგველაშვილთან ერთად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც რომ დაბრუნებულიყო და ერთი პარტია შეექმნათ, პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, ალასანია მტკიცე უარზეა. რაც შეეხება მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს, მათ არც ცალ-ცალკე და არც ერთად საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვთ, რომ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნან. თუმცა, თუ ორივე "ლელოში" გაწევრდება, საინტერესო სურათს მივიღებთ - ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება დღევანდელი ხელისუფლების სამი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი - პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს კონფიგურაცია "ლელოს" მესამე ცენტრისტულ ძალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.

ხათუნა ბახტურიძე